თაკო ჩარკვიანი: “ეს ჯოჯოხეთია!”

charkviani-tako«სიტუაცია იმ პროკურატურამ «ააწუმპა», რომელსაც კბილაშვილი და ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდნენ!»

ქვეყანაში მორალფსიქოლოგიური ტერორი მძვინვარებს, რაც ფიზიკურ ტერაქტზე არანაკლებ საშიშია! «ეს ჯოჯოხეთიავიღაცამ გადაწყვიტა, საქართველოს მომავალი წელში გატეხოს, მაგრამ ამის საშუალებას არავის მივცემთ!» – აცხადებს «ქართულ სიტყვასთან» საუბრისას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაშანტაჟება რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ამასთან, თაკო ჩარკვიანი შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ეჭვობს, რომ მთელი ეს უბედურება მაშინ დაიწყო, როცა მთავარ პროკურატურას კბილაშვილნაცვლიშვილის ტანდემი ხელმძღვანელობდა და როცა სხვადასხვა სახის დანაშაულში ეჭვმიტანილებთან გარკვეული გარიგება მოხდა. მოკლედ, დავაღწევთ თუ არა თავს ამ ჯოჯოხეთს? – «ქართული სიტყვა» თაკო ჩარკვიანს ესაუბრა.

თაკო, რა ხდება, საით მივდივართ?

– უფსკრულისკენ!

ასე რატომ ამბობ?

– რაც ხდება, უფსკრულია და ამის იქით რაღა უნდა იყოს?! ქვეყანაში, სადაც 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ასეთი სიმდაბლე და ინტელექტუალური სიშიშვლე, სამოქალაქო ომის ტოლფასია!

არადა, «ოცნება» ხელისუფლებაში იმ პირობით მოვიდა, რომ მისთვის ყველაზე მთავარი ადამიანი და მისი ღირსება იქნებოდა

– მორალზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა და ამიტომ ხელს არასოდეს არავისკენ ვიშვერ ხოლმე, მაგრამ შემიძლია, ერთი ვთქვა: ყოველთვის ყველაფერზე პასუხს ხელისუფლებას ვთხოვდი და ახლაც ვთხოვ. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის დროს და დღესაც ასეა!

პასუხს იმიტომ სთხოვ, რომ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, არა?

– რა თქმა უნდა! დღეს ქაოსისა და ალიაქოთის პიკია, რომლის იქითაც აღარაფერი, უფრო სწორად, უფსკრული და აბსოლუტური წყვდიადია! ჩვენს შვილებს ჯოჯოხეთს ძალიან იოლად და მარტივად ვთავაზობთ!

ჯოჯოხეთს იმას ეძახი, რაც ბოლო დღეებში ხდება?

– დიახ, ეს ჯოჯოხეთია, რომელსაც ხელისუფლება ვერ მოერია და ვერ მართავს! მართალია, ვინაობა ათასჯერ დასახელდა, მაგრამ გვარს მაინც არ ვიტყვი და, უბრალოდ, გავიხსენებ, რომ ორი წლის წინ, პირადი ცხოვრების კადრები ერთ-ერთ ჟურნალისტზეც გაავრცელეს. ამ ყმაწვილმა საქართველო, თუ არ ვცდები, დატოვა… მაშინ, როგორც მახსოვს, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი – შს მინისტრის მოადგილე დააკავეს, მაგრამ ერთწლიანი პირობითი მიუსაჯეს. ვსვამ შეკითხვას: თუკი დამნაშავე არ იყო, ერთწლიანი პირობითი რატომ მიუსაჯეს და თუ დამნაშავე იყო, მაშინ მაინტერესებს, ასეთი ჯოჯოხეთის მოწყობისთვის ადამიანს ერთწლიანი პირობითი უნდა მიუსაჯო, როცა საქმე ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხება? – ამ შეკითხვაზე პასუხი სახელმწიფომ უნდა გამცეს! ამის გამო ვიღაც გათამამდა და დღეს ჯოჯოხეთს სრულიად საქართველოს უწყობს!

ესე იგი, თვლი, რომ ერთი სამაგალითო დასჯა სიტუაციას შეცვლის?

– არავის ეგონოს, რომ ვინმეს უკანონო დასჯას ვითხოვ. ბრალდება და დანაშაული მტკიცებულებებით უნდა იყოს გამაგრებული. საამისოდ კი, პროკურატურამ კარგად უნდა იმუშაოს, მაგრამ საჯაროდ ათასჯერ და ორიათასჯერ მითქვამს, რომ პროკურატურამ ცუდი საქმეები აკეთა და მთელი რიგი გარიგებები აწარმოა!

ეს შენი ეჭვია

– არავითარ შემთხვევაში!.. მაგალითად, საკრებულოში უდესიანის შეყვანა უნდოდათ და ეს ირაკლი ჩიქოვანმაც დაადასტურა. ამას დაფარვა, მაიმუნობა და გუნდური თამაში კი არ სჭირდებოდა, არავინ გაიგოსო, პირიქით, ასეთი ფაქტები თავიდანვე თავად უმრავლესობას უნდა გამოეაშკარავებინა! საერთოდ, დანაშაულის დაფარვა დასჯადია! მეოთხე წელია, ხელისუფლება დანაშაულის დაფარვაშია.

შენი აზრით, «ოცნება» დანაშაულს რატომ ფარავს?

– არ ვიცი… თუ ჰგონიათ, რომ ეს ქაოსი მათთვის სასარგებლო იქნება, არ დაიჯერონ, რადგან ეს მორევი, ხელისუფლებიდან დაწყებული, სრულიად საქართველოს ჩაითრევს!

ამას წინათ, ხათუნა ლაგაზიძემ «ფეისბუქში» გოგი თოფაძის ნათქვამი გააზიარა, ისეთ კადრებს დაგიდებთ, რომ არ მოგეწონებათო და ძალიან საინტერესო კომენტარი მიაწერა, შეკითხვები ახლაც გაქვთო?!

ბატონებო, მაინტერესებს, ამ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულს ებრძვიან თუ ყველაფერ ამის თანამონაწილეები არიან?!

თაკო, ერთი ვერსიით, ფარული ჩანაწერები წინა, ანუ «ნაციონალთა» ხელისუფლების დროს კეთდებოდა. შესაბამისად, «ოცნებამ» რა უნდა გააკეთოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა .. კიბერდანაშაულს ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებიც ვერ უმკლავდებიან?

– კი ბატონო… ვანო, ვინ უარყოფს, რომ «ნაციონალები» არათუ ყველაფერს იღებდნენ, არამედ, სადისტები იყვნენ. ადამიანებო, ქუჩაში ვათენებდით და ვაღამებდით, რადგან იგივე გირგვლიანის მკვლელობა გვაწუხებდა… 7 ნოემბერს ცოცხალი ძლივს გადავრჩი… ახლა კი, ბუტა რობაქიძის საქმეში გასული ხალხი თანამდებობაზე მოიყვანეს.

ოქრუაშვილს გულისხმობ?

– დიახ, «სპორტულებში» ჩაცმულ ოქრუაშვილს ვგულისხმობ, რომელიც ქართულ საზოგადოებას წინ და უკან არბენინებდა – დააანონსებდა, მოვდივარო და სულ მეგონა, პატარა აღმაშენებელი უნდა გაცოცხლებულიყო. მერე, «სპორტულებით დააწვებოდა» და ნახევარი პოლიტიკური სპექტრი უკან მისდევდა! ჩვენ ამ კაცის ოჯახში შევარდნის კადრებიც ვნახეთ!.. საერთოდ, ჩემს ნათქვამს ყოველთვის ფაქტებით ვამყარებ და იმას ვეყრდნობი, რასაც გვაჩვენებენ თუ აანონსებენ. დიახ, ეთერში ტიტველი შალიკიანი, მეუღლესთან ერთად, სწორედ ოქრუაშვილმა გვაჩვენა და ეს, რა, იმაზე ნაკლები კადრები გგონიათ, რომელიც ახლა ვრცელდება?! კაცი, რომლის დროსაც ყველაფერი ეს მოხდა, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. ბოლოს და ბოლოს, ბუტა რობაქიძეც სწორედ ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს მოკლეს და ვერ გავიგე, პიროვნულად მიშა სააკაშვილს ვერჩოდით თუ სისტემას? მგონია, რომ სისტემა და ის დანაშაულობები არ მოგვწონდა, რაც მაშინ ხდებოდა. გავიხსენოთ თუნდაც თეთრაძის მკვლელობა. თეთრაძის წამებით მკვლელობის გახსენება ახლაც მზარავს და ის ხალხი როგორღაც «გადავდენეთ», მაგრამ იმ დროს, როცა გირგვლიანის დედას აჯილდოვებ და მურუსიძეს მოსამართლედ ნიშნავ, ეს პოლიტიკური ცინიზმია და მეტი არაფერი!

.. ვიდეოების ჯოჯოხეთამდე ყველაფერ ამან მიგვიყვანა?

– რა თქმა უნდა! ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ტერაქტია! ვანო, მერწმუნე, იმასთან შედარებით, რასაც დღეს ადამიანებს უკეთებენ, «ტროტილით» ჩადენილი ტერორისტული აქტი არაფერია! არავის ეგონოს, რომ ყველაფერ ამას მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს უკეთებენ! არავითარ შემთხვევაში! ამას მათ შვილებსა და მათი შვილის მეგობრებს უკეთებენ! ახალგაზრდები დაზაფრულები და დაშოკილები არიან! ვინც ამას აკეთებს, საკუთარი ქვეყნის მიმართ ბოროტებას, ცინიზმსა და ნიჰილიზმს თესავს იმიტომ, რომ ხელისუფლება ქვეყანასთან ასოცირდება. ხელისუფლება კი, რომელიც სიტუაციას ვერ მართავს, რომელიც დამნაშვეს პასუხს ვერ აგებინებს და რომლის მმართველობის დროსაც ჯოჯოხეთს აწყობენ, უნდა გადადგეს!

თაკო, იქნებ, ხალხი ქუჩაში უნდა გავიდეს, რომ ამ მორალურ ტერორს ბოლო მოუღოს?

– ხალხი ქუჩაში აუცილებლად გავა, თუ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა!

ვანო, იცი, საქმე რაშია? – იმ სიკეთეებზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას გაუკეთა, ყოველთვის ვილაპარაკებ. საერთოდ, უმადურობას ვერ ვიტან და თუ გინდა, რომ ობიექტური იყო, ეს უნდა აღნიშნო – საშვილიშვილო სამების აშენებიდან დავიწყებ და ოპერით დავასრულებ, ჯანდაცვის რეფორმასაც გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა, მართლაც, დიდი ინვესტიცია ჩადო და დასანანია, რომ ამხელა სიკეთე ჯოჯოხეთად შემოტრიალდეს?! ძალიან დიდი ბოდიში და, ჯერ არავინ დაბადებულა, ვისაც ვეპირფერები და არც ისეთი მთავრობა მოსულა, რომელსაც ქათინაურს ვეტყვი. ქათინაური კი არა, მეუბნებიან ხოლმე, ასე მკაცრად რატომ გამოდიხარო. სხვათა შორის, არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ამის სურვილიც კი არ მქონია.

რატომ?

– ალბათ, რაღაც შინაგანი შიში მქონდა – იქ ცუღლუტ ადამიანებს ვხედავდი, ვისზეც 25 წელია, ჩემი აზრი მაქვს ჩამოყალიბებული. ამ ადამიანების გამოჩენა არც «ოცნებაში» მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, ბატონი ბიძინა გონიერი და ჭკვიანია, წლების განმავლობაში, თავის ქვეყანაში იმხელა ინვესტიცია ჩადო – სხვა თუ არაფერი, ქართული კულტურა შიმშილს გადაარჩინა და არავის მისცემს საშუალებას, ქვეყანა ჯოჯოხეთისთვის გაწიროს-მეთქი, მაგრამ აი, ახლა, საჯაროდ მივმართავ: მისი გაკეთებული სიკეთე აღარავის ემახსოვრება, თუ…

რატომ?

– ამ ადამიანის ქვეყანაში ჩადებული ვეებერთელა ინვესტიცია იმით დამთავრდება, რომ მის გარშემო მყოფი ბინძური პოლიტიკური სპექტრი გაძღება და ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გაილანძღება!

ის სტატიები, რომლებიც შევარდნაძის დროს მაქვს გამოქვეყნებული, ამოიღეთ და ნახეთ, თუ ოდესმე ჩემი მრწამსისთვის მიღალატია! წეღანაც ვთქვი, პასუხს ვთხოვდი ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს და ვთხოვ დღევანდელ ხელისუფლებასაც! ხელისუფლებამ თავისი საზოგადოება ჯოჯოხეთისგან უნდა დაიცვას! იმისგან დაზღვეული, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში კადრები გამოჩნდეს, არავინაა, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოებას ამ ჯოჯოხეთისგან იმიტომ ვერ იცავს, რომ მკვლელები არაადექვატურად დაისაჯნენ! მეტიც, მკვლელები პოლიტპატიმართა სიაშიც მოხვდნენ. ის ადამიანები კი, რომელთა გამოც სააკაშვილი გადავაყენეთ, დაწინაურდნენ. ყველაფერ ამის შედეგია დღევანდელი, ქართულად რომ ვთქვა, ბაკხანალია და რუსულად – «ვაკხანალია».

თაკო, ამ ჯოჯოხეთის ფარული რეჟისორისა თუ რეჟისორების მიზანი ეგებ, ისაა, რომ ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდეს?

– შეიძლება, მაგრამ ესეც ხელისუფლების პრობლემაა!

მთელ პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი ადამიანი, ვისი განცხადებაც ობიექტურად მომეწონა, გიორგი კვირიკაშვილი იყო. მის განცხადებას ემოცია ახლდა და ეს კარგია, რადგან საზოგადოება ემოციურ შოკშია და მშრალ განცხადებას ვერ მიიღებდა!

სხვათა შორის, არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ყველაფერი ეს თითქოს პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული

– არ გამოვრიცხავ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ახალია და ფორას ვაძლევ. უბრალოდ, კვირიკაშვილის განცხადებაში, გარდა იმისა, რომ ადამიანურად ემოციური იყო, პატარა მუქარის ნიშნებიც ჩანდა, რაც შოკირებულ საზოგადოებას მალამოსავით მოედო! ახლა კეკლუცობის დრო არაა და ამ სიტუაციაში ნუკრი ქანთარიას განცხადება არ მომეწონა, სასამართლოა და მიმართონო.

ისე, თაკო, კვირიკაშვილის განცხადებამ სიტუაცია ვერ განმუხტა. ყოველ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების ამსახველი პირველი ვიდეოს შემდეგ, ახალი კადრები გავრცელდა, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მისამართით მუქარაც ახლდა

– ვანო, ეს იცი, რატომ მოხდა?

რატომ?

– იგივეს გავიმეორებ, რაც წეღან ვთქვი: ორი წლის წინ გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის კონკრეტულ პიროვნებას ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. თუ დამნაშავე არ იყო, ეს ერთი წელი რატომ მიუსაჯეს და თუკი დამნაშავე იყო, ამ დანაშაულისთვის ერთი წელი საკმარისია?!

შენი აზრით, ამ კადრების გავრცელების მიზანი .. მორალური კრიზისის შექმნაა?

– ალბათ, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. პირველ დღეს ხალხი უფრო შოკირებული იყო. მეორე ვიდეოსა და მუქარის გავრცელების შემდეგ, ინგა გრიგოლიამ ბრწყინვალე განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ რეაქცია უფრო ნაკლები იქნება, მაგრამ ისევ ჩემს აზრზე ვრჩები.

რომელ აზრზე?

– პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, დასავლურ პოლიტიკურ სპექტრს მიაყენეს!

ამ კონტექსტში, წეღან, პრივატული საუბრისას, «ხავერდოვანი რევოლუციის» მცდელობაც ახსენე

– წყაროს არ დავასახელებ, მაგრამ დიახ, ხავერდოვანი რევოლუციის სურვილი ჰქონდათ და ახლა გაბოროტებულები ამიტომაც არიან! რუსული სპექტრის, «ქართული ოცნების» რუსულ ფრთასთან გარიგებით, ხავერდოვანი რევოლუცია მოხდებოდა და უმრავლესობაში რუსული სპექტრი მოვიდოდა და მივიღებდით რუსული ორიენტაციის საკანონმდებლო ორგანოს.

ანუ, რუსული სპექტრი, როგორც იტყვიან, სექსის ხარჯზე შეიქმნებოდა?

– პირადი ცხოვრება ამ სცენარის ერთი სეგმენტია. კრეტინიზმია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ბინძური ბრძოლა მხოლოდ დასავლურ პოლიტიკურ სპექტრს შეეხება. არა, ბატონო, აქ ლაპარაკი საქართველოს მომავალზეა!

ვიზალიბერალიზაციამ, როგორ ფიქრობ, პროცესები დააჩქარა?

– რა თქმა უნდა!

მაშასადამე, ყველაფერში, რაც ჩვენს თავს ხდება, «კაგებე»- კვალს ხედავ?

– ბუნებრივია, ვხედავ! ვანო, ლოგიკას გაყევი – პირველი ვიდეოც მას გაუვრცელეს და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებაც მათ დაუანონსეს, ვინც გამოკვეთილად დასავლური ორიენტაციის არიან!

ვიღაცამ «ფეისბუქში» იხუმრა, ყველამ ჩვენი სექსის ვიდეო გამოვაქვეყნოთ და ამ მორალურ ტერორს ბოლო ასე მოვუღოთო

– ამაზე ჯანსუღ ჩარკვიანმაც იხუმრა.

რაო?

– თუ ამ ხუმრობას უზრდელობად არავინ ჩამითვლის, ვიტყვი, ასაკოვან ხალხს «კუილი» ეჩვევა და მინდა, უშიშროება ფრთხილად იყოს, რომ «გავაკუებთ», არ მოხვდესო.

თაკო, ისრების დღევანდელი უშიშროებისკენ გადატანას რა აზრი აქვს, როცა კადრები, როგორც ამბობენ, მიშას ხალხმა გადაიღო?

– კი, მათ გადაიღეს, მაგრამ ახლა გამოქვეყნდა, ანუ დღევანდელი სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ვერ იცავს!

სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ერთი ამბავიც ხელოვნურადაა ატეხილი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტში ერთსქესიანთა ქორწინებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ამ თემას მუდმივად ხელოვნურად «წევენ» და ესეც რუსული სცენარია.

რუსეთს სხვა უამრავი პრობლემა აქვს, იგივე თურქეთსა თუ სირიაში და ჩვენთვის სცალია?

– როგორ არ სცალია?! საერთოდ, რუსეთზე, როგორც ქვეყანაზე არ ვლაპარაკობ – იქ საოცარი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც პუტინის ბოროტი და ავტორიტარული რეჟიმი ყელში აქვს ამოსული. რუსეთის ავტორიტარულ ხელისუფლებას ისეთი მარგალიტი, როგორიც საქართველოა, არასოდეს დაავიწყდება! პუტინმა პირდაპირ თქვა, საბჭოთა კავშირი უნდა აღვადგინოო და, ხალხო, ამას ყურადღებას რატომ არ ვაქცევთ?

ისე, თაკო, გამორიცხავ, რომ მორალური ტერორი «ოცნებაში» არსებული კლანური ომის შედეგი იყოს?

– შეიძლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, «ოცნება» მმართველი ძალაა და ჩემი, როგორც მოქალაქის ლეგიტიმური უფლებაა, რომ პასუხი მას მოვთხოვო! თუ «ნაციონალები» კრიმინალები იყვნენ, ვის ჰქონდა უფლება, რომ არ დაესაჯა?

ამ შეკითხვაზე ხელისუფლების პასუხი ასეთია: დამნაშავეები ქვეყნიდან გაიქცნენო

– აი, ეს პასუხი სისუსტე და სირაქლემის პოზიციაა! დავიწყოთ იქიდან, რომ მათ, ვინც გაიქცნენ, ვერაფერი დაუმტკიცეს. ვანო, ერთხელ, ალბათ, გახსოვს, მკითხეს, სააკაშვილი უნდა დაიჭირონ თუ არაო და ღია ეთერში ვუპასუხე, არა-მეთქი. ერთი ამბავი ატყდა, ეს რატომ თქვიო. ბრალდება იმ პროკურატურამ დაამუშავა, ხალხმა რომ მოვიყვანეთ და ამ ბრალდებაში უნდა დავინახო, რომ სააკაშვილი დასაჭერია, თორემ სხვანაირად მე, კანონის მორჩილ ადამიანს, ვერავისზე ვერავინ მათქმევინებს, დასაჭერია-მეთქი. ჩვენი არჩეული ხელისუფლების მოყვანილმა პროკურატურამ სააკაშვილის ბებიის ბინა დააყადაღა და ბრალდებაში ქაშმირის პალტოები ჩაწერა. სიტუაცია იმ პროკურატურამ «ააწუმპა», რომელსაც კბილაშვილი და ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ეს უბედურებები მაშინ დაიწყო და ვეღარ დალაგდა.

ესე იგი, გამოსავალი არ არსებობს, ანუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უარესს უნდა ველოდოთ?

– ამაზე უარესი აღარ არსებობს, თუმცა ცოტა ხანში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება მობეზრდებათ. უბრალოდ, ამ ადამიანების შვილები მეცოდებიან, რომლებიც შოკირებულები არიან. ხალხო, ვიღაცამ ხელის ერთი მოსმით, მშვიდად და წყნარად, საქართველოს მომავლის ამოწყვეტა სცადა!

მაშასადამე, სახეზე თანამედროვე 37 წელია?

– დიახ, ასეთი რეპრესიის მსგავსი არც მსმენია! ვიმეორებ: ხელისუფლებას პასუხს იმაზე ვერ მოვთხოვ, ეს კადრები რატომ ვრცელდება-მეთქი, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს, მაგრამ ისინი, ვინც გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებში ფიგურირებდნენ, კი არ დასაჯეს, დააწინაურეს!

სხვათა შორის, ოქრუაშვილმა ისეთი რამ თქვა, გავოცდი, თუმცა ესეც უყურადღებოდ დარჩა, არაფორმალურ მმართველობას, მირჩევნია, მოვიდეო. ესე იგი, ოქრუაშვილი გორს აქამდე არაფორმალურად მართავდა?! ვაი, ჩვენს პატრონს!

დღეს ერთად ისინი კი არ უნდა დადგნენ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ემლიქვნელებიან, რაღაცას რომ გამორჩნენ, არამედ ისინი, ვისაც მისი გულწრფელად სჯერათ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარშემო აკუმულირებული მლიქვნელი და «ქუც-ქუცა» ადამიანები, მტერს, საქართველოს ისეთ საქმეს უზამენ! დღეს მლიქვნელობა და პირში წყლის დაგუბება ღალატის ტოლფასია!

ამ ჯოჯოხეთს გავუძლებთ?

– რა თქმა უნდა, გავუძლებთ, თუმცა ამ პოლიტიკანების გამო, შეიძლება, წელში გადამტყდარი თაობა მივიღოთ, რასაც არავინ არავის აპატიებს! ყველამ, დედაკაცმაც და მამაკაცმაც, ვისაც შინაგანი ვაჟკაცობა აქვს და ამ სიბინძურის წინააღმდეგ რამე იცის, ყოველგვარი ერთი მილიონი ლარის დაწესების გარეშე, ერთ ჯაჭვად უნდა შეიკრას და ეს სიბინძურე ალყაში მოაქციოს, რადგან ეს სიბინძურე ერთ რომელიმე ადამიანს კი არ ურტყამს, არამედ, ვიღაცებმა საქართველოს მომავლის წელში გატეხვა გადაწყვიტეს და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეათნხმება დევნილებმა გააპროტესტეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა ბელგიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა