თაღლითობა სხვისი სახლის ფოტოებით – რატომ არ რეაგირებს შსს?!

“თაიმერის“ ჟურნალისტს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

როგორც დაზარალებული მ.ა განმარტავს, ოქტომბრის მეორე ნახევარში დაბადების დღის აღსანიშნავად საცხოვრებელი სახლის დაქირავება გადაწყვიტა. სოციალურ ქსელში იპოვა მისთვის სასურველი სახლი, მოეწონა და დაუკავშირდა ე.წ. მეპატრონეს. შეთანხმების შემდეგ, რამდენიმე საათში, თაღლითმა მას თანხის ნაწილის წინასწარ ჩარიცხვა სთხოვა, მოგვიანებით კი დარჩენილი თანხაც ჩაარიცხინ და ბავშვის ავადმყოფობა მოიმიზეზა.

დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, მ.ა.-მ გადაწყვიტა, ქირით აღებული სახლი ადგილზე ენახა, რათა მომზადებული მისულიყო. თუმცა, ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ გლდანის ტბასთან ასეთი სახლი საერთოდ არც არსებობდა. ამის შემდეგ, ე.წ. მეპატრონე გარკვეული დროით კვლავ გამოდიოდა კონტაქტზე, საუბარს წელავდა და თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შემთხვევას მსგავსი სცენარით სხვა “მსხვერპლებიც” ჰყავს.

მომხდარის შემდეგ მ.ა. პოლიციაში მივიდა და სამართალდამცავებს ყველა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ განცხადების შეტანიდან 25 დღე გავიდა, უწყების მხრიდან რეაგირება ჯერ არ მომხდარა.

„თაიმერის“ ჟურნალისტი ესაუბრა კიდევ ერთ დაზარალებულსაც, რომელიც ზუსტად იგივე სქემით მოტყუვდა. მისი ინფორმაციით, სახლზე 22 ნოემბერისთვის ჯავშანი ჰქონდა გაკეთებული, თუმცა, საბოლოოდ, ისიც თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

დაზარალებულების თქმით, თაღლითურ სქემაში მხოლოდ ისინი არ არიან გახვეულები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თაღლითს გამოყენებული აქვს სხვა პირის სახლის ფოტოები.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაში22 ონლაინ მედიის ერთობლივ განცხადებას “თაიმერიც” უერთდება
შემდეგი სტატიაNATO-ს გენერალური მდივანი: “ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით”