telegram-მა წაშალა რუსული არხი ВЧК-ОГПУ, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. არხი ანონიმური იყო და სახელი გაითქვა რუსეთის მაღალჩინოსნებსა და ძალოვნებზე გავრცელებული კომპრომატებით. არხის ავტორები აცხადებენ, რომ “ტელეგრამის” ხელმძღვანელობამ არხის აშლა რუსეთის პროკურატურისა და “როსკომნადზორის” მოთხოვნით გადაწყვიტა.
ეს ტელეგრამ არხი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის ზაფხულში “უცხო აგენტად” აღიარა იმის გამო რომ თითქოს “აქვეყნებდა გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი გადაწყვეტილებების შესახებ”.
არხის შემქმნელთა თქმით, დაიხურა ასევე რამდენიმე ტელეგრამ-არხი, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული, ხოლო გამოთავისუფლებული ბმულები მაშინვე აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში, რაც “ტელეგრამისა” და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე მიუთითებს.