ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიხსნა მე-2 საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია – „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“.

კონფერენცია სამდღიანია და მასში მონაწილეობს საქართველოს, პოლონეთის და აზერბაიჯანის აგრარული სფეროს სპეციალისტები, პოზნანის და ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები და ექსპერტები.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

„პოზნანის უნივერსიტეტთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოზნანის მუნიციპალიტეტს, რომელმაც 2008 წელს, როდესაც საქართველოს ძალიან უჭირდა, თანადგომა გამოგვიცხადა და ჩვენი სტუდენტების სწავლა დააფინანსა. ეს მხარდაჭერა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო და ის არ დაწყებულა 2008 წელს. ჩვენს ურთიერთობებს ღრმა ფესვები აქვს, რაშიც დიდი წვლილი ორ ადამიანს მიუძღვის – სოლომონ ქურდიანს, რომელმაც პოლონეთში მიიღო განათლება, იქ მოღვაწეობდა და დიდი წვლილი შეიტანა პოლონეთის სატყეო მეურნეობის განვითარებაში და ლუდვიგ მლოკოსევიჩს, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა და ლაგოდეხის ნაკრძალის განმავითარებელია. ეს ორი ადამიანი ჩვენი ურთიერთობის სიმბოლოა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტსა და პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის მჭიდრო კავშირია, ასევე, კორნიკის ინსტიტუტთან. ეს არის იმ გზის გაგრძელება, რომელსაც მლოკოსევიჩმა და ქურდიანმა დაუდეს სათავე. სწორედ პოლონეთში გაიზარდა ლევან ჩოფლიანი, რომელიც ბრწყინვალე მეცნიერად ჩამოაყალიბდა “, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება ემთხვევა პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველოს დამოუკიდებლობაც 100 წელს ითვლის. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა თავიდანვე კარგად დაიწყო. წარსულიდან ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ის ფაქტი, რომ ასზე მეტი ქართველი პოლონურ ჯარში მსახურობდა. ისინი, თავიდან, მხოლოდ რამდენიმე წლით აპირებდნენ პოლონეთში ყოფნას, მაგრამ საქართველოში იმ დროს განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთში დარჩენა მოუწიათ. ისინი გერმანელებს ებრძოდნენ, შემდგომ აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა, რუსებმა 20-მდე ოფიცერი დახვრიტეს. ასეთია ისტორიული წარსული, რომელმაც ორ ერს შორის მეგობრობა ჩამოაყალიბა, რაც დღესაც წარმატებით გრძელდება“, – განაცხადა პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, გრზეგორზ რაჩკამ.

სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლონურმა მხარემ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი გაგოშიძე პოლონეთის სატყეო საქმის საპატიო მედლით დააჯილდოვა და მას სამახსოვრო საჩუქარი – პოლონელი მეტყევის დაშნა (კორდელასი) გადასცა.

საქართველოს ტექნიკურ და პოზნანის უნივერსიტეტებს შორის 10-წლიანი თანამშრომლობის შედეგების შესახებ ისაუბრეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გიორგი ქვარცხავამ, პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის, სატყეო ფაკულტეტის პროფესორებმა – რომან გორნოვიჩმა და სეზარ ბეკერმა; აზერბაიჯანის სატყეო სფეროს განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი, ზაქირ იბრაგიმოვი, პოლონეთის გარემოსა და სატყეო სისტემების დაცვის საკითხებზე ისაუბრა ზბიგნევ სოლტისინსკიმ, საქართველოში გარემოსდაცვითი ღონისძიებებები, სატყეო დარგში მიმდინარე პროცესები და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპები განიხილა ნიკო თევდორაშვილმა.

საერთაშორისო სამდღიან კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. პოლონური მხარე კონფერენციის მონაწილეებს პოლონეთის სატყეო სფეროში არსებულ მდგომარეობას გააცნობს და იმ მდიდარსა და წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც პოლონეთს ამ დარგში გააჩნია.

banner
წინა სტატიაში8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 2004 წელს, 11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმეზე დააკავეს
შემდეგი სტატიაშორიდან გადაუღია სურათი, რომ მიდიოდა, უთვალთვალებდა ალბათ, – გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის შესახებ საუბრობენ