თალაკვაძე ივანიშვილის წერილზე: არის სიღრმისეული ანალიზი 9 აპრილთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ქვეყნის სიყვარულით და მოცემულია სიღრმისეული ანალიზი 9 აპრილზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში 9 აპრილი ფუნდამენტი და წინაპირობაა დამოუკიდებლობის, თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებასა და ერს.

„როგორც ყოველთვის, საინტერესო წერილია. ვფიქრობ, რომ წერილში ეს გზავნილი მკაფიოდ არის მოცემული. რაც შეეხება დაყოფასა და დაპირისპირებას, არაერთხელ ვთქვით, რომ მომავალი მშვიდი, საქმიანი, რაციონალური პოლიტიკის არის და საზოგადოებას სწორედ ასეთ პოლიტიკას შევთავაზებთ. იმ ადამიანების თუ პოლიტიკოსების როლი, რომლებიც შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე, დაპირისპირებასა და დაყოფაზე არიან ორიენტებული, მომავალში სულ უფრო მცირდება. აშკარაა, რომ ქვეყნის ინტერესების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. თუ წერილთან დაკავშირებულ რეაქციებს დააკვირდებით, ეს იქნება ლუსტრაცია, თუ ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულისა და ერთიანობის ნაწილში, ასევე, ვის ეხება დაყოფისა და დაპირისპირების ნაწილში. დღის ბოლომდე წერილზე გაკეთებული კომენტარები სრულად გამოაჩენს ამ ადამიანების ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ეს წერილი ფარისევლობაა, გამოხატავს არათანმიმდევრულ პოზიციებს.

„ოპოზიცია ბოლო არჩევნებისას ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ხმებს პოლიტიკური დაპირისპირებით მოიპოვებსო. როგორც ჩანს, აზრი შეიცვალეს და ამბობენ, რომ ივანიშვილის წერილი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებასა და კონსოლიდაციას ეხება, ესეც ხმების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობაა. კოლეგები ჩამოყალიბდნენ, რომელ შეფასებას ემხრობიან. ეს ორი პოზიცია ურთიერთგამომრიცხავი და სასაცილოა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა