ტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება

9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა პროფესიული დღე საერთაშორისოდ აღინიშნება. 2020 წლიდან, მას მერე, რაც საქართველოში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ.

ტესტერთა საერთაშორისო დღე, საქართველოში მისი აღნიშვნის დასაბამიდან დეველოპერულ კომუნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ერთდღიანი ფორუმი ონლაინ-ფორმატში ჩატარდება ტესტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძელბა დასწრება წინასწარი რეგისტრაციით.

წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია: ღონისძიებაზე მოხსენებით ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამოვლენ, მათ შორის ISTQB-ის პრეზიდენტი და სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ოლივიერ დენოო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების ეთიკურ საკითხებს მიმოიხილავს; Slido-ს SDET & QA ლიდერი და Cypress.io-ს ოფიციალური ელჩი, ფილიპ ჰრიქი, რომელიც Cypress-ის მიმართულებით ტესტირების ავტომატიზაციის საწყისებზე ისაუბრებს; და პროგრამული უსაფრთხოების ტესტერი ემნა აიადი, რომელიც მსმენელს მოუყვება, თუ როგორ გაიზარდონ ტესტირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ უცხოელ მომხსენებლებთან ერთად, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით სფეროს წამყვანი ქართველი ექსპერტებიც გამოვლენ.
ღონისძიების ნაწილი ტესტირების შემასწავლებელ ქართულ პლატფორმებს – თიბისი IT აკადემიას, GITA-ს, Epam Georgia-ს და Softfan-ს დაეთმობა, რა დროსაც, მათი წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.

ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 სექტემბერს, დღის პირველ საათზე დაიწყება, ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/394309058779699

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება
შემდეგი სტატიაგაბუნია – კოვიდპანდემიის თემა პირველი დღიდან იყო გარკვეულწილად პოლიტიზებული და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად