ტექნიკურ უნივერსიტეტში დიანა ნაფეტვარიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„მეორედ შემოვაღე ეს კარი, ძალიან ვნერვიულობ“, – და, კარი გაიღო…

ის ნერვიულობდა, ჩვენ კი ვათვალიერებდით  თეთრად შეღებილ კედლებს, სადაც ქუდები – ჩიტის ბუდესავით იყო დამაგრებული… ფერად-ფერადი, ლამაზი… აი, თითქოს ახლა ამოფრინდება ბუდიდან მერცხალი…

ეს დიანა ნაფეტვარიძის „მეორე მერცხალია“ – მეორე გამოფენა!

ის, პროფესიით მხატვარი არაა. ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკამანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და იგივე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, შემდეგ იურისტის პროფესიას დაეუფლა და დღეს კი შსს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს.

დიანა ნაფეტვარიძე:

_ ეს არის ჩემი ნამუშევრების რიგით მეორე გამოფენა. მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს. შარშან, ისე როგორც წელს,  სწორედ აქ, ჩემი მშიობლიური უნივერსიტეტის გალერეაში – „უნივერსი“ – შედგა პირველი გამოფენა. წელსაც, ისე როგორც შარშან, სწორედ, ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაინტერესდა ჩემი ნამუშევრებით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მათ ამისთვის მადლობას.

_ რა სიახლეები წარმოადგინეთ წელს?

_ წელს ბევრი სიახლე შევთავაზე ხელოვნების მოყვარულებს, აქ მთავარი თემაა ყურებიანი ქუდი, ე.წ. უშანკა.

_ ძალიან საინტერესო ნიმუშები გაქვთ წარმოდგენილი.

_ დიახ, „უშანკა“ რუსულ ხასიათს ატარებს ზოგადად, მაგრამ ჩემი ქუდები კავკასიური, ქართული ბეწვითაა შეკერილი, არის ძალიან ლამაზი, მსუბუქი, ინარჩუნებს კავკასიური ბეწვის თვისებებს, არის ძალიან თბილი და რაც მთავარია, ატარებს როგორც დამცავ, ასევე  სამკურნალო თვისებებს.

_ ძალიან ლამაზია.

_ დიახ, გეთანხმებით, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა.

_ დღეს გამოფენა-გაყიდვაა?

_ არა, მხოლოდ გამოფენა. გაყიდვას რაც ეხება, არ მიფიქრია ამაზე.

_ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელისაგან ხელოვნების ასეთი ნიმუშების შექმნა, ჩემთვის პირადად, ცოტა წარმოუდგენელია.

_ რატომ? სულაც, არა. პროფესიით ინჟინერი ვარ, იურისტი, მაგრამ აღმომაჩნდა ნიჭი, რომელიც მაძლევს განტვირთვის საშუალებას. როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს, ეს არის წარმოუდგენელი ბედნიერება.

_ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, სპონსორი გყავთ?

_ ძვირადღირებულიცაა და შრომატევადიც. არა, სპონსორი არ მყავს, ჩემს ხელფასს ვანაწილებ, ბევრ რამეს ვიკლებ და ვცდილობ „არაფრისაგან“ სილამაზე შევქმნა, ეს დედამ მასწავლა.

_ ოჯახში მხოლოდ თქვენ ქმნით მსგავსს სილამაზეს?

_ დედა, მედეა ყუფარაძე, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იყო ეკონომისტი და მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, იყო ჩემი პირველი მასწავლებელი.

_ ოქროსხელება.

_ დიახ, ოქროსხელება. ჩემს შვილს, მარიამს, თოიძე აქვს დამთავრებული. ჩემი პირველი შეხება, ასე ვთქვათ გაცნობა, თექასთან, მარიამის დამსახურებაა. მედეა, ჩვენი ოჯახის პატარა გოგონა, 10 წლისაა და უკვე ხელოვანია. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა სამეჯლისო ცეკვებმა… სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი, ცეკვის გაჯკვეთილებმა, სერიოზული შინაგანი განვითარება და თავისუფლება მომცა. ჯამში მივიღე ის, რაც ვარ.

_ ცეკვის გავლენა?

_ დიახ, ძალიან დიდი  გავლენა მოახდინა. ვიყავი სერიოზული, ფრიადოსანი ბავშვი. ცეკვა რომ დავიწყე, ჩემი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ თითქმის არასდროს ვიღიმოდი.  პედაგოგი დედას, დედა კი მე მთხოვდა ცეკვის დროს გამეღიმა, არადა,  ანსამბლის („გაზაფხული“, ქორეოგრაფი თენგიზ სანაძე) წევრი და სოლისტი ვიყავი. საბოლოო ჯამში ცეკვამ მასწავლა, არა მხოლოდ მოძრაობის თავისუფლება, აზროვნების თავისუფლებაც, ცეკვამ მომცა შინაგანი თავისუფლება.

_ ეს არის თქვენთვის ბედნიერება?

_ საოცარი! ყოველთვის ვამბობ, არ მახსოვს ვინ ვიყავი თექამდე, მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, დავამთავრე ასპირანტურა, ვიმუშავე დისერტაციაზე, მივიღე იურიდიული განათლებაც, ჩემთვის ეს ეტაპი აღარ არსებობს.  ვერ წარმომიდგენია როგორ ვიყავი თექამდე.

_ რას ურჩევდით მომავალ თაობას?

_ იშრომონ, უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. ხელოვნება თავადაა ისეთი სფერო, რომ მისით წაგიყვანს, გზას გიჩვენებს. მთავარია სიყვარული და შრომა.

 

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება არ დადგება
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი: შენდობის დღე თუ ფარისევლობა ქართულად?!