“თაიმერის” შაბათის სტუმარია ბელა ალანია- „ამ წუთების გახსენება მზარავს…“

bela alaniaბელა ალანია: „ამ წუთების გახსენება მზარავს…“

 

„შალვა, ძალიან ფრთხილად იყავი, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი და შენი მოწამვლა უნდათ…“

 

…ეს ინტერვიუ ძალიან ბევრს გააკვირვებს. რატომ? – იმიტომ, რომ იყო დრო, როცა ვმეგობრობდით, მაგრამ 15 წელია, ერთმანეთთან კომუნიკაცია აღარ გვქონია… ამ ხნის განმავლობაში, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა – სხვა თუ არაფერი, ქვეყანაში ხელისუფლება რამდენჯერმე შეიცვალა… მე ისევ ჟურნალისტი ვარ, ის – ისევ პირგამეხებული ოპოზიციონერი, მისი მეუღლე კი, მწერალი გახდა… ჰოდა, ორი თუ სამი თვის წინ, ერთ-ერთ ლიტერატურულ შეკრებაზე შევხვდით. თავიდან ერთმანეთს თვალი ავარიდეთ. მერე, საყველპუროდ გავისაუბრეთ და… ლიტერატურამ 15-წლიანი ყინული რაღაცნაირად გაალღო… შინ დამპატიჟა… სამზარეულოში დავსხედით… ცხადია, ვკითხე, შალვამ თუ იცის, ინტერვიუზე რომ დამთანხმდით-მეთქი. რა თქმა უნდა, იცის და მოკითხვაც შემოგითვალაო… მოკლედ, მე და შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ ბევრი ვილაპარაკეთ. რაზე? – ყველაფერზე და… ისეთი განცდა დამეუფლა, რომ იმ დღეს თითქოს წარსულში დავბრუდი… ასე რომ, ეს ინტერვიუ კი არა, უფრო წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე გამართული დიალოგის სტენოგრამაა… 

 

– ქალბატონო ბელა, ახლა ჩვენ წარსულში დავბრუნდით… გახსოვთ, როგორი კარგი მეგობრები ვიყავით?

– მახსოვს, ამ გრძობას დღესაც პატივს ვცემ და ასე მგონია, გავგრძელდით…

– რატომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც მეგობრობენ, მერე ურთიერთობას წყვეტენ ხოლმე? – მწერალი ხართ და ამის ახსნა, ვფქირობ, არ გაგიჭირდებათ…

– გადატვირთვა, ალბათ, ნებისმიერ ურთიერთობას სჭრიდება – ასე სიყვარულშიც, მეგობრობაშიც და ადამიანები, ალბათ, სიძულვილითაც იღლებიან და მერე, სხვა ეტაპი იწყება. ამბობენ ხოლმე, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო და მგონია, რომ სიძულვიდან სიყვარულამდეც ერთი ნაბიჯია. ეს ურთიერთობის უწყვეტი პროცესია – ადამიანებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ერთმანეთთან ურთერთობით დაიღალნენ. ზოგჯერ კი, წყენაზე პატარები აღმოჩნდებიან ხოლმე, თუმცა მერე, როცა დრო გადის, ხვდებიან, რომ ყველაფერი ეს სისულელეა, რომლისთვისაც ყურადღების მიქცევა არ ღირს. ეს, ალბათ, კარგია. ისე, სწორი არც ისაა, თუკი რამე გეწყინება, ადამიანს ფარისევლურად რომ გაუღიმო და  მოაჩვენო, ყველაფერი კარგადააო. როცა ადამიანები გულწრფელად სცილდებიან, ეს, ალბათ, აუცილებლობაა და თუკი მერე ისევ ხვდებიან, ესეც, ალბათ, ღვთის ნებაა…

– შალვას უთხარით, რომ უნდა გსტუმრებოდით?

– დიახ.

– მერე, რაო, რა თქვა?

– არაფერი. საერთოდ, შალვა ჩემს ურთიერთობებში არ ერევა და არც მეუბნება, ვისთან ვიმეოგობრო და ვისთან – არა…

– ეგ მესმის, მაგრამ ჩვენი შეხვედრა ცოტა სხვა შემთხვევაა…

– არანაირი სხვა შემთხვევა. ჩვეულებრივი შეხვედრაა ჟურნალისტთან და, მგონი, მეგობართანაც – ბევრი საერთო შეხების წერტილი გვაქვს, რაღაც საკითხებზე ვთანხმდებით, შემოქმედება, პოეზია ორივეს გვიყვარს… საერთოდ, ჯობია, რომ ადამიანები ყოველთვის თანხვედრის წერტილებს ეძებდნენ და არა – დაცილების.

– ქალბატონო ბელა, ბევრი წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ვმეგობრობდით, არ წერდით. მწერლობამდე როგორ მიხვედით?

– ასე არ ხდება, რომ ერთხელაც, ადამიანმა გაიღვიძოს და წერა დაიწყოს. ეს პროცესია – მთელი ცხოვრება მოდიხარ, მოდიხარ და ერთ დღესაც ჩათვლი, რომ მზად ხარ, შენი შინაგანი „მე“, სულიერი სამყარო სხვასაც გააცნო… რაც თავი მახსოვს, ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებდი…

– ტაატით, მაგრამ მაინც დასავლეთისკენ მივდივართ, სადაც პოლიტიკოსთა ცოლები საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. როგორც ვიცი, ორგანიზაცია „დედაშვილობის“ ხელმძღვანელი ხარ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვენი სამწერლო ასპარეზზე გამოჩენა შალვას ერთგვარი პიარი ხომ არაა?

– შიშველი პიარის გამო, ადამიანი წერას ვერ დაიწყებს. ამას, მინიმუმ, მცირე ნიჭი მაინც სჭირდება. ისე, შალვა 23 წელია, პოლიტიკაშია და შემეძლო, ჩემი ნაწერები საზოგადოების სამსჯავროზე, ვთქვათ, ათი წლის წინაც გამომეტანა, მაგრამ მაშინ ამისთვის, როგორც გითხარით, მზად არ ვიყავი, თუმცა ცუდს იმაშიც ვერაფერს ვხედავ, რომ ხალხმა პოლიტიკოსის ოჯახი, ამ შემთხვევაში, მისი მეუღლე უკეთესად გაიცნოს.

ჩემი ყველა ნაწერი განცდიანია – ეს ჩემი სულიდან მოდის და როცა ვწერ, არ მახსოვს, რომ პოლიტიკოსის ცოლი ვარ. როგორც კი ჩემს ცნობიერში შემოვა, რომ ნაწერი რაღაც ჩარჩოში მოვაქციო, ანუ დოგმებით ვწერო, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ და სიყალბეს, ერთი მკითხველიც რომ მყავდეს, ისიც მიხვდება…

alania-bela

 

– გულწრფელობას მხოლოდ შემოქმედებაში კი არა, ცხოვრებაშიც არაფერი ჯობია, მაგრამ ქალბატონო ბელა, ბევრი რამ იცით. პოლიტკური ბეტსელერის დაწერა არ გიცდიათ?

– ანალიტიკურ მასალებს ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებ – ამის გამოქვეყნებასაც თავისი დროს აქვს.

– ნებისმიერ ადგილასა და სიტუაციაში წერთ?

– დიახ. როცა რაღაც აზრი მოგდის, მაშინვე უნდა დაწერო, თორემ თუ იტყვი, დავიმახსოვრებ და მერე დავწერო, ტყუილია, რადგან ეს აზრი დაგავიწყდება, ან სხვა სახეს მიიღებს. ჩემი გონება მუდმივად ფიქრობს…

– ახალ ნაწარმოებს პირველად ვის აკითხებთ ხოლმე?

– თუ შინაა, შალვას ვუკითხავ, თუ არადა და, – ჩემს ქალიშვილს, დაკოს.

– შალვა არ გეუბნებათ, დაღლილი ვარ, მოსმენის თავი არ მაქვსო?

– (იღიმება) ერთხელ, ძალიან გვიანი იყო, რაღაც დავწერე და იმხელა ემოცია მქონდა, აუცილებლად ვინმესთვის უნდა წამეკითხა. შალვას ეძინა და გავაღვიძე, არ ესიამოვნა, მაგრამ მომისმინა. მეორედაც ასე მოვიქეცი… მესამედ გაღვიძება ვეღარ გავუბედე და, უბრალოდ, ხმამაღა წავიკითხე. დილით მითხრა, მეორე სტროფის ქვედა რითმამ ყური მომჭრაო. გამიკვრდა, მეგონა, გეძინა და, თურმე, მისმენდი-მეთქი…

– როცა თქვით, წიგნი უნდა გამოვცეო, შალვას როგორი რეაქცია ჰქონდა?

– ნორმალური… რადგან ვწერ, ალბათ, ხვდებოდა, რომ დადგებოდა მომენტი, როცა ასე გავთამამდებოდი – წიგნის გამოცემა, მართლაც, ძალიან დიდი სითამამეა დ ამ დღის ძალიან მეშინოდა.

– რატომ?

– ჯერ ერთი, დღეს წიგნით ვერავის გააკვირვებ. მეორეც, პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ზედაპირული არაფერი მიყვარს – თუ კარგი არ იქნება, ჯობია, საერთოდ, არ იყოს… ისე, როცა პირველი წიგნი გამოვიდა, ზოგმა მითხრა, გვეგონა, პოლიტიკოსის ცოლის მორიგი „პაკაზუხობა“ იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდაო და ეს შეფასება ძალიან გამიხარდა.

– „მოვალ შენამდე“ – ასე ჰქვია თქვენს მეორე წიგნს. ვისთან მისვლას ცდილობთ, ქალბატონო ბელა?

– ყველა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, სათაურში, ვფქირობ, თავის თავს იგულისხმებს…

belaaaaaaaaaaaaaaaa

– შეიძლება, მაგრამ ბელა ალანიას რათ უნდა, რომ მაგალითად, ჩემამდე მოვიდეს?

–  (იღიმება) ყველაზე უნიჭო მწერალსაც უნდა, რომ მკითხველის გულამდე მივიდეს და ეს ნორმალური განცდაა. როგორც, მაგალითად, შალვას უნდა, რომ ბევრი ამომრჩეველი ჰყავდეს და მისი ნააზრევი ყველა ამომრჩევლამდე მივიდეს, ასევე, მეც მინდა, რომ ჩემი მკითხველი მყავდეს და ყველას გულამდე მივიდე.

– მერე, არ გეშინიათ, რომ შალვაზე პოპულარული გახდეთ?

– შალვას არ ვეჯიბრები და არც პოპულარობაზე ვფიქრობ! ყოველ შემთხვევაში, ამაზე არც პირველი წიგნის გამოცემისას მიფიქრია და არც – მეორე. მალე, ალბათ, შემოდგომამდე მესამე – ლექსების წიგნიც გამოვა.

– პროზის წერა უფრო გიადვილდებათ თუ პოეზიის?

– განწყობას გააჩნია, თუმცა პროზაში თავს უფრო კარგად ვგრძნობ…

– რაც შეეხება პოლიტიკურ ანალიტიკას…

– დიახ, სახელმწიფო მოწყობაზე, სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებებზე, წარსულსა თუ გაყალბებაზე ჩემი მოსაზრებები მაქვს, თუმცა ეს დოკუმენტური მასალაა და ვფიქრობ, ასეთი წიგნის გამოცემა ჯერ ადრეა. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა მიზანი, მიზანთან მისაღწევი გზა, რესურსი, შანსი და მხარდაჭერა გვაქვს.

– ეს მიზანი რა არის?

– რა და, – სხვანაირი საქართველო!

– მაინც, როგორი სხვანაირი?

– თავისუფალი და სამართლიანი!

– თქვენი თვალით დანახული თავისუფალი საქართველო ნატო-სა და დასავლეთისგან შორსაა? ქალბატონო ბელა, ახლა, თქვენს პროვოცირებას ვცდილობ…

– ვგრძნობ, რომ პროვოცირებას ცდილობთ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებზე, ჯობია, ჩემს მეუღლესთან ისაუბროთ და ამ ეტაპზე პოლიტიკური პასუხებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მოგვიანებით, ალბათ, გამოვცემ წიგნს, სადაც მსოფლიო რუკაზე საქართველოს ადგილსა და ასეთ საკითხებზე დეტალური ანალიზი იქნება…

– …ქუჩაში რითი დადიხართ?

– მეტროთი, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, კერძო მანქანითაც…

– მანქანის მართვა იცით?

– (იღმება) არა, ამ საკითხში უნიჭო გამოვდექი, თუმცა ამ პრობლემასაც, ალბათ, დავძლევ…

– საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი როგორ გხვდებათ?

– დადებითი ენერგიით, რაც მახარებს, თან დიდ პასუხიმსგებლობასაც მაკისრებს…

– ქალბატონო ბელა, როგორი კარგი მწერალიც უნდა იყოთ, პოლიტიკოსის თანამეცხედრის, ასე ვთქვათ, შარმს მაინც ვერ გაექცევით…

– რა თქმა უნდა…

– ჰოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმიტომ სარგებლობთ, რომ მოსახლეობის განწყობა გაიგოთ?

– საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობისას ჩემი ქვეყნისა და ხალხის უკეთ გაცნობის საშუალება მეძლევა. ვანო, თუ საშუალება მოგვეცემა, ქუჩაში ერთად გავიდეთ და ნახავთ, ხალხი როგორი პატივისცემით მექცევა და როგორ მეფერება.

– აღარც კი მახსოვს, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრი ბოლოს როდის იყო და თუკი ხალხს ასე უყვარხართ, „ლეიბორისტებს“ მუდმივად სარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა რატომღა აქვთ?

– ყველამ კარგად იცის, რომ 1999 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებში, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ბარიერი გადალახა, მაგრამ პარლამენტში არ შეუშვეს. „ლეიბორისტებმა“ ბარიერი, ალბათ, მხოლოდ 2012 წელს ვერ გადალახეს. საერთოდ, ბარიერის გადალახვა ისაა, რომ ხალხი მოგყვება, რისი პრობლემაც შალვას არასოდეს ჰქონია.

– შეიძლება, მაგრამ შალვას, ჩემი აზრით, სხვა პრობლემებიც აქვს. ასე, მაგალითად, მეგობრები ხშირად სკანდალით ემიჯნებიან. ამ თემაზე ცოლ-ქმარს, ალბათ, გილაპარაკიათ… პრობლემა შალვაშია თუ, უბრალოდ, ადამიანები ღალატობენ?

– ჩემს თავს ამ ადამიანებზე ლაპარაკის უფლებას არ მივცემ. საქართველო ძალიან პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის… უშიშროება ძალიან კარგად მუშაობს – როცა ლიდერს ვერ ყიდულობს, გარემოცვას ყიდულობს ხოლმე. ზვიად გამსახურდიაც კი, რომელიც წრფელი იდეებით მოვიდა და ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ არაფერი წაუღია და „დანჯღრეულ“ „მერსედესსაც“ ედავებოდნენ, გახსოვთ, უახლოესმა გარემცვამ რა დღეეში ჩააგდო. ნეტავ, მაშინ პრობლემა ვისში და რაში იყო?..

– ქალბატონო ბელა, შალვა ნათელაშვილი მუდმივად ჭორების ობიექტია. როცა რამე „ახალ ამბავს“ იგებთ, ვიდრე მეუღლესთან გადაამოწმებთ, ბრაზდებით და ნერვიულობთ?

– არ ვნერვიულობ და მხოლოდ იმას განვიცდი, რომ თავის დროზე რატომ ვენრვიულობდი.

– პირველი ჭორი, რაც შალვაზე გაიგეთ, გახსოვთ?

– ჭორებზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან ჭორები არ მაინტერესებს. მე ვცხოვრობ ადამიანთან, რომელიც ენერგიით, თავისი ქვეყნის, მიწისა და ოჯახის სიყვარულითაა სავსე. შალვას შეეძლო, სხვა ქვეყანაში იგივე მატერიალურად უკეთესად ეცხოვრა – როგორ ფიქრობთ, ემიგრაციაში რომ წავსულიყავით, დავიქცეოდით და დავიღუპებოდით?

bela alania

– ემიგრაციაში წასვლაზე გიფიქრიათ?

– ეს, ასე ვთქვათ, სისუსტის მომენტები მქონია, თუნდაც 2007 წელს, ან 2008-ში, როცა შალვამ გულის ოპერაცია გაიკეთა. სხვათა შორის, ემიგრაციაში წასვლის სისუსტე 2003 წელსაც მქონდა, როცა უზარმაზარი ფრაქციით შესული, შალვა პარლამენტს გარეთ დატოვეს…

– ამ სისუსტეზე შალვასთვის გითქვამთ?

– დიახ, მითქვამს, ძალიან დავიღალე-მეთქი. მუდმივად შალვას პრობლემა იმიტომ აქვთ, რომ ძლიერია. მტრები ძლიერებს ჰყავთ, თორემ სუსტებს ის უბედურებაც ეყოფათ, რომ სუსტები არიან!

– წეღან, საუბრის დასაწყისში, „რესტარტი“ ვახსენეთ. თქვენი და შალვას სიყვარულს გადატვირთვა დასჭირვებია?

– წლებია, მუდმივი სტრესის, ბრძოლისა და წინააღმდეგობების ქვეშ ვცხოვრობთ. ჩვენი ოჯახი ძლიერი სწორედ ამიტომაცაა და შემიძლია, იმ ადამიანებს, ვინც შალვას პოლიტიკიდან „ჩაჩოჩებას“ ცდილობენ, მადლობაც კი ვუთხრა, რადგან ყველა უსამართლობა – პარლამენტსგარეთ დატოვება, ოპერაცია თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პირადად მე მაძლიერებდა.

– 2008 წელს, როცა საქმე აღძრეს, გეშინოდათ, რომ შალვას დაიჭერდნენ?

– არასოდეს მიფიქრია, რომ დაიჭერენ. საერთოდ, მუდმივად პოზიტივზე ვფქირობ, რადგან შალვა ნათელაშვილი მაშინაც კი არ ეცემა, როცა ვიღაცას წაქცეული ჰგონია. შალვა, როგორც ადამიანი, ჩემთვის იდეალია და სწორედ ყველაფერი ესაა ის „რესტარტი“, რომელიც ჩემს ოჯახს აძლიერებს და აერთიანებს!

– როგორც ქალს, გაგიმართლათ, რომ შალვას შეხვდით?

– რა თქმა უნდა, გაგვიმართლა – ჩვენი შვილები ძალიან კარგი ქართველები არიან და ჩვენი შეხვედრა თუნდაც ამიტომ ღირდა, რომ ქვეყანას ასეთი ქართველები ვაჩუქეთ!

– ბელა ალანიას ქალის ტვირთი რა არის?

– ყველა ქალი თავის ტვირთს ეზიდება. საერთოდ, ქართველი ქალობა რთულია.

– რა იცით, ქალობა, ეგებ, ამერიკელი ქალობაც რთულია?

– არა, საქართველოში, ანუ მოუწესრგებელ ქვეყანაში ქალობა უფრო რთულია, მით უმეტეს, როცა პოლიტიკოსის ცოლი ხარ, თან როცა რაღაცას წერ და გარკვეული ამბიციაც გაქვს, ამ გზაზე შეიძლება, კრიტიკაც უფრო ბევრი წამოვიდეს და შურიც, მაგრამ იმდენი შური გამოვიარე, რომ ყველაფერს – ლანძღვას, ქებას გაწონასწორებული ვხვდები და ამ მხრივ ტვირთს ვერ ვგრძნობ, თუმცა ტვირთია, რომ ადამიანს, რომელიც ამხელა საქმეს ეჭიდება, გვერდით უნდა დაუდგე და მისი წარმატებაც გაინაწილო და წარუმატებლობაც.

ვანო, ისიც ტირთია, როცა ქუცაში ვიღაც ჩაგეხუტება და გეუბნება, შენ და შალვა ძალიან მიყვარხართ, თქვენი იმედი მაქვსო. იმედის გამართლება ძალიან დიდი ტვირთი და, ამავდროულად, სიკეთეცაა, რადგან გინდა, რომ ამ ადამიანის ცხოვრება უკეთესი გახადო და ეს გულწრფელი სურვილია!

– ემანსპირიებული ქალბატონი ხართ?

– (იღიმება) შეძლებისდაგვარად…

– თქვენს ოჯახში გენდერული ბალანსი დაცულია?

– ფუქნციები გაყოფილი გვაქვს: შალვა გასულია და თავისი საქმე აქვს, მე კი, – ჩემი.

alanaiabelaa

– ქალბატონო ბელა, არადელიკატური შეკითხვა უნდა დაგისვათ და არ გაბრაზდეთ: შალვა გულის ოპერაციას რომ იკეთებდა, წამიერად მაინც თუ დაგიშვიათ, რომ შეიძლება, დაქვრივებულიყავით?

– ვანო, დამიჯერეთ, მაშინ ასეთი აზრი არ მომსვლია და ახლა ვამბობ ხოლმე, ძალიან გულუბრყვილო ხომ არ ვიყავი-მეთქი… მერე, როცა ყველაფერმა გადაიარა, გავაცნობიერე, რა შეიძლება მომხდარიყო… კრიტიკულ მომენტში უფალი ადამიანს, როგორც ჩანს, ისე აძლიერებს, რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, მის თავს რა უბედურება ხდება.

სხვათა შორის, ოპერაციის მერე შალვას ვუთხარი, რომ ევროპაში დავრჩენილიყავით და პოლიტიკური თავშესაფარი გვეთხოვა, მაგრამ მიპასუხა, ეს არასოდეს მოხდება, ჩემს ქვეყანაში უნდა მოვკდე, თუ გინდა, შენ და ბავშვები დარჩით და ჩამოგაკითხავთ ხოლმეო, მაგრამ ამას მეც არ გავაკეთებდი…

– უსიამოვნო წარსულში უნდა დაგაბრუნოთ – ოპერაციას რომ უკეთებდნენ, ტიროდით?

– ამ წუთების გახსენება მზარავს… წარმოუდგენელი ჯოჯოხეთია, როცა შენი საყვარელი ადამიანი საოპერაციო ბლოკაშია, ელოდები და არ იცი, იქიდან გამოსული ექიმი რას გეტყვის!..

მახსოვს, გრძელი დერეფანი იყო, ბოლოში ვიჯექი. საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა და ვიდრე ჩემამდე მოვიდოდა, ვცდილობდი, მის სახეზე ამომეკითხა, ოპერაცია როგორ დამთავრდა. ეს გზა დაუსრულებელი მომეჩვენა. რომ მომიახლოვდა, გაიღიმა… ყველა ნერვი, ასე ვთქვათ, დამიცვივდა, სრულიად უძლური გავხდი, ხმას ვერ ვიღებდი… ავსტრიელმა ექიმმა იხუმრა, შალვა რომ გავჭერი, გულზე „ბელა“ ეწერაო. მერე დამამშვიდა, ყველაფერი კარგადაა და ამ წუთიდან  შალვა ისეთი ჯანმრთელია, თუ მოინდომებს, სპორტის რომელიმე სახეობაში ევროპის ჩემპიონიც გახდებაო.

– შალვას გული პოლიტიკან აატკია?

– არ მინდა, რომ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთ კვირაში, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს პრობლემები შეექმნა – ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, შალვს კი, გულის ოპერაცია დასჭირდა.

– არსებობს ვერსია, რომ პატარკაციშვილი მოწამლეს. იმის თქმა გინდათ, რომ შალვასაც გულის პრობლემა ხელოვნურად შეექმნა?

– მხოლოდ უფლება კი არა, საფუძველიც მაქვს, ასე ვიფიქრო.

– მაინც, რა საფუძველი გაქვთ?

– თვითონ ექიმიც გაკვირვებული იყო და თქვა კიდეც, სისხლძარღვები ასე ვიეტნამში, მფრინავებს ენასკვებოდათო. სხვათა შორის, ძალიან ბევრი შეკითხვაც დამისვა… ცოტა ხანში კი, იგივე დიაგნოზით პატარკაციშვილი გარდაიცვალა და ვანო, რამის გამორიცხვა შეიძლება?

– ცხადია, არა, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა, საეჭვო ხომ არაფერი მომხდარა?

– 2007 წლის ზფხულში მოიწამლა.

– ზაფხულობით ბევრი იწამლება ხოლმე…

– დიახ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოწამვლა არ იყო – ვერც ჭამდა და ვერც სვამდა, ტოქსიკოზიც თვენახევარი გაგრძელდა. არადა, სისხლის ანალიზმა ცვლილება არ აჩვენა…

სხვათა შორის, ვიდრე მოიწამლებოდა, ერთმა ადამიანმა უთხრა, შალვა, ძალიან ფრთხილად იყავი, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი და შენი მოწამვლა უნდათო.

– ის ადამიანიც, ვინც შალვა გააფრთხილა, პოლიტიკოსია?

– დიახ, პოლტიკოსი იყო და გარდაიცვალა…

– პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ანუ მან გააფრთხილა?

– ამას რა მნიშვნელობა აქვს? ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობ, რაზეც არ უნდა ვილაპარაკო… ამაზე შალვა ილაპარაკებს…

– შალვა ნათელაშვილი დღესაც აქტიური ოპოზიციონერია. საფრთხეს გრძნობთ?

– დიახ, შალვა ისევ აქტიურია და ყოველთვის არსებობდნენ და არსებობენ ინტერესჯგუფები, რომელთაც ყოველთვის სჭირდებათ, შალვას წინააღმდეგ ადამიანები მოისყიდონ და გადაიბირონ. შალვა ძალიან კარგი ბიზნესობიექტია, რომელზეც ვიღაცამ შეიძლება, კარგი ფული გააკეთოს! საერთოდ, როცა ადამიანი ოპოზიციაშია, მით უმეტეს, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საფრთხე ყოველთვის არსებობს და იმედია, მოსახლეობაც აცნობიერებს, ადამიანის ეს საქმიანობა რა რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ვიცი, შალვას უფალი დაიფარავს!

– შალვა ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ვთქვათ, მარხულობს?

– დიახ, მარხულობს, ფსალმუნების ნაწილი ზეპირადაც იცის.

– ისე, ამ ივანიშვილს რას გადაეკიდა?

– გადაკიდება სხვა რამეა, ოპოზიციონერის მხრიდან კრიტიკა კი – სხვა.

– ქალბატონო ბელა, თავს დღეს, როგორც ოპოზიციონერის თანამეცხერე უფრო კომფორტულად გრძნობთ თუ მაშინ უფრო კომფორტულად იგრძნობდით, შალვა ხელისუფლებაში რომ იყოს?

– პრობლემებით დახუნძლული საშმობლო გვაქვს და კომფორტულად ვერ იქნები, რადგან ეს სამშობლო მხოლოდ შენთვის კი არა, შვილებისთვის, ხალხისთვის გინდა და სულ ძიებასა თუ შრომაში უნდა იყო, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელს სჯობდეს. თუ მხართეძოზე წამოწვები და ქოთნებში ფულის დაგროვებას დაიწყებ, ოპოზიციაშიც კომფორტულად იქნები და ხელისუფლებაშიც.

– ქალბატონო ბელა, რა ამის პასუხია და, სიდედრობა-დედამთილობისთვის მზად ხართ?

– (იღიმება) მე კი ვარ, მაგრამ მზად ისინი არ არიან!

– თქვენს ქალიშვილს, ან ვაჟს, მაგალითად, „ნაციონალი“ რომ შეუყვარდეს, გააპროტესტებთ?

– პოლიტიკურ შეხედულებას მნიშნელობა არ აქვს. ის, ვინც ჩემს შვილს შეუყვარდება, პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს!

bela

– ქალიშვილის მზითევი გამზადებული გაქვთ?

– (იცინის) არა და ჩემს შვილს ამის გამო ნურავინ მოიყვანს!

– არც იმას გააპროტესებთ, თქვენი რომელიმე შვილი პოლიტიკაში რომ წავიდეს?

– ამის სურვილი არ მაქვს, თუმცა ბექა მამამისის გვერდით დგას – პარტიაში საერთაშორისო ურთიერთობებს კურირებს. ნამდვილად ვიცი, რომ უშიშროება ბექას ვერასოდეს გადაიბირებს და პარტიის გასახლეჩად ვერ მოისყიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკას გაჰყვება!

– „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ხართ?

– არა…

– ქალბატონო ბელა, ვინაიდან „სექსების სკანდალი“ აქტუალურია, გამორიცხავთ,  რომ რამე, შეიძლება, შალვასაც გამოუქვეყნონ?

– საერთოდ, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ხელისუფლებას ოპონენტებთან სასაუბრო არაფერი აქვს და ზემოქმედებისთვის ამ მორალურ ხერხს იყენებს! ისე, არ მგონია, შალვას რამე „დაუდონ“.

– არასოდეს არ თქვათ „არასოდეს“, მით უმეტეს, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, ფარული ჩანაწერები, ოღონდ – არაინტიმური, ნათელაშვილზეც ვნახეთ…

– ეს შეთითხნილი ფირები იყო! საერთოდ, საქართველოში ყველაფერი „მოსულა“…

–   ბედნიერი ხართ?

– ძალიან!

– ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბედნიერი როგორ ხართ, ქალბატონო ბელა?

– ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით ჩემი ოჯახია! ჩემი ქვეყანა რომ წელგამართული იყოს, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი!

ვითრგუნები, როცა ქუჩაში, ან სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი დახმარებას ითხოვს! პრობლემა ერთჯერადი დახმარებით არ გვარდება! ძალიან ცუდია, რომ მთელი ქვეყანა ერთჯერადი დახმარების იმედით ცხოვრობს და ასე სახელმწიფოს ვერასოდეს ავაშენებთ! ქუჩაში დგომა კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ასეთი ადამიანების სიმრავლე, ვფიქრობ, ყველას გვთრგუნავს. ყველაფერი ეს ადამიანის აზროვნებას ანგრევს. ეს საკითხები რომ გადაწყდეს, სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო!

შემთხვევით ვისარგებლებ და ერთ შეკითხვას დავსვამ: ძველი თუ ახლანდელი ხელისუფალნი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ქუჩაში დგანან, პასუხისმგებლობას გრძნობენ თუ არა, ან არსებობს  სტატისტიკა, ქვეყანაში რამდენი მათხოვარია?  ურთულესი მომენტია, რომ ადამიანი გავიდეს და ქუჩაში ხელგაწვდილი დადგეს, ეს საკუთარ თავთან ბრძოლაა და ამ ბროლაში უმწეობა იმარჯვებს!

– ქალბატონო ბელა, საკუთარი შემოსავალი გაქვთ?

– არა, თუმცა მინდა, რომ მქონდეს…

– წიგნები ცუდად იყიდება?

– მეორე წიგნი კარგად გაიყიდა და ის თანხა, რაც შემოვიდა, საქველმომქედო ღონისძიებებზე დავხარჯე.

– პროფესიით ვინ ხართ?

– ეკონომისტი და იურისტი.

– მერე, თქვენი პროფესიით სამსახურის შოვნა არ გიცდიათ?

– (იღიმება) შალვას ცოლის დასაქმებას რომელი ხელისუფლება მოისურვებს?

– გულწრფელად მითხარით, ოდესმე პირველ ლედობაზე გიფიქრიათ?

– (იცინის) ახლა ვიფიქრებ… საქართველოს ისტორიაში ყველაზე კეთილი პირველი ლედი ვიქნები! როგორი თავმდაბალი ვარ, არა?!

– ბიძინა ივანიშვილის ცოლს რომ შეხვდეთ, როგორც ქალი ქალს, რას ჰკითხავთ?

– ვეტყვი, რომ ძალიან კარგი ქალია, რადგან ოთხი შვილი გააჩინა!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიდიღომში სასწრაფო დახმარების მანქანა ბოძს შეეჯახა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ქართული შეიარაღებული ძალები მზად არის მთლიანად პროფესიულ ჯარზე გადასვლისთვის