თალაკვაძე: მათ მანდატები არც მიუღიათ

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, სადაც ნაწილმა გადალახა ბარიერი, მიიღო საზოგადოების მხარდაჭერა და ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, თუ პატივს ვცემთ დემოკრატიას და კანონის უზენაესობა მათთვის არის ამოსავალი.

ამის მიუხედავად ამ ოპოზიციაში არის 2 პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელსაც თუ ისტორიას გადავხედავთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვება პრაქტიკულად არასოდეს ჰქონია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელიც რევოლუციის გზით, ხავერდოვანი რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და შემდეგ 2007 წელს უკვე რეალურად წააგო დემოკრატიული არჩევნები, გააყალბა, დარჩა ხელისუფლებაში და მას შემდეგ 2012 წლამდე სანამ საზოგადოებამ ეს ხალხი არ გააძევა და „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ძალისხმევით არ გაიყვანა საზოგადოებამ, მათ მუდმივად ჰქონდათ ხლეისუფლებაში გაყალბებით და ძალადობით დარჩენის გამოცდილება. შესაბამისად, მათ აქვთ დღეს იგივე ინსტიქტები და იგივე გენეტიკური კოდი, როცა თვლიან, რომ ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით და ძალადობით უნდა დაბრუნდნენ და ეს ნათელია ყველა მათი ლიდერის განცხადებიდან, დაწყებული, როცა ისინი „ადუღებდნენ“ სხვადასხვა რეგიონს. ეს ხალხი მიდრეკილია დესტაბილიზაციისკენ.

მეორე ჯგუფი არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც წინა პარლამენტში ჰქონდა საკმაოდ დიდი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამ არჩევნებში მათ განიცადეს სრული ფიასკო, სავარაუდოდ იმ სტრატეგიით, რაც ლიდერებმა აირჩიეს, შესაბამისად, დღეს რომ ხმამაღლა გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან ის ადამიანები და ხალხს ეუბნებიან – არ შევალთ პარლამენტში, რეალურად რომც მოინდომონ, ეგ ადამიანები მაინც ვერ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს არის ხალხი, რომლებიც სიაში ნუმერაციით ცნობილია, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, ვართ იმ მოდელირებულ რეალობაში, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს ახევინებენ მანდატებს და ადამიანებმა ვინც არჩევნებში ზღვარი ვერ გადალახეს ეუბნებიან საზოგადოებას, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, მათ მანდატები არც მიუღიათ,“- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთპარტიულმა პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს