ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ მზად ვიყავი, უარი მეთქვა NATO-ზე – მიხეილ სააკაშვილი

„ჩემთვის ჩემი ქვეყანაა მთავარი“, – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას კითხვას, მართალია თუ არა, რომ ის მზად იყო უარი ეთქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და დაეტოვებინა საქართველოში რუსული ბაზები. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში ნათქვამი ფრაზა შეახსენა:

„თუ ტერიტორიებს მოგცემთ ყველაფერზე უარს ვამბობთ, მათ შორის, NATO-ზეც კი. 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, NATO-ზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ, დავამყაროთ მშვიდობა – ანუ თქვენ თანახმა იყავით ბაზების დატოვებაზეც და NATO-ზეც უარს ამბობდით ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?“ – მიმართა გვარამიამ ექსპრეზიდენტს, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა.

„ჩვენ მივიღეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ. რუსები იყვნენ და გაყრა მათი იყო შეუძლებელი, ამიტომ ამას ვთავაზობდით. ცხინვალი იგულისხმებოდა, რომ ნელ-ნელა ჩვენ იმას წავიღებდით, ნელა-ნელა კი არა, მიგვქონდა სწრაფი ტემპებით, ჩვენი სამშვიდობო შეტევით. მაგას დაარქვა კარლ ბილტმა “დისკოთეკების დიპლომატია”, როდესაც ბონი ემი ჩავიყვანეთ. ეს ერთჯერადი ღონისძიებები იყო, მაგრამ მთელი არსი იყო რაში, შევურიგდით იმ ადამიანს, ვინც გვესროდა, დიმა სანაკოევს. ვაპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი. გავუკეთეთ მთავრობა მათ და ვეუბნებოდით, აჰა, ოსების მთავრობაა, თან ყოფილი სეპარატისტების, ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ საქართველოში, რა თქმა უნდა და რუსეთი გაუშვით და მერე რუსეთში აღელდნენ და მთელი ე.წ. ცხინვალის მთავრობა ჩაანაცვლეს რუსეთი ოფიცრებით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე ,დაიწყო თუ არა საქართველომ ომი და დაბომბა თუ არა მან მძინარე ცხინვალი, როგორც ამაზე ოპონენტების საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს სისულელეა.

„ვინ უნდა დაგვებომბა, ხალხი არ იყო იქ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვარამიასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის მთავრობა“ სპეციალურად შექმნეს და დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი პრეზიდენტი დანიშნეს, რომ ოსებისთვის ეჩვენებინათ, მათ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეეძლებოდათ თავიანთი მთავრობის ყოლა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დადგეს საკითხი ისე, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, არ გაბედავს ამის აღიარებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ინტერესში შედის, რომ ოფიციალურად დოკუმენტით დადასტურდეს, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო.

„ესენი გააკეთებენ შემდეგს – რამდენიმე ჩვენს სამხედროს წაუყენებენ ბრალს, აღმოჩნდება, რომ ქართველებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, იქ ცხინვალელებსაც წაუყენებენ, რამდენიმე სხვა ქვეყანა აღიარებს, კოსოვოს აკეთებენ აბსოლუტურად. მათი ამოცანა არის, ამას აკეთებენ ივანიშვილის, წულუკიანის მეშვეობით, ზურაბიშვილის მეშვეობით, ჩვენი სამხედროების ჩასმა კი არ არის მიზანი, მიზანი აქ არის იურიდიული ცნობა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: დადასტურებაც და უარყოფაც ჩარევა გამოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ყველა იმ მებრძოლს გადაუგზავნეს ბესელიას კადრები, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ შედგენილ სიაში იმყოფება