თალაკვაძე – მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკავშირმა კრისტიან დანიელსონის მეშვეობით წარმოადგინა შეთანხმების დოკუმენტი და „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ დააფიქსირა, რომ პრინციპულად მზად იყო ხელმოსაწერად.

თალაკვაძის თქმით, დღესაც გუნდის სახელით აფიქსირებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არსებობს მზაობა დოკუმენტზე ხელმოწერისთვის.

„აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების ჩაშლა და მისი ბლოკირება ამ მომენტში არის ოპოზიციის მხარეს და ოპოზიციის პასუხისმგბელობაა ჯერჯერობით. თუ ისინი გადახედავენ პასუხებს, რომლებიც ბოლო დიალოგზე იყო, რა თქმა უნდა, კარი ღია რჩება შეთანხმებისთვის და ეს შეთანხმება არის მიღწევადი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, ის პატიმრობაში იყოს.

„თვითონ ნიკა მელიას განცხადებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, და მისი თანაგუნდელების გაცხადებული მიზანი გახლავთ, რომ ის იყოს პატიმრობაში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გაკოტრებული, დესტრუქციული გეგმით რაიმე შედეგის მიღწევას. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას პროკურატურის განცხადებას, პროკურატურამ თქვა, როგორც კი ნიკა მელიას მხარე დააფიქსირებს მზადყოფნას, რომ შეიტანოს თანხა ანგარიშზე, თანხა, რომელიც გირაოთი იყო განსაზღვრული, მზად არის, მიმართოს სასამართლოს და ის გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან. შესაბამისად, თუ ეს ავიწროვებს ვინმეს შესაძლებლობებს, დღეს ეს ავიწროვებს ოპოზიციის შესაძლებლობებს, რადგან მათ შეუძლიათ ასეთი ნება გამოხატონ და პატიმრობიდან გათავისუფლდეს ნიკა მელია.

რაც შეეხება შედარებას დღევანდელსა და მაშინდელს შორის, ხმამაღლა რომ ამბობდნენ გუშინ, ფანჯარა დაიხურა ნიკა მელიას გამოო, შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია მაშინაც იყო პატიმრობაში, როდესაც დანიელსონის მედიაციით ჩვენ ორი რაუნდი გავმართეთ. ეს სტატუსკვო ჯერჯერობით არ შეცვლილა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ნიკა მელია ჯერჯერობით პატიმრობიდან გამოვიდეს. ეს არის ცალსახა და ამ განცხადებებს თვითონ აკეთებენ. ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის განცხადებით, მესამე რაუნდი ჯერ ბუნებაში არ არსებობს.

„შესაბამისად, თუ ისინი ამბობენ, რომ მოვლენ მესამე რაუნდზე, რაც არ არსებობს, იმაზე როგორ მოვლენ, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის ჯერ კიდევ კარი არის ღია. ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა დოკუმენტის ხელმოსაწერად, ეს პრინციპული მზადყოფნაა და თუ ოპოზიცია თავის ბოლო გადაწყვეტილებას გადახედავს, ვფიქრობ, ეს მიღწევადია, ეს სჭირდება საზოგადოებას. შეგახსენებთ, ერთ მნიშვნელოვან შეფასებას, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს – ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, არის რუსული ინტერესების მსახურება და უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამსახურზე, დღესაც ეს შეფასება რჩება მოცემულობად. თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური გამოწვევები პანდემიის გამო, მოსაგვარებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები, საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემები და იმის ნაცვლად, რომ მთელი პოლიტიკური სისტემა, მმართველი ინსტიტუტები იყოს ამაზე ორიენტირებული, ვხედავთ, რომ ოპოზიციის დამსახურებით დღეს ყურადღების ნაწილი არის გადართული ისევ პოლიტიკურ დისკუსიაზე და პოლიტიკურ საუბრებზე, იმ კამათზე, რომელიც არსებობს ელემენტარულ საკითხზე. „ქართული ოცნება“ და ორი ოპოზიციური პარტია, დღეს არის პარლამენტში და პარლამენტში არ შემოდის ოპოზიციის დიდი ნაწილი, ისინი უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, უარს ამბობენ მონაწილეობაზე, რაც არის დემოკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირიონის ხეობის მცველების პროტესტს ქუთაისიდან უერთდებიან
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა