ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხმაურიანი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა აქტივისტები, თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა, ბსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, ნანი გვარიშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდები უნივერსიტეტის წინ პეტიციაზე — „მიეცი წამალი ბავშვებს“ — ხელმოწერებს აგროვებდნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
თაკო სურმანიძის თქმით, დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეაგროვეს, რა დროსაც შენობიდან პროფესორი მეუღლესთან ერთად გამოვიდა, მათ ყვირილი და ჭკუის სწავლება დაუწყო, გადაღების მცდელობისას კი ფიზიკურ აგრესიაზე გადავიდა:
„ეს ქალი პირდაპირ ხელში სწვდა ნონას, მას ხელიდან დააგდებინა ტელეფონი, რის გამოც ვიდეოს ჩაწერა შეწყდა. ამის შემდეგ ხელზე რამდენჯერმე დაარტყა და თან ორივეს გვლანძღავდა. შემდეგ უნივერსიტეტის დაცვას მიმართა: ვინ მისცა უფლება ენის გრძელებსო“, — აცხადებს აქტივისტი.
გავრცელებულ ვიდეომასალაში მკაფიოდ ჩანს, როგორ აგდებინებს პროფესორი აქტივისტს მობილურ ტელეფონს. თავად ნანი გვარიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ახალგაზრდები თავხედურად იქცეოდნენ: „ხუთჯერ ვთხოვე, რომ არ ჰქონდათ გადაღების უფლება. მომმართავდნენ შენობით. მე რომ მიღებ, არ უნდა მკითხო, გადამიღო თუ არა?“ — აღნიშნა პროფესორმა და სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
აქტივისტებმა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართეს.















