ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები წიაღის ეროვნულ სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა , რომლის მიზანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სააგენტოს მუშაობის შესწავლა და სააგენტოში პრაქტიკა იქნება.
„ ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის რიგი ასპექტები, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენ და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ თქვენგან აკადემიური კუთხით. შევთანხმდით, რომ პრაქტიკული ხასიათი მივცეთ და ქმედით ნაბიჯებში გადავიტანოთ ეს ზოგადი ჩარჩო დოკუმენტი. მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია მხარეებს შორის და ვფიქრობთ, რომ მისი ხელმოწერა უკვე შესაძლებელია. დანარჩენს კი, თანამშრომლობის კუთხით, დრო გვიჩვენებს. თქვენი სტუდენტებისთვის წიაღის ეროვნული სააგენტოს კარი ღიაა, რომ გაიარონ საველე პრაქტიკები, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ის ვრცელი გეოლოგიური მასალა და დოკუმენტაცია, რაც სააგენტოში გენერირდება, რაც სტუდენტებისთვის მრავლის მომცემი უნდა იყოს პრაქტიკული თვალსაზრისთ. ჩვენ მოტივირებულები ვართ და ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დიდ სურვილს გამოვხატავთ, როგორც პრაქტიკული, ასევე, აკადემიური კუთხით. სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე, ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ვუმასპინძლებთ ტექნიკური უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტს იმ მიზნით, რომ ჩვენი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გავაცნოთ. სააგენტოს გააჩნია სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე. სააგენტო მარეგულირებელი ორგანოა და დარგის მართვას, მეთოდოლოგიებსა და ძირითად პრიორიტეტებს სწორედ ის განსაზღვრავს. ამ სააგენტოშია გაერთიანებული სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მფლობელთა მონიტორინგის ფუნქციებიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ია და დარგის რეგულირების ყველა ფუნქციას სააგენტო ითავსებს. მსხვილი ლიცენზიატები ხშირად გვთხოვენ, გავუზიაროთ ინფორმაცია ახალი კადრების შესახებ. ახალი კადრების მოძიება კი, ხშირ შემთხვევაში, სააგენტოსაც უჭირს. იმის გამო, რომ გაიზარდა ჩვენი ფუნქციები, გაჩნდა საჭიროება, დარგში შემოვიყვანოთ ახალი კადრები თანამედროვე ცოდნით. სააგენტოს აქვს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც, რაც საერთაშორისო ცოდნის გაზიარებაშიც დაგვეხმარება და ვფიქრობთ, თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებაში სტუდენტებისაც გავუწევთ დახმარებას. თანამედროვე პრაქტიკის გაზიარების გარეშე შეუძლებელია იმ სიახლეების, ახალი სტანდარტებისა თუ ცოდნის ათვისება, რაც დარგში მსოფლიო მასშტაბითაა დაგროვილი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დარგი დავაახლოვოთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც კვლევითი ცენტრების გაძლიერება და მეთოდოლოგიების განახლება მოჰყვება. ამ პროცესში, ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობთ, ეს ჩარჩო შეთანხმება კონკრეტულ ქმედებებში უნდა გადავიტანოთ. უკევ მომავალ კვირას პირველი შეხვედრა გაიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტი, რომელსაც გაგიზიარებთ და უნივერსიტეტისგან ველით კონკრეტულ შენიშვნებსა და წინადადებებს. ასევე, ველით, რომ საველე პრაქტიკაზე ვუმასპინძლოთ თქვენს რამდენიმე მოტივირებულ სტუდენტს, რომელთა შერჩევა გარკვეული მკაცრი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება“, – განაცხადა ეროვნული სააგენტოს უფროსმა მაკა ზავრაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის თქმით: „რაც შეეხება ურთიერთობებს წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მთავარია, რომ სააგენტოს ზღვა მასალა გაქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ზღვა მასალაა დასამუშავებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მიმზიდველია წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა. ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკური ფორმიდან გადავიდეთ ისეთ სწავლებაზე, რაც რეალურად სჭირდება ეკონომიკურ სექტორს, ბაზარს და ა.შ. არის გამოყენებითი ტიპის უნივერსიტეტები, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბაზრის მოთხოვნებს. ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი არსით, გამოყენებითი ტიპის კვლევითი უნივერსიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრაქტიკაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და ჩვენ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვეძებოთ ახალი ნიშა, მაგალითად, სამართალში ჩვენი ნიშაა საინჟინრო სამართალი, რადგან ბაზრის მოთხოვნაა ასეთი. ჩვენ ახლა ვანვითარებთ და წლის ბოლოსთვის გვექნება პროგრამები სამშენებლო სამართალში, ენერგეტიკის სამართალში, კოსმოსურ სამართალში, ინფორმაციულ სამართალში და ა.შ. ამან გამოიწწვია ის, რომ ჩვენ დავიწყეთ დაახლოება იმ სფეროებთან, რომელთაც ეს აინტერესებს და აღმოჩნდა, რომ ბევრს აინტერესებს. იგივე ხდება წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაშიც. ის, რაც პრიორიტეტულია თქვენთვის უახლოესი 6 წლის განმავლობაში, სწორედ ის უნდა ჩაიდოს საგანმანათლებლო პროგრამებში და ბაკალავრიატის კურსი უნდა იყოს ამაზე ორიენტირებული. ეს ეხება კვლევებსაც. ამიტომ, ჩვენთვის ზეაქტუალურია პარტნიორების მოძიება, რომ მათთან ერთად შევიმუშაოთ სილაბუსები. ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურაც შეიცვლება. ფაკულტეტზე იქნება მმართველი ბორდი (საბჭო), რომელიც ფაკულტეტის ყველაზე მაღალი მმართველი ორგანოა და რომელიც იქნება პოტენციური მსხვილი დამსაქმებლებისგანაც დაკომპლექტებული და რომელიც რევიზიას გაუწევს, რამდენად სტრატეგიულია ფაკულტეტი და შეესაბამება თუ არა რეალურ მოთხოვნებს. იგივე მოხდება საუნივერსიტეტო დონეზეც, იქნება საუნივერსიტეტო ბორდი. ჩვენი სურვილია, მემორანდუმმა რეალურად იმუშაოს.
ჩატარებულია კვლევები, რაც ცხადყოფს, რომ გეოლოგიის მიმართულებით ჩვენი კურსდამთავრებულების დაახლოებით 11%-ია დასაქმებული. კვლევების თანახმად, საერთო ჯამში, სპეციალობით მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 61%, დაახლოებით 12%-ია უმუშევარი, ხოლო დანარჩენი დასაქმებულია არასპეციალობით. ეს არცთუ ცუდი მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი დასაქმება IT-ისა და სამშენებლო მიმართულებებშია, თქვენს დარგშიც დასაქმების მხრივ კარგი მაჩვენებელია და შეგვიძლია, ერთობლივი მუშაობით ეს მაჩვენებელი გავზარდოთ. თუ ზუსტად გვეცოდინება სააგენტოს მიზნები, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კოლაბორაციული პროექტი და წარვადგინოთ კონსორციუმ „ჰორიზონტ 20/20“-ზე და არსებობს კიდევ მრავალი სხვა პერსპექტივა, რაც ერთობლივ მუშაობაში, პოტენციალების გაერთიანებისას უფრო ნათლად გამოიკვეთება და შედეგსაც სასურველს მივიღებთ. რამდენადაც ვხვდები, მემორანდუმზე ხელის მოწერა უკვე შესაძლებელია… ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მადლობას გიხდით მომავალი თანამშრომლობისთვის.

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად არასწორია
შემდეგი სტატიაყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა