თალაკვაძე – მოქალაქეებთან ერთად ვეცდებით, 2024 წლისთვის საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე რეალური განაცხადი გააკეთოს

region
ავტ.: region დეკემბერი 16, 2020 18:17

თალაკვაძე – მოქალაქეებთან ერთად ვეცდებით, 2024 წლისთვის საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე რეალური განაცხადი გააკეთოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეორე პარლამენტია, როცა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის დროს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს რეზოლუციით მკაფიოდ გამოხატავს.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მოქალაქეებთან ერთად ეცდებიან, რომ 2024 წლისთვის საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. მისივე თქმით, სწორედ ამ გეგმას გამოხატავს რეზოლუცია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს.

„მეორე პარლამენტია, როცა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის დროს რეზოლუციით მკაფიოდ გამოხატავს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. გამოხატავს იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. ეს არის საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ ოჯახში. ეს რეზოლუცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ამოცანა იქნება 2024 წლისთვის სააქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის მთელი რიგი სამუშაო გვაქვს დაგეგმილი და რეფორმები გასატარებელი. მოქალაქეებთან ერთად შევეცდებით, რომ 2024 წლისთვის საქართველომ უკვე რეალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამ გეგმას გამოხატავს რეზოლუცია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს.

ამ რეზოლუციის მიღება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა წინა წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც წარსულში სწორედ რომ ანტისახელმწიფოებრივი საქმით იყო დაკავებული, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებდნენ და „ქართულ ოცნებას“ ბრალდებას უყენებდა ანტიდასავლურ მისწრაფებებში თუ ანტიდასავლურ ღირებულებებში. დღეს, როცა პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ჩვენი საზოგადოება თავად გახდა მოწმე, რომ სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია არის ანტიდასავლური და ზუსტად ის ძალა, რომელიც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ჩვენი პარტნიორების საქმიანობას კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ აყენებს. ამის ნათელი მაგალითია ის თავდასხმები, რაც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩზე ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ.

დამატებით მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი დაადასტურა გრიგოლ ვაშაძის გადადგომამ და მის მიერ დასახელებულმა მიზეზებმა, სადაც მან ოპოზიციის მხრიდან დაასახელა თავდასხმები პარტნიორებზე, ანტიდასავლურ კამპანიასა და მის პარტიას არ აქვს სტრატეგია და ოდიოზური ფიგურები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდნენ. პირველი მიზეზი განსაკუთრებით საგანგაშოა და ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც წლები ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია რეალურად ანტიდასავლურ საქმეს აკეთებს და დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ არის. ისინი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას განცხადებებით მხარს მხოლოდ ფასადურად უჭერდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

region
ავტ.: region დეკემბერი 16, 2020 18:17