ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა

ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა.

ჯავახიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის და დარბევის დეტალები გაიხსენა.

ჟურნალისტის განცხადებით, ქრონიკის მთავარი გამოშვება მიყავდა, როდესაც რეჟისორმა სპეცრაზმის შეჭრის შესახებ აცნობა, წამყვანების ადგილას გიორგი თარგამაძე შევიდა და პირდაპირ ეთერში დაჯდა თავად კი საეთეროში შევიდა.

“საეთეროში სპეცრაზმელმა მომადო იარაღი და მეუბნებოდა, ხმის პულტი გამომერთო. მე ვუთხარი, რომ გამორთვა არ ვიცოდი რის, შემდეგაც ხმის პულტს ავტომატის ტარი ჩაარტყა და გატეხა. გამოგვიყვანეს, როგორც ტყვეები და ტელევიზიის პირველ სართულზე ვნახე სცენა, რომელიც მხოლოდ ფილმებში მინახავს. მძღოლები, ჟურნალისტები, ტელევიზიის თანამშრომლები მიწაზე დაწვენილი. დაწოლა აიძულეს, დიანა ტრაპაიძესაც, რომელიც 9 თვის ორსული იყო”, – განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის შენობის დატოვების შემდეგაც სპეცრაზმელები მისდევდნენ, საბოლოოდ ოჯახის წევრებმა მიაკითხეს და ავტომანქანით წაიყვანეს.

ჯავახიშვილის განცხადებით, 7 ნოემბერს წინ უძღვოდა “იმედის” ღია ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, სადაც თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა პატარკაციშვილის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. მანამდე კი გირგვლიანის, რობაქიძის შესახებ სიუჟეტები გავიდა “დროებაში”, რის შემდეგაც წინა ხელისუფლებამ “იმედს” ბოიკოტი გამოუცხადა და ამბების გაშუქება ცალმხრივად უწევდათ.

ამ წუთებში პროცესზე ტელეკომპანია “იმედის” რეჟისორი თენგიზ მეზურნიშვილი იკითხება. დღესვე სასამართლო სხდომაზე დასაკითხად გამოძახებულია ჟურნალისტი თეა სიჭინავა.

“იმედის” საქმეზე ბრალდებული არიან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიომარ ნიშნიაძე: მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა
შემდეგი სტატიაუახლოეს საათებში ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინულ მხარეს გადასცემენ