ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს აპროტესტებენ. წერილში ნათქვამია, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემით, “აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა”.
“დეპუტატებმა არ წარუდგინეს საზოგადოებას ინფორმაცია ახალი კოორდინატების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. მანამდე დადგენილი კოორდინატებით, ეს არის 345 ჰექტრის ტერიტორია, რომლიდანაც 180 ჰექტარი არის ზღვის აკვატორია, 155 ჰექტარი ბიჭვინთის ნაკრძალი, რვა ჰექტარი – ბიჭვინთის საცხოვრებელი კვარტლები.
ამგვარად, აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი განცალკევდა და შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებმა დაკარგეს წვდომა ქვეყნის საზღვაო საზღვრების ნაწილთან, უნიკალურ ნაკრძალთან და ერთადერთ საზღვაო უბესთან, რომლის სიღრმეც იძლევა საშუალებას, რომ იქ გემები შევიდნენ და გააჩნია საუკეთესო სანავიგაციო პირობები.
დეპუტატებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ აფხაზეთის საზოგადოებისთვის, რომელიც პარლამენტთან იყო შეკრებილი, რატომ იყო აუცილებელი საგანგებო სხდომის გამართვა და ამ ქმედებებით აჩვენეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში სრული სამართლებრივი ქაოსია. შედეგად, ჩვენ საქმე გვაქვს ტერიტორიის დაკარგვის უპრეცედენტო შემთხვევა არა საომარ, არამედ მშვიდობიან დროს”, – აღნიშნულია წერილში.