აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა ჯერ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების აზრი გაიგოს, – ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა პირობა დადო, რომ ინდივიდუალურად გაესაუბრება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ვიდრე სამშვიდობო გეგმას დაასრულებენ.
როგორც ირკვევა, კელოგი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპელ დიპლომატებთან მოლაპარაკებების დროს მოისმენს მოსაზრებებს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფორმაზე და რა წვლილი უნდა შეიტანონ მთავრობებმა ამ პროცესში.
„ტელეგრაფი“ წერს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან და პრეზიდენტებთან. ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ნაწილს კელოგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს.
წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის მიხედვით, საუბარია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე მის იშვიათ მინერალებზე წვდომის სანაცვლოდ. ხოლო კელოგმა ევროპელებს დაუდასტურა აშშ-ის სურვილი, გააძლიეროს უკრაინის პოზიცია რუსეთთან ნებისმიერ სამომავლო მოლაპარაკებებში.