თალაკვაძე კუბილიუსზე: თქვა, რომ დავითგარეჯის თემა სასაცილოა, გაოცებული ვარ ამ კომენტარით

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავებაზე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დავითგარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო.”

“მინდა გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. როგორც მე ვნახე, თქვა, რომ დავითგარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის სასაცილოაო. ჩვენთვის დავითგარეჯა ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დავითგარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო.

ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, მე ვფიქრობ, ეს არის კატეგორიულად მიღებელი. ჩვენ ყოველთვის, როდესაც მომავალში გვექნება შეხვედრები, ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს კომენტარებს.” – ამბობს თალაკვაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ემიჯნება თუ არა ის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას და ფიქრობს თუ არა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:

“თქვენ არ ემიჯნებით? ადამიანმა თქვა, დავითგარეჯის საკითხი სასაცილოაო. […] ბოდიშის მოხდას მე კი არა, თქვენ უნდა ითხოვდეთ. აგერ დგახართ, სვეტიცხოვლის ეზოში და პოზიცია არა გაქვთ, ეს არის ძალიან ცუდი.”

“სასაცილოა” – აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ასე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება შეაფასა.

“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს ორი საჯარო მოხელე “აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის”. შენიშვნა – მოვლენები, რაზეც არის საუბარი, 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ბრალს სდებს, რათა ყურადღება გადაიტანოს რეალური პრობლემებიდან – პანდემიაზე სუსტი რეაგირება და შეჩერებული ეკონომიკა.” – ვკითხულობთ კუბილიუსის განცხადებაში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება “რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას”. ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს
შემდეგი სტატიამეუფე მელქისედეკი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის