თალაკვაძე – იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ არაერთი პარტია უახლოეს მომავალში პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება

მინდა ოპოზიციას მივმართო, დიალოგი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, არამედ შევთანხმდეთ, იმ ინტერესებისა და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ დიალოგს თავიდანვე მხარს უჭერდა და ყველა რაუნდში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო.

„მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში მადლობას ვუხდი. მომხრე ვართ, რომ დიალოგი გაგრძელდეს. იმედი მაქვს, დიალოგი პოზიტიური შედეგით დასრულდება. თუმცა, დიალოგის ფარგლებში რაიმე სახის შეთანხმებები ქვეყნის კონსტიტუციის, სტრატეგიული ინტერესების, თუ კანონის უზენაესობის ხარჯზე ვერ მოხდება. მზად ვართ, კონსტიტუცის ფარგლებში იმ შეთანხმებებისთვის, რომელიც სჭირდება საქართველოს დემოკრატიას და მრავალპარტიული პარლამენტის ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ მინდა ოპოზიციას მივმართო, დიალოგი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, არამედ შევთანხმდეთ, იმ ინტერესებისა და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას. იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც მაქვს, რომ არაერთი პარტია უახლოეს მომავალში პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება
შემდეგი სტატიათალაკვაძე – მოქალაქეებთან ერთად ვეცდებით, 2024 წლისთვის საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე რეალური განაცხადი გააკეთოს