თაღლითობაში ბრალდებულ სიხუაშვილს კონტრაქტი გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს

„ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორსა და მფლობელს გამოძიებამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. საქმე ეხება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას.

კერძოდ, საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

პარალელურად კი უკვე ხმაურიანი საქმე კიდევ უფრო სკანდალური ხდება. ირკვევა რომ შპს-ს, რომლის საქმიანობას სუს-ი იძიებდა, 7 მილიონიანი კონტრაქტი პრემიერის დავალებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაუფორმა. ირკვევა ისიც, რომ ამ კომპანიის დირექტორი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.

დაკავებული ალექსი სიხუაშვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა სამართალდამცავი უწყება. როსტომ ლაზარია ადასტურებს, რომ სიხუაშვილი უკვე ორი თვეა სუს-ში გამოკითხვაზე დადის.

„ედავებიან მას თითქოს და ქვიშა არ განათავსა ამ მილსადენების ქვევით ე.წ. „ბალიშების“ სახით. საუბარია იმაზე, რომ პროექტში იყო გათვალისწინებული მხოლოდ 400 კუბი ქვიშის განთავსება. რეალურად კიდევ, პროექტს სჭირდებოდა 1200 კუბი ქვიშა, რაზეც წერილი არის შესაბამის დამკვეთთან გაგზავნილი, რომ ეს არ იყო საკმარისი აღნიშნული მაგისტრალისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ედავებიან, რომ თითქოს ქვიშა მოიპარა და არ ჩაყარა იმ რაოდენობის ქვიშა, რაც უნდა ჩაეყარა. ფაქტი კიდევ სხვა რამეზე მეტყველებს, რომ 400 კუბი ქვიშა საკმარისი არ იყო ამ 4 კილომეტრიანი მილსადენების ქვეშ განსათავსებლად და შესაბამისად, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.მე როგორც ვიცი, სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული და სხვა მეტი არაფერი,”-აცხადებს ლაზარია.

ლაზარია ამბობს, რომ სიხუაშვილი გავრცელებულ ყველა ინფორმაციას უარყოფს

“უარყოფს ყველა ფაქტს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მე შემიძლია რამდენიმეზე კომენტარი გავაკეთო წალკასთან დაკავშირებით, სადღაც თითქოს და წყლით მოიწამლა მოსახლეობა. უბრალოდ პროექტში არ იყო გათვალისწინებული ფილტრების დაყენება და შესაბამისად, როგორც კომპანია ვერ უზრუნველყოფდა ამ ფილტრების დაყენებას, ვერ გასცდებოდა იმ პროექტს რაც იყო დაკვეთა,“- როსტომ ლაზარია.

banner
წინა სტატიაშიადგილზე იყო, იძახდა, რომ ორი კაცი მოვკალიო, წამიყვანეთო – აგარაში სასტიკი მკვლელობის დეტალებს ჰყვებიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს