თაიმერის შაბათის სტუმარი-„სიტყვა „ოცნება“ შემაძულეს!“

მეგი გოცირიძე: „დაგმე ბიძინა!“

თაიმერი“თაიმერი“ ახალ რუბრიკას – „შაბათის სტუმარი“ იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ შაბათს, სხვადასხვა პოლიტიკური ყაიდისა და გემოვნების ადამიანთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. ზოგი, ალბათ, სტუმრებს დაგვიწუნებს და იტყვის, ტრიბუნას რატომ უთმობთო, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ: „თაიმერის“ გუნდს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რასაკვირველია, აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთგვარი ცენზურა დავაწესოთ და ის ადამიანები, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავდება, „დავბლოკოთ“. ჩვენი ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი ყოფილი დეპუტატი, „ნაციონალი“ მეგი გოცირიძეა.

– მეგი, სასაუბროდ სულ 30-35 წუთი გვაქვს. იმდენი რამის მომსწრე და მნახველი ხარ, რომ ეს დრო, ვიცი, საკმარისი არ იქნება, მაგრამ ბევრი წერა-ლაპარაკის თავი არ მაქვს… მოკლედ, ხელისუფლება რომ შეიცვალა, საქართველოდან რატომ არ წახვედი?

– მარტივია: საქართველოდან იმიტომ არ წავედი, რომ ამ ქვეყანას „ხიხოებს“ ვერ დავუთმობდი.

– არ შეგიძლია, დელიკატურად ილაპარაკო? მუდმივად პროვოცირებას რატომ ცდილობ?

– დელიკატურად რას ნიშნავს? „ხიხოები“ არ არიან?

– მიშაზე ასეთ რაღაცეებს რომ ამბობენ, ხომ გწყინს ხოლმე?

– მიშაზე „ხიხოს“ ვერ იტყვიან. მიშა „გოიმია“?

– მიშაზე იმას ამბობენ, რომ სექსუალური მანიაკია…

– (იცინის) ვხედავთ, სექსუალური მანიაკი ვინც არის. ეს ჩვეულებრივი პორნოკრატიაა! საქართველოს „+18“ უნდა დააწერო: ჩართავს ტელევიზორს, სექსზეა ლაპარაკი, რადიოს ჩართავ, სექსზეა ლაპარაკი, ტრანსპორტში ახვალ, სექსზეა ლაპარაკი, ოკუპირებული ქვეყნის მთავარსარდალი გამოდის, საკუთარი სექსის მრავალფეროვნებას ასაჯაროებს და ამით ყელყელაობს.

– დაგავიწყდა, სააკაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდებს რომ მოუწოდებდა, ბუჩქებში წადითო?

–  ბუჩქებში წადითო, რა, რას ნიშნავს?

– ბუჩქები სექსთან ასოცირდება…

– რას მელაპარაკები!

– ესეც რომ არა, სექსის კადრებს თქვენი ხელისუფლება იღებდა…

– ეს საიდან იცით? ვინც იღებს, ვხედავთ. ძალიან კარგად იცით, „ნაცმოძრაობის“ დროს iPhone5 არ ყოფილა.

ესე იგი, ამ კადრებს შენც უყურებ…

– რას ჰქვია, ვუყრებ? – ქვეყანამ იცის და პირადი ცხოვრების კადრები ხელიდან ხელში გადადის.

სხვათა შორის, გია ბარამიძემ განაცხადა, ჩვენს დროს გიგი უგულავასა და დათო ბაქრაძესაც უღებდნენო…

– ჯერ ერთი, საიდან იცის. მეორეც, აღმოჩნდა, რომ ლელუაშვილის მსგავსი ნაძირალები იყვნენ, ვინც იღებდნენ, ინახავდნენ და მერე გაყიდეს.

– რამდენად გაყიდეს?

– ეს არ ვიცი, მაგრამ „ფორუმ.გე“-ზე ეწერა, რომ ეს კადრები ჩვეულებრივად იყიდება… კი ბატონო, „ნაციონალების“ დროს იწერდნენ სატელეფონო საუბრებს, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მაგრამ ყველა სადარბაზოში „მეხუთე კოლონა“ იყო დაბანაკებული და იმ ადამიანებს უსმენდნენ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ობიექტის სადევნად 48 საათი რომ გაქვს და, ამ 48 საათში სექსი რომ იქნება, როგორ უნდა ამოიღო?

