თალაკვაძე – გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე

გირაო არ არის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე, ამისთვის საჭიროა ამნისტია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გირაოს გადახდით ნიკა მელია მხოლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კვლავ სასამართლო მიიღებს.

„შეთანხმება გაფორმებულია და ჩვენ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გვაქვს ამ შეთანხმებასთან. შესაბამისად, „ქართულ ოცნება“ გადადგამს ყველა თანმიმდევრულ ნაბიჯს, რომ პირობები, რომელიც შეთანხმებაში არის ჩაწერილი, შესრულდეს ჩვენი მხრიდან. ხელმოწერის მომენტში ჩვენ უკვე ვნახეთ, ვინ იყვნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ამ შეთანხმების ჩაშლას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ასევე ოპოზიციონერებს თავად გამოჰქონდათ შეხვედრებიდან ინფორმაციები, რომ მათ სააკაშვილის და მელიას მხრიდან პირდაპირ ჰქონდათ მითითებები, რომ შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო, ან თუ შედგებოდა, მერე ისინი უნდა გასულიყვნენ ამ პირობებიდან.

რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. მე გამიკვირდა. ვფიქრობ, ეს იყო უფრო სპეკულაციური კომენტარები, ვიდრე ოპოზიციის კომენტარები, მაგრამ ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. ნიკა მელია გირაოს თუ გადაიხდის, ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მისი კოლეგების მსგავსად, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ გირაოს გადახდა საბოლოოდ უზრუნველყოფს მის თავისუფლებაზე ყოფნას, ვინაიდან სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს და შეთანხმების დოკუმენტში ჩადეს ამნისტიის პროექტი, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი და არა შუალედურად. ამიტომ ნიკა მელიას განცხადება, ვფიქრობ, უფრო მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დესტრუქცია მოუწყონ ამ შეთანხმებას და დააბნიონ საზოგადოება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია არ არის შეთანხმების ხელმომწერი მხარე, შესაბამისად, არ აქვს უფლება, ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებს რაიმე პირობები უკარნახოს.

„გირაო არ არის იმის გარანტია, რომ ნიკა მელია საბოლოოდ დარჩება თავისუფლებაზე. ამისთვის საჭიროა ამნისტია. ისინი ამნისტიას თუ არ ეთანხმებიან, აქ არის დღეს მთელი ოპოზიციია, შეუძლიათ გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი დამოკიდებულება, მაგრამ მე ვიცი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პარტია, რომელიც გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, დიდ პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის. ნიკა მელია არ არის ხელმომწერი მხარე, ის არ არის რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, ხელის მოეწერა და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილური პოლიტიკა მიმდინარეობს, ეს მას შეეძლო. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა გარედან კარნახი მიუღებელია მისივე კოლეგებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა, არჩილ თალაკვაძის თავმჯდომარეობიდან გადადგომა ცნობად მიიღო
შემდეგი სტატია„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან