თალაკვაძე: მელიას გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფას

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას აცხადებს, რომ მისი გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფას.

“ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის ამომწურავი განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე ძალიან მკაფიოდ ამბობს, თუ რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. პირველი ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძება და, რა თქმა უნდა, პატიმრობაში მყოფი პირის გადასაწყვეტია, დაეთანხმება ამ გირაოს თუ არ დაეთანხმება. შემდეგი ნაბიჯი, როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში, შეთანხმება ამბობს, რომ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებას და მიღებას რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ესაჭიროება”. – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებული მართლმსაჯულებაა, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

banner
წინა სტატიაშირიში: ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს
შემდეგი სტატიანიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის