ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან, უახლოესი მომავლიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელზეც, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფროფ. პი ჩანგჰონგმა იმსჯელეს, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა.

ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, პი ჩანგჰონგის განცხადებით, სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით და ეკონომიკურ პროცესებსაც მოიცავს.

„ჩინეთში სამი მძლავრი სახელმწიფო აკადემიაა – მეცნიერებათა, საინჟინრო და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. სწორედ ეს სამი აკადემია ქმნის ჩინეთში სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. სტუ-მ მემორანდუმი გააფორმა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან, სადაც 30 კვლევითი ინსტიტუტი შედის. ეს სერიოზული ინსტიტუციაა, რომელმაც თანამშრომლობა შემოგვთავაზა ეკონომიკის, სოციალური მეცნიერებებისა და მედიატექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის სპექტრი საკმაოდ დიდია და ეს, პირველ რიგში, ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესებში შედის, რადგან ამ მიმართულების 5 000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და საკმაოდ სერიოზული კვლევითი პოტენციალი გაგვაჩნია. ამას გარდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ინსტიტუტიც ფუნქციონირებს. ამდენად, ის, რაზეც დღეს შედგა საუბარი პირდაპირ კავშირშია, როგორც ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე, ჩინელ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ამოქმედებასთან“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერეს. დღესვე, ქართული და ჩინური მხარე ლოჯისტიკის ცენტრის ჩამოყალიბების გეგმასაც განიხილავს. აღნიშნული ცენტრი ჩინური მხარის ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიუნდა მოვამზადოთ საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ერთობლივი წერილი
შემდეგი სტატიაThe Washington Post: კოსოვოში მომხდარი გატაცების შემდეგ ყველა ქვეყნის მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს