ტელეკომპანია “იბერიამ” არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. დამოუკიდებელი არხი ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.

ტელეკომპანია იბერიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია, რადგან არხი, ფაქტობრივად, მაუწყებლობას წყვეტს.

არხზე შეჩერებულია ყველა საინფორმაციო და საავტორო გადაცემა, ეთერში აღარ გადის თოქ-შოუები. ფინანსური კრიზისის შედეგად, იბერიას არსებობის ელემენტარული წყაროც აღარ დარჩა.

იბერიაში ამბობენ, რომ ტელეკომპანია იძულებული იყო, გაჩერებულიყო, ვინაიდან მათ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო – ომეგა ჯგუფს შეუქმნეს პრობლემები და ეს იყო პირდაპირი ზეწოლა ტელეკომპანიაზე.

პარლამენტის წევრი, ომეგა ჯგუფის და ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე, ამბობს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის შეწყვეტა არც ხელისუფლებისთვის იქნება სიკეთის მომტანი.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.

„იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა იბერიაც და ომეგა ჯგუფიც. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეეწყვიტა.

„ახლა რაც ხდება ტელეკომპანია იბერიაში, რომ ვერ გავა პოლიტიკური თოქ-შოუები, საინფორმაციო გამოშვება, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებიდან 12 დღით ადრე შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა,“ – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიMicrosoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ალენი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საკითხის ერთობლივ გადაწყვეტას სთავაზობს