ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე საინფორმაციოს უფროსი და “ქრონიკის” პროდიუსერი დაიკითხნენ

„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?

ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე, ბრალდებულების პროცესზე, მაია თაბაგარი და ჯონი კალანდაძე დაიკითხნენ.
საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია თაბაგარმა ბადრი პატარკაციშვილის პერიოდის “იმედზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ ყოფილა, საინფორმაციო კი დაბალანსებული და ობიექტური იყო. მისივე ჩვენებით, 2006 წელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასულმა სიუჟეტმა მაშინდელი ხელისუფლების ღია ბოიკოტი გამოიწვია. ისინი თოქშოუებში სტუმრად აღარ მიდიოდნენ და ტელეკომპანიას თოქშოუების გაკეთება ცალმხრივად უწევდა. თაბაგარმა ნოემბრის აქციების გაშუქებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პროტესტს ობიექტურად აშუქებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში, მას შემდეგ რაც აქციებმა აქტუალობა დაკარგა, აქციების ტრანსლირებას უწყვეტ რაჟიმში აღარ აპირებდნენ, რომ არა რუსთაველზე 7 ნოემბრის დარბევა.
“რუსთაველზე მომუშავე ჩვენი ჟურნალისტების მხრიდან არანაირი მოწოდება არ ყოფილა. ტელეკომპანიაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებმა გაგვაცნეს სპეცრაზმელების სიტყვები, რომ რუსთაველის ეპიზოდი ჟურნალი იყო, კინო კი საღამოს იქნებოდა”,- განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, რომელმაც ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის და დარბევის დეტალებიც გაიხსენა. მისივე ჩვენებით, დარბევიდან რამდენიმე დღეში შეხვდნენ პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
“ბურჯანაძეს 8 ნოემბრის ცნობილი განცხადების გამო ვუსაყვედურეთ. როგორც მან გვითხრა, დაარწმუნეს, რომ ჟურნალისტები შეთქმულების მსხვერპლი იყვნენ. დარბევით გათიშვის წინააღმდეგი ვიყავიო ,თუ საჭირო იყო კაბელების გადაჭრა უნდა მომხდარიყოო. ახლაც მახსოვს გადაჭრის შესაბამისი ხელის მოძრაობაც გააკეთა”,- განაცხადა თაბაგარმა და აღნიშნა, რომ განახლებული იმედის მაუწყებლობა ახალი მფლობელის პირობებში შეცვლილი იყო. თვითონ და არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი კი მანამდე ახალი მფლობელის წარმომადგენელის, გიორგი ისაკაძის თხოვნის შემდეგ სამსახურიდან წავიდნენ.
“ისაკაძესთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა. მითხრა ძალიან მერიდებაო, მაგრამ ზემოდან მთხოვეს თქვენ „იმედში“ აღარ უნდა მიხვიდეთო. 2008 წელს ამ შეხვედრის შემდეგ „იმედში” აღარ მივსულვარ. ტელევიზიაში 2013 წელს დავბრუნდი”,- განაცხადა თაბაგარმა.
„ქრონიკის“ პროდიუსერის ჯონი კალანდაძის ჩვენებით ფიზიკურ ანგარიშსწორებას 7 ნოემბერს იმის გამო გადაურჩა, რომ მისი მეუღლე დიანა ტრაპაიძე 9 თვის ორსული იყო.
“აშკარა იყო დიანას მდგომარეობა და სპეცრაზმელებს მისთვის ძირს დაწოლა არ უბრძანებია, სხვებისგან განსხვავებით. ჩემზე უთხრეს, რომ მეუღლე ვიყავი და უფლება მოეცათ გამეყვანა. ამტვრევდნენ ხელკეტებით მონიტორებს, ჭრიდნენ კაბელებს, აზიანებდნენ ტექნიკას”,-განაცხადა კალანდაძემ.
პროცესი 4 ივლისს ბრალდების მოწმეების, კვლავ ტელევიზიის თანამშრომლების დაკითხვით გაგრძელდება. საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: მთავრობამ უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა უვიზო მიმოსვლის საკითხი
შემდეგი სტატიასერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა