“თაიმერის” ჟურნალისტი სააკაშვილს: ჩვენ, დაახლოებით 80 ადამიანი, შენს საშინელებას გაქცეულები პოლონეთში კრიმინალებივით ჩაგვყარეს ციხეში

“თაიმერის” ჟურნალისტი ეკატერინე ლემონჯავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება და ვრცელ პოსტს აქვეყნებს: 

“მიში, ზუსტად 9 წლის წინ ზუსტად ამ დღეს შენი ხელისუფლებისგან გაქცეულმა პოლონეთის ციხეში სხვა ჩემსავით დევნილებთან ერთად შიმშილობა გამოვაცხადეთ. ბედის ირონიაა, დღეს შენ შიმშილობ. არ ვიცი რატომ, ალბათ იმ სამართლიანობის აღდგენას ითხოვ, შენ რომ გქონდა. ჩვენ, დაახლოებით 80 ადამიანი, შენს საშინელებას გაქცეულები პოლონეთში კრიმინალებივით ჩაგვყარეს ციხეში (მას ოფიციალურად დახურული ბანაკი ქვია მიგრანტებისთვის, შემდეგ სიტყვაზე რომ არ შემომედავო). აღარ მახსოვს ახლა ზუსტად რომელ ადგილას, მაგრამ ერთი კარცერში ჩაგდებული ქართველი ორი თვე შიმშილობდა, 35 კილო იყო გამხდარი, ხელოვნურ კვებაზე ყავდათ – მის შესახებ ვერაფერი გავიგეთ შემდეგ.

იმ ოთხმოცმა ადამიანმა ოთხი დღე ვიშიმშილეთ, მიში. საპირფარეშომდე ძლივს მივდიოდი და შემდეგ რეაბილიტაციაზე თვეები დამჭირდა – წარმომიდგენია ახლა შენი მდგომარეობა, თუმცა, ვიცი რომ არ გეშიება ახლა და აღარც ის ბოლო ხინკალი გახსოვს, ხელიდან რომ გაუგდებინებიათ თურმე.

ბოლო ორი დღეა მახსენდება ასაკიანი ქალი, რომელიც ჩემი კლუბის გვერდზე 6 კვ/მეტრს ქირაობდა მაღაზიად, რომ საკუთარი ორი ბიჭისთვის ციხეში საჭმელი შეეგზავნა. ერთი არ ვიცი რაზე იჯდა, მაგრამ მეორე იმიტომ დაიჭირე, რომ ძმამ რომ დაურეკა და კითხა როგორ ხარო, ამან უპასუხა ქურდულადო. ამ სიტყვის გამო დაიჭირე, მიში (რომ უსმენდი საუბრებს ეგ რა მოსატანია). ჩემგან კი გინდოდა ჩემთან კლუბში მომსვლელებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა ან ნარკოტიკები ჩამედო მათთვის, რომ დაგეჭირა შემდეგ.

შემოგიგზავნიდი ჩემს წიგნს ჩემი ისტორიებით, თუკი სთხოვ ვინმეს შემოგიყოლოს. ის შენი ბიჭები, მე რომ კბილების ჩამოღებით მემუქრებოდნენ თუკი კონსპირაციულ აგენტობას არ დავთანხმდებოდი, შემდეგ ამ უბადრუკებთან მუშაობდნენ.

ალბათ, ახლაც იქ არიან. რა დაუშლიდათ, სინდისი თუ კანონი? მეტს ვეღარ დავწერ, არ მაქვს ამდენი დრო. შემდეგ, როცა გამოხვალ და მოშუშდები, გამომიგზავნე შენი ჩანაწერები ციხიდან, მიში.”- აცხადებს “თაიმერის” ჟურნალისტი ეკატერინე ლემონჯავა.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა
შემდეგი სტატიარუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა