ზუგდიდში, გვიან ღამით ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ძმები ემსხვერპლა.
ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა, ორი ბავშვი კი, კლინიკაშია მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფოტოზე აღბეჭდილია ტრაგიკულად დაღუპული ბავშვები.
ადგილობრივების თქმით, სოციალურად დაუცველი მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა.
ხუთ ბავშვს ეძინა იმ ავბედით ღამეს ბინაში მშვიდად, მეექვსე სართულზე ხანძრის გაჩენა ვერ იგრძნეს. მხოლოდ მაშინ, როცა ცეცხლი დიდ ფართობზე გავრცელდა, უფროსმა სამმა ყვირილი ატეხა, ისინი კარებისკენ გაიქცნენ, მაგრამ გარედან ჩაკეტილი კარი შიგნიდან ვერ გააღეს. დედა იმ ღამითაც სამუშაოდ წავიდა, შვილები დაძინებული დატოვა, სანთელი კი ანთებული, რადგან პატარებს სიბნელის ეშინოდათ
„ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო, მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა ხანძარს თავი დააღწიეს, თუმცა დაზიანებები აქვთ მიღებული და ორივე კლინიკაშია მოთავსებული. დაღუპულები ტყუპები იყვნენ. როგორც ვიცით, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვის წინ სოციალურმა სააგენტომ დედას დაუბრუნა. უფროსი გოგო ძალიან ჭკვიანია და პატარებს დედის არყოფნის დროს, ის აქცევდა ყურადღებას“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.