თალაკვაძე: განვაგრძობთ მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს

ჩვენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება ეხება საარჩევნო ცვლილებებს.

„დოკუმენტში, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი და რომელიც ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც, ავსახეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან პრაქტიკულად შეთანხმებული იყო. კონკრეტულად, ეს არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო პროცედურებს, ბარიერსა და პროპორციების გადანაწილებას თვითმმართველობის არჩევნებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, როგორ მოხერხდება ამ ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვა იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.

„განვაგრძობთ მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ დიალოგს ოპოზიციასთან და ველით, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს. რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ უკვე საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა პროცესს შემოუერთდეს ოპოზიციის სულ ცოტა იმდენი წარმომადგენელი, რაც საკმარისი იქნება ამ ცვლილების განხორციელებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვირუსის ბლოკატორები