– ეს დევნა სანქცირებული იყო?

– რასაკვირველია – იმჟამინდელი პროკურორები გამოდიოდნენ, ამას გვაჩვენებდნენ და გვასმენინებდნენ, მაგრამ როცა ეჭვმიტანილი ხარ და გისმენენ, ამ დროს დგინდება, დამნაშავე ხარ თუ არა.

– არ გაგიგია, მიშაზე რომ ამბობდნენ, ქალებს ძუძუებს აჭამსო?

– ძალიან ბევრი რამ გამიგია, მაგრამ რა მერე? ისიც გამიგია, სანდრა ადამიანებს ორგანოებს აცლიდაო, მაგრამ ვიცით, ამას რომელი „კანტორაც“ ავრცელებდა და იგივეს დღესაც ავრცელებს.

– მეგი, ცუდ რაღაცებს რომ გეკითხები, არ გაბრაზდე…

– ნებისმიერი კითხისთვის მზად ვარ!

– კარგი, დავუშვათ, ყველაფერი, რასაც ამბობენ, ჭორია, მაგრამ გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობა ხომ ფაქტია? სხვათა შორის, გადაღებები თქვენმა მინისტრმა დაამკვიდრა – ოქრუაშვილი ხალხს საძინებელში ვიდეოკამერებით უვარდებოდა…

– გირგვლიანი, რობაქიძე, ოქრუაშვილი მიხსენე და მივყვეთ. რაც შეეხება გირგვლიანს, კბილაშვილი გამოვიდა და თქვა, გირგვლიანი არავის მოუკლავს, ასფიქსიით გარდაიცვალაო.

– აწამეს!

– ერთი წამით… ძალიან ბევრს აინტერსებს, იქ რა და როგორ მოხდა, მაგრამ ეს საქმე არ გამოიძია.

დიახ, „ნაციონალების“ ხელისუფლებამ არ გამოიძია.

– ამ ხელისუფლებამაც არ გამოიძია.

– ამ ხელისუფლებას თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ დანაშაული მაშინ მოხდა და რატომ არ გამოიძიეთ?

– როგორ არ გამოვიძეთ – ამ საკითხზე კუდ-ის ოთხი მაღალჩინოსანი იქნა დაპატიმრებული.

პრეზიდენტმა ოთხივე შეიწყალა!

– პირადად მე, არ შევიწყალებდი, მაგრამ ეს პრეზიდენტის დისკრეაციული უფლება იყო. ესაა და ეს! ოთხი მაღალჩინოსანი იჯდა ციხეში და ამიხსენი, მეტი რა უნდა გვექნა?

სტრასბურგის დასკვნაში წერია, რომ გირგვლიანის საქმის მიჩქმალვაში ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული…

– კი ბატონო, ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ბრალდება ესაა, რომ ხელი დააფარა და ციხეში ზის, რა ვქნათ ახლა?

– ესე იგი, ის ხელისუფლება ცუდი იყო!

– ეს საშინელი ფაქტია, მაგრამ იმაზე აღარ ვლაპარაკობ, გირგვლიანს რა ბრალი მიუძღვოდა, იქ რა მოხდა და ასე შემდეგ.

– რაც უნდა მომხდარიყო, ადამიანის, მინიმუმ, წამების უფლება არავის აქვს!

– რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვინ ამართლებს? ეს უბედურება და ტრაგედია იყო.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძეს, ბაშალეიშვილს იარაღიდან გაუვარდა და ამის გამო სასჯელი მოიხადა. ოთხი ქვეყნის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ არანაირი იარაღის ჩადება არ ყოფლა. პოლიციელს გაუფრთხილებლობით იარაღი გაუვარდა და საშინელი ტრაგედია მოხდა – ახალგაზრდა მოკვდა, მაგრამ ეს გააპოლიტიკურეს და შვილმკვდარმა დედამ პოლიტპატიმრების სიაში ჩაწერა ადამიანი, ფხაკაძე, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციისა და მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული – მუცელში დანა შვიდჯერ ჩაარტყა. ყველაფერ ამის სანაცვლოდ ია მეტრეველს ბინა აჩუქეს – ქრთამი აიღო.

megi

– ესეც, ჩვეულებრივი, მითოლოგიაა!

– ერთი წამით არანაირი მითოლოგია,… მითებს არასოდეს ვყვები – ეს ბინა ია მეტრეველმა თავის დას გადაუფორმა და ამოიღეთ მონაცემები – საჯარო რეესტრში ყველაფერი არსებობს. საჯარო რეესტრზე მეტი დოკუმენტაცია რაღაა?

საჯარო რეესტრის დოკუმენტაციაში ჩანს, რომ რაღაცის სანაცვლოდ ბინა აჩუქეს?

– დიახ, არსებობს, რომ დას გადაუფორმა.

– გადაფორმება სხვა რამეა, მაგრამ იმის დოკუმენტი, რომ ფხაკაძემ, როგორც ამბობ, პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის სანაცვლოდ, მეტრეველს ბინა აჩუქა, არსებობს?

– არსებობს! ის პოლიციელი, ვისაც იარაღი გაუვარდა – ბავშვი მოკვდა და ამის გამო სასჯელს იხდიდა, ბედნიერია?

მეგი, ქალი, დედა, ბებია ხარ. შვილმკვდარ დედაზე ასე უნდა ილაპარაკო?

– როგორ ვლაპარაკობ? არაფერს ვიგონებ, ფაქტს ვამბობ და ეს ყველამ იცის, ამაზე კომენტარი თავადაც გააკეთა. გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი – 9 წელი ეს გვარები ტრიალებდა, მაგრამ დღეს შეკვეთილი მკვლელობები ხდება – არსებობს 9 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე და არსებობს მანანა ბერიკაშვილი, რომელიც იმ ღამეს კიოდა. არადა, ეს უბედურება პირადად მისი ხელით მოხდა – დიახ, იმის გამო მოხდა ყველაფერი ეს, რომ შოკირებული ხალხი არჩევნებზე საკუთარი კალმებით მისულიყო და 41 შემოეხაზა. ყველას ახსოვს, ბერიკაშვილი რომ ყვიროდა, ხალხნო, ღვინიაშვილმა მოკლა, ბევრი ჰყავს მოკლული, ხალხნო, იცოდეთ, „ნაციონალებმა“ 9 თვის ბავშვი მოკლესო.

– მეგი, ხვალ სასამართლოში რომ დაგიძახონ, როგორ დაამტკიცებ, რომ რაფალიანცის საქმეში ბერიკაშვილი ურევია?

– ჯერ ბერიკაშვილმა დაამტკიცოს, რომ რაფალიანცი ღვიანიშვილმა მოკლა და მერე მე დავამტკიცებ. ვიდრე ამ ბავშვის მკვლელი დასჯილი არ იქნება, დიახ, ყოველთვის ვიტყვი, რომ მანანა ბერიკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ბავშვი ჩაახრჩო და ამას რაფალიანცების ოჯახის პირველი ადვოკატი ადასტურებს.

– რას ჰქვია, ჩაახრჩო?

– ეს გამოძიების პრეროგატივაა და გამოეძიებინათ…

– მეგი, ფარულ მიყურადება-თვალთვალს „მეხუთე კოლონობით“ ამართლებ, კარგი, მაგრამ გავიხსენოთ, თუნდაც, ფოტოგრაფების საქმე, თუ ეს ადამიანები ჯაშუშები იყვნენ, ციხიდან გირაოთი უნდა გამოგეშვათ?

– მაშინაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვგმობ.

– რას გმობ?

– გვაჩვენებდნენ, სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში როგორ იყვნენ გოგა ხაინდარავა, ბერძენიშვილები, მაგრამ დაპატიმრებულნი არ იქნენ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარომუდგენელია!

– ამ კითხვას გუნდის შიგნით არ სვამდი?

– ვსვამდი.

ვის უსვამდი და რა პასუხს იღებდი?

– იმას ვუსვამდი, ვისთვისაც უნდა დამესვა და მეუბნებოდნენ, თავის დროზე პასუხს ყველა აგებსო.

– სააკაშვილთანაც მეგობრობდი და მერაბიშვილთანაც. არ ეუბნებოდი, ხალხში მასობრივი უკმაყოფილებაა და ჩვენს თავს რა ხდებაო?

– ამაზეც ვსაუბრობდით, მაგრამ რამდენიმე პროპაგანდისტული გაზეთი მითებს ქმნიდა.

მითის გაბათილება თუნდაც „რუსთავი 2“-ით შეგეძლოთ.

– სწორედ მაგის თქმა მინდა, რომ მითები არ ბათილდებოდა, ანუ ასეთი პოზიცია იყო, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ, გზებს ვაგებთ, ნატოში უნდა შევიდეთო… სხვათა შორის, იმ დროს აშენებული აეროპორტი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესოა, მშვიდობის ხიდი კი, მსოფლიოს 10 საუკეთესო ხიდის ნუსხაში შევიდა.

– სხვათა შორის, გზებსა და ხიდებს ჰიტლერიც აშენებდა.

– ეს რა შუაშია? მიშამ სახელმწიფო ჭაობში შექმნა!

ისე, მეგი, ყავაში რამე ხომ არ ჩამიყარე, უცებ „ნაციონალი“ არ გავხდე?!

– (იღიმება) კი, კი… „ქოცი“ ვერასოდეს იქნები, რადგან „ქოციც“ და „ნაციც“ მენტალობაა და მეტი არაფერი. შენ კი, მენტალურად „ნაცი“ ხარ.

– მღუპავ, მეგი, ამას რას მეუბნები?

– ძალიან მინდა, ეს არ ამოჭრა – „ნაცობა“ ევროპულად აზროვნება, ანუ პირველ რიგში, კანონმორჩილებაა – მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ წითელზე არასოდეს გადადიხარ…

– კანონმორჩილი კი ვარ, მაგრამ ევროპა რომ გვრყვნის?

– ყოველ დღე პორნოგრაფიას ვუყურებთ და ევროპა გვრყვნის, კაცო?! ევროპას ჭკვა რომ ჰქონდეს, ფეხი არ უნდა შეგვადგმევინოს – იქით არ გავრყვნათ! არასრულწლოვან ბავშვებს, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, დიდი ეკრანზე პორნოგრაფიას აყურებინებენ…

– და ეს პორნო მიშას გადაღებულია!

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? ალასანიას პირად ცხოვრებაზე ივანიშვილმა 40 წუთი ილაპარაკა და იქვე დასძინა, სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევიო. რაც ბუკა პეტრიაშვილს შეემთხვა, ამიხსენით, ეს ვის დროსაა გაკეთებული?

– ამ ფაქტის საპირწონედ ვალერი გელაშვილის ცემას გაგახსენებ…

– ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან გაძევებას ხმა უდიდესი სიამოვებით მივეცი და ამით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ! ჩაბრძანდით და ნახეთ, ხაშურში ბორდელი რომ აქვს გახსნილი.

– ჯერ ერთი, ეს საიდან იცი და მეორეც, ასეც რომ იყოს, ამიტომ უნდა ეცემათ?

– ხომ არ ვამბობ, რომ ამიტომ უნდა ეცემათ?  ისე, თუ „ნაციონალები“ ყველაფერში ცუდები იყვნენ, მათ რატომ ვედრებით? -ცუდებზე სწორება რატომ გვაქვს? ის ხომ არ მოგვწონდა, გელაშილი რომ ვცემეთ…

– ესე იგი, აღიარებ, რომ გელაშვილი „ნაცებმა“ სცემეთ?

– ჩემი ნაცემი გამოდის, როცა ჩემი ხელისუფლების დროს დეპუტატს ქუჩაში სცემენ.

– და თუ გელაშვილი ასეთი ცუდი იყო, მასთან ურთიერთობა არც მიშას უნდა ჰქონოდა და ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია არ აეშენებინებინა!

– გეთანხმები და ურთერთობა არც ივანიშვილთან უნდა ჰქონოდა.

– ივანიშვილი რა შუაშია?

– თავშია – ეგაა დირექტორი, შპს „საქართველო“ივანიშვილის გახდა და დაათრევს 200-წლოვან ხეებს.

მიშა კი, ძეგლებს დაათრევდა.

– ლარს გაფერადება კი არა, გამყარება უნდა! მაგან პინგვინებს აჭამოს, ხალხს არ აჭამოს და აი, ის რეიტინგი, რაც ახლა დაიდო, სად ჩამოვა, ნახავს.

– ხელისუფლება ამ რეიტინგს არ ენდობა!

– რას ლაპარაკობ?! მეტროში, 41 ნომერ ავტობუსში ჩაჯდეს და გაიგებს, რაც ხდება, თუ ხალხსაც არ ენდობა?

– მეგი, მოდი, ახლა, შენს ცხოვრებაში პირველად, იმაზე ილაპარაკე, რაც „ნაციონალებმა“ ცუდი გააკეთეს.

– ხომ ვთქვი და მეტი რა ვქნა? – ცუდი იყო, რომ ჯაშუშებს არ იჭერდნენ, მითებს არ ამსხვრევდნენ…

– ისიც ცუდი იყო, ბიზნესმენებს რომ ატერორებდნენ და ქონებას ართმევდნენ!

– ბიზნესმენების შევიწროვება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ერთ ფაქტს მოვიყვან: შარიკოვი, ანუ შოთაძე ხომ ვიცით, ვინც არის?

შარიკოვი ვინღაა?

– შარიკოვს ჰგავს – ეს შეურაცხყოფა კი არა, ჩემი ასოციაციაა. მაღაზია „სონის“ საქმის პროკურორი შოთაძე იყო. როცა ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოვიდა, „სონის“ მესაკუთრემ ქონების დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ უპასუხეს, საქმე ხანდაზმულიაო და ეს ცინიზმის აპოთეოზია! ჭიკაიძე, რომელიც „ოცნების“ შს მინისტრი იყო, ჩვენს დროს კი – იმ რაიონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სადაც ქალბატონი წულუკიანი კენჭს იყრიდა, პირდაპირ წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვინმე ალექსანდრე ჭიკაიძე მემუქრება, როგორც კი არჩევები დამთავრდება, უნდა დაგაპატიმროვო.

– რატომო?

– იმიტომ, რომ თეა წულუკიანის შტაბი პირდაპირ მოსკოვიდან იმართებოდა – ქურდები „სკაიპით“ ერთვებოდნენ და დავალებებს აძლევდნენ, ვინ სად უნდა მისულიყო და ამის გამო ჭიკაიძე დევნიდა.

– ეს საიდანღა მოიგონე?

–  რას ნიშნავს, მოვიგონე? – ეს საქვეყნოდ ცნობილია.

– ისიც ცნობილია, 2003 წელს, მიშას ტარიელ ონიანთან რომ ჰქონდა ურთიერთობა…

– რატომ ადარებ?

– სამართლიანობისთვის.

– ხომ არ ვამბობ, რომ ასე იყო ან ასე არ იყო-მეთქი?

– ვერც ამას იტყვი, რომ არ იყო და ვერც კიდევ იმას, რომ მიშა იგორ გიორგაძის ნაჩუქარი მანქანით არ დადიოდა…

– ეს არ ვიცი, მაგრამ ონიანზე მსმენია…

– სხვათა შორის, იმასაც გაგახსენებ, პრეზიდენტი გახდა თუ არა, სააკაშვილი პირველი ვიზიტით მოსკოვს გაემგზავრა.

– დიახ, ურთიერთობა უნდა დაელაგებინა.

– არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ვიზიტის დროს ორი – ოფიციალური და არაოფიციალური პროტოკოლი არსებობდა.

– მაშინ არაოფიციაულური პროტიკოლი უფრო აუცილებელი იყო, რადგან არც ომი გვინოდა და არც – ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნება.

– ღმერთმა დამიფაროს, ვთქვა, აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო-მეთქი, მაგრამ მეგი, სადეპუტატო გამოცდილება გაქვს და მითხარი, საომარ მოქმედებებზე პარლამენტის ნებართვა საჭიროა თუ არა, ან საგანგებო სიტუაცია არ უნდა გამოცხადდეს?

– კი, საჭიროა.

– ესე იგი, მიშამ კანონი დაარღვია?

– კონსტიტუციის დარღვევის უფლება არავის აქვს და ყველამ უნდა დაიცვას!

– ისე, მიშა რამდენი ხანია, არ გინახავს?

– სამი თვე იქნება.

– ბოლოს სად შეხვდი?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– მიშას უკრაინაში შეხვდი?

– უკრაინაშიც შევხვედრივარ, აზერბაიჯანშიც და სარფშიც.

– ამ შეხედრებზე კონკრეტულ დავალებებს იღებ ხოლმე?

– მიშა ჩემი პარტიის ლიდერია.

– „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ვინაა?

– ყრილობაზე აირჩევენ, ახლა მოვალეობის შემსრულებელია.

– ვინ?

– არ ვიცი…

– ყოფილი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის ხომ არ იყო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალები“ ბითუმად „აოცნებდნენ“?

– მაცხოვარზე უკეთესად მეგობრებს ვერ შეარჩევ!

– ნუ მკრეხელობ – მიშას მაცხოვარს ნუ ადარებ!

– არ ვადარებ… ადამიანებს ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის – ალბათ, ეს მომენტიც იყო.

– ძალაუფლებამ ყველაზე ძალიან რომელი „ნაციონალი“ გარყვნა?

– რამდენიმე, რომელიც დღეს „ოცნებაშია“.

– დამიკონკრეტე.

– დავაკონკრეტებ, თუმცა არც ერთი დიდი თანამდებობის პირი არ გარყვნილა და ყველა ისევ იმ გუნდშია, რომელშიც იყო. ჩვენ ფასეულობები გვაერთიანებს და არა – უფასო ფული!

– მეგი, დამიდასტურე ან უარყავი: „ნაცმოძრაობა“ იყო და დღესაც არის თუ არა კლანებად დაყოფილი?

– როცა პრაიმერისი ტარდება, ნაწილი ერთი კანდიდატის მხარესაა, ნაწილი – მეორის. ჩვენი ევროპული პარტიაა და ჩვენთანაც ასეა: პრაიმერისი ტარდება და ორად იყოფი, მაგრამ ეს კლანი არაა.

– მერაბიშვილსა და ახალაიებს შორის კონფლიქტი რეალურად არსებობდა?

– არ ვიცი… ესეც მითია…

– „ოცნებამ“ მხოლოდ სამი „ნაციონალი“ მაღალჩინოსანი – მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა რატომ დაიჭირა?

–  სამხედრო გენერლები დაიჭირეს და რას ნიშნავს, მხოლოდ სამი დაიჭირა? გიგი კალანდაძე არ დაიჭირეს?

– კი, მაგრამ კალანდაძე გამოუშვეს.

– სასამართლომ გაამართლა. სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტლება, რომ 26 მაისში მერაბიშვილი და ყველა უწყება იყო ჩართული, ანუ ბრალად ეს წაუყენეს და სასამართლომ არ გაამართლა. ბაჩო ახალაიას 13 თუ 14 ბრალდება წაუყენეს, მაგრამ სასამართლომ ყველაფერში გაამართლა და დაუტოვა თეთრაძის საქმე, სადაც ირიბი მოწმე ბედუკაძეა, რომელიც ამბობს, გავიგე, ციხის უფროსი ტელეფონით ვიღაცას ელაპარაკებოდა, რომელსაც უთხრა, დიახ, შეფო. ბაჩო ახალაია სისტემიდან 4 წლის წასული იყო და შეფი, სინამდვილეში, კალმახელიძე გახლდათ. ბაჩო ახალაია პოლიტპატიმარია და სტრასბურგი ახლა ვანო მერაბიშვილზეც დებს დასკვნას, რომ პოლიტპატიმარია.

– სხვათა შორის, არსებობს ვერსია, „ნაციონალები“ ფარულად ევროპელ დიპლომატებსაც უსმენდნენ და ახლა ამ კადრებით აშანტაჟებენო.

– ახლა, როგორ უნდა მიანიშნო, რომ გადავიხარხარე?

– დავწერ: ხარხარებს…

– კი, ნამდვილად ვხარხარებ!

– მეგი, ეჭვი არ გიჩნდება, თუ რატომ არ ფიგურირებს არც ერთ საქმეში მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი, რომელსაც ხელი, წესით, ყველა სპეცოპერაციაზე უნდა მოეწერა?

– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ არაერთ ადამიანზე, მაგალითად, შიხიაშვილზე მიჩნდება კითხვა, რატომ არაა დაპატიმრებული, როცა „ქართუ ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით საქმე იყო აღძრული, მაგრამ „ოცნებაში“ გადაბარგდა თუ არა, საქმე შეწყდა.

– გადაბარგება როგორ ხდებოდა?

– ამაში ლილუაშვილი იყო ჩართული… ხაჩირაშვილი, შიხიაშვილი, დეპუტატები…

– ისევ კადრებთან მივდივართ?

– ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანების გადაბირებაში ლელუაშვილი იყო ჩართული.

– ისე, ლევან მამალაძის „მარჯვენა ხელი“ ლელუაშვილი „ნაცმოძრაობას“ როგორ დაუმეგობრდა?

– მხოლოდ ლელუაშვილზე კი არა, ეს კითხვა ბევრ ადამიანზე მაქვს.

–  მეგი,  „ოცნებას“ შენი მოსყიდვა არ უცდია?

–  საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც იმდენ ფულს ვერავინ იშოვის, მე რომ მომისყიდოს!

– ვერც დაგაშანტაჟებენ?

– ჩემნაირ ადამიანს ვერაფრით დააშანტაჟებენ. ვისზეც რამე არსებობდა, „ოცნებამ“ წაიყვანა, რა ნაგავიც  „ნაცმოძრაობაში“ იყო, „ოცნებამ“ წაათრია და ამიტომ აქვს საქმე კარგად. იცით, რა მიკვირს? – 9 წელი სისხლს მხოლოდ მიშა და მე ვსვამდით? ვერულაშვილი, ოქრიაშვილი და სხვა დეპუტატები არ სვამდნენ? „ოცნებას“ უმრავლესობა პორტირებულმა „ნაციონალებმა“ გაუკეთეს.

სხვათა შორის, 2012 წლის პირველი ოქტობრის ღამეს, ჩვენ რომ არ დაგვეთმო და არ წავსულიყავით, იგოეთთან რუსული ტანკები ამოქოქილი იყო და სახელმწიფოს სრული ოკუპაცია იგეგმებოდა. ეს თოფაძემაც აღიარა.

– მეგი, ხალხი ქუჩაში როგორ გხვდება – არ გწყევლის და რაღაცებს არ გეძახის?

– პირველი ოქტობრის ღამესვე მივხვდი, ჩემს ქვეყანას რაც დაემართა, საბოლოო შედეგების გამოცხადებას არც დაველოდე და „ფეისბუქზე“ დავპოსტე, ბრძოლას გიცხადებთ და, „ოცნების“ წარმომადგენლებო, ჩემს ქვეყანას არ დაგაღუპინებთ-მეთქი. დილით, გარეთ გავედი და, მთელი ქვეყანა სიგნალებით რომ დარბოდა, ჩემს სახლთან, სამთავრობო ტრასაზე ვცხოვრობ, ხუთჯვრიანი დროშით ვიდექი, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, მაგრამ არ მახსოვს, ჩემთვის ვინმეს შეურაცხყოფა მოეყენებინოს.

– „ქოცი“ მეზობლები და ნათესავები გყავს?

– კი, ერთი „ქოცი“ ნათესავი მყავს – „ნაციონალებმა“ შევარდნაძის დროს უკანონოდ ხელში ჩაგდებული ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათმობინეს, ამიტომ „ქოცი“ გახდა და ახლა პირღია ოცნებობს.

რაც შეეხება მეზობლებს, ჩემი შიშით, ვინ იტყვის, რომ „ქოცია“ (იცინის).

–  ვთქვათ, ხახვი, ან ზეთი გაგითავდა, „ქოც“ მეზობელთან მიხვალ და ეტყვი, მასესხეო?

– იმათ რომ უთავდებათ, ჩემთან მოდიან, ოღონდ ვეუბნები, დაგმე ბიძინა-მეთქი, გმობენ და მერე ვძლევ! ისე, „ქოცს“ აღარ ვიცნობ – სამუზეუმო ექსპნატიღაა!

– მიშას მთავარი შეცდომა და მთავარი ღირსება რა არის?

– მიშას მთავარი ღირსება ისაა, რომ ჩემი ქვეყნის პატრიოტია, სახელმწიფო ჭაობში შექმნა და „ქოცხროვას“ 9-მილიარდიანი ბიუჯეტი დაუტოვა.

– სამაგიეროდ, დღეს თავისუფლად ვსუნთქავთ…

– თავისუფლად სუნთქავს ჟიჟილაშვილი, „მაესტროდან“ რომ გამოაგდეს, ეკა მიშველაძესა და ინგა გრიგოლიას გადაცემები რომ დაუხურეს.

– ინგას დახურვას არც „ნაცები“ აკლდებდით!

– ათიათასობით საქმე შევიდა ქონების წართმევაზე და ყველას მისწერეს, საქმე ხანდაზმულიაო. თავის დროზე ბესელია, წულუკიანი და სხვები რომ პირდებოდნენ, ყველას დაგიბრუნებთ წართმეულ ქონებასო, არ იცოდნენ, ხანდაზმული რომ იყო?

ტერმინი „ქოცი“ შენ მოიგონე, არა, მეგი?

– სხვათა შორის, საარჩევნო ბიულეტინში ასე წერია „ქოც“, ანუ „ქართული ოცნება“.

– შეიძლება, მაგრამ ეს ტერმინი მაინც შენ დაამკვიდრე. ზიხარ და ამ რაღაცებს სპეციალურად იგონებ?

– ყველაფერი ექსპრომტად მოდის. აი, მაგალითად, „ჭირი იქა, ლხინი – აქა, „ქოცი“ – იქა, „ნაცი“ – აქა“. „ჩახდილი ოცნება“ – ამას რა დიდი მოფიქრება უნდა? სხვათა შორის, ერთხელ, შალვა რამიშვილს ვკითხე, შენ გაგაუპატიურეს-მეთქი? არაო. სხვებიც ამას ამბობენ. ჰოდა, მაშინ თქვან, 26 ათასი კი არა, მხოლოდ 10 გააუპატიურესო, ანუ ყველა უარყოფს და მაშინ, ციხეში ვიღა გააუპატიურეს?

– „ფეისბუქში“ ბევრი „ქოცი“ მეგობარი გყავს?

– „ქოცებს“ ვეუბნები, მოდით, მოდით, დაგიყვავებთ, ნუ გეშინიათ-მეთქი, მაგრამ არ მეკარებიან. სადაც „ქოცს“ ვნახულობ, არგუმენტებით, როგორც იტყვიან, სამარემდე მივყვები და მბლოკავენ!

რუს ოლიგარქ ივანიშვილს პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანი მე უნდა დავაჭდო!

– ფრთხილად იყავი, შენ არ დაგაჭედონ!

– ჩემნაირებს ვერც ლურსმანს დააჭედებენ და ვერც ბუზს აუფრენენ! თვითონ იფიქრონ, რომ მალე „ზონაზე“, შანელის შარფების გადაპარსულ „გოგრებზე“ შემოხვევა მოუწევთ!

– „ნაცების“ დაბრუნების იმედი გაქვს?

– ჩვენ არსად წავსულვართ! გადახედე რეიტინგებს და მიხვდები! კვირიკაშვილის რეიტინგს „რადარიდან გამქრალი“ დათო ბქარაძის რეიტინგი უსწრებს და სად წავედით?

– იქნებ, ბაქრაძე ფარული „ქოცია“?

– დაწერე, რომ კიდევ გადავიხარხარე! „ქოცი“ მენტალობაა და ფარული „ქოცი“ რას ნიშნავს?

– მეგი, სახლში მიშას სურათი რატომ არ გიკიდია?

– აფხაზეთს რომ დაიბრუნებს, მერე დავიკიდებ!

– შენი შემოსავლის წყარო დღეს რა არის?

– დეპუტატის პენსია – აბა, ვერულაშვილივით, „ნაციონალების“ დროს ნაკრძალი არ დამითრევია, რომ გამექირავებინა!

– ბედნიერი ხარ?

– ძალიან  – ძალიან მაგარი ქმარი, შვილები, სიძეები, მეგობრები მყავს.

– ოცნება გიყვარს?

– სიტყვა “ოცნება” შემაძულეს, თუმცა არც ადრე ვოცნებობდი და იმას ვაკეთებდი, რაც მომინდებოდა.

ბექა კალანდაძე

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარის შედეგად გლდანში, სავალ ნაწილზე ხე წაიქცა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელეს