ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას სამხრეთ კორეის უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დღეს, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (UST) წარმომადგენლები შეხვდნენ და საინჟინრო დარგების მიმართულებით, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, განათლების ინტერნაციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი საინტერესო წინადადებით ეწვია ტექნიკურ უნივერსიტეტს. მისი თქმით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი კრიტერიუმები, რითაც სამხრეთ კორეელი კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს UST-ის სასტიპენდიო პროგრამაში ჩართავენ.

„ინტერნაციონალიზაცია ძალიან საინტერესო მიმართულებაა მთელ მსოფლიოში, რასაც არაერთი დადებითი მხარე აქვს. როდესაც სტუდენტი მიდის სხვა ქვეყანაში რაიმე კონკრეტული კურსის შესასწავლად, ის ასევე ეცნობა იმ ქვეყნის ცივილიზაციას, ტრადიციას, კულტურას, რაც მნიშვნელოვანია მისი მომავლისთვის. სამშობლოში დაბრუნებული ასეთი სტუდენტები უკვე სხვა კუთხით აფასებენ საერთაშორისო პროცესებს, რაც უთუოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, მიიწვიოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბაკალავრები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად და ჩართოს ისინი თავის სასტიპენდიო პროგრამებში. მსგავსი წინადადებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჯერ არც ერთ უცხოურ უნივერსიტეტს არ მიუმართავს. ამდენად, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი სტუდენტებისთვის. კორეულ უნივერსიტეტს, პრაქტიკულად, ყველა საინჟინრო-ტექნოლოგიური სპეციალობა აქვს და იმის რესურსიც გააჩნია, რომ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლება ინგლისურ ენაზე წარმართოს, ამასთან, თითოეული სტუდენტისთვის უზრუნველჰყოს საცხოვრებელი პირობები და სტიპენდია 1500 დოლარის ფარგლებში. სამხრეთ კორეელი კოლეგები, საწყის ეტაპზე, ყოველწლიურად ხუთი სტუდენტის სწავლის სრულად დაფინანსებას გვთავაზობენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ბაკალავრის დიპლომი და ინგლისურ ენაში „ტოიფელის“ სერთიფიკატია“, – განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.

სამხრეთ კორეის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (University of Science and Technology – UST), რომელიც 2003 წელს დაარსდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანებაა. მისი კამპუსები განთავსებულია ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სეული, სუვონი, ჩონგონი, ანსანი, სეონონმენი და დიჯეონი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – მთავარი კვლევა არჩევნებია, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ახალი შენობა გაიხსნა