“ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა” – კაკულია “რუსთავი2”-ზე ზეწოლას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურებიან. მმართველ გუნდში არ იზიარებენ კომპანიის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის შეფასებას, რომ ნინო ნიჟარაძის უკან, რომელიც კომპანიასთან დავას გეგმავს, ხელისუფლება დგას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა არ ხდება და განსაკუთრებით ზეწოლა არ იგრძნობა „რუსთავი2“-ის მიმართ.

დეპუტატის თქმით, დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია და იმაზე თავისუფლადაც გამოხატავს აზრს, „ვიდრე ეს საზოგადოებას“ უნდა.

„ვერ გეტყვით, რა ვიცი „რუსთავი2“-ზე ზეწოლა იგრძნობა? თქვენი ეთერიდან მე მაგას ვერ ვგრძნობ და ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და პირველი ვიქნები იმ ადამიანთა შორის, ვინც მაქსიმალურად გააპროტესტებს თუკი რაიმე აკრძალული ხდება, ტელევიზიაზე ზეწოლა. ჩვენ რაც გვაქვს ეს გვაქვს, ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა,“-აცხადებს რომან კაკულია.

„რუსთავი 2”-ზე ხელისუფლების მორიგი თავდასხმა დაიწყო. სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

banner
წინა სტატიაშირიკოთის გვირაბში დღეიდან მოძრაობა იკრძალება
შემდეგი სტატიახელისუფლების მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2”-ზე – სამაუწყებლო კომპანიის იურისტები პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