ტელებლოკადის გარღვევა და სააკაშვილის პიარი უკრაინაში

მიხელ სააკაშვილმა მოახერხა გაერღვია ის სატელევიზიო ბლოკადა, რომელიც პოროშენკოს ხელისუფლებამ მას, ოპოზიციაში გადასვლის შემდგომ, უკრაინაში არაოფიციალურად დაუწესა.

როგორც ცნობილია, უკრაინის ტელეარხების მნიშვნელოვან ნაწილს, პოროშენკო და მასთან დაახლოებული ოლიგარქები ფლობენ, რის გამოც ოპოზიციაში გადასულ სააკაშვილს, ამ არხებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა.

ტელეარხები ,,ZIK,, და ,,News One,, იყვნენ ის ტელევიზიები, რომლებიც სააკაშვილს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მუდმი
ვად უთმობდნენ ეთერს, ახლა კი, როდესაც სააკაშვილმა და ,,ახალ ძალთა გაერთიანებამ,, ორი სასამართლო პროცესი მოიგო და ოფიციალურად დარეგისტრირდა საპარლამენტო არჩევნებში, ამ ტელეარხებს სხვებიც დაემატნენ და მათ შორის ისინიც, ვის უკანაც ოლიგარქები დგანან.

გასული ერთი კვირის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი 9 უკრაინული ტელეარხის ყველაზე მნიშვნელოვანი თოქშოუს პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, რომელთაგან 6 ცენტრალური ტელეარხია, 2 – რეგიონალური და 1 ინტერნეტ ტელევიზია… რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილი უკრაინაში უკვე ისეთი მოთხოვნადი რესპოდენტი გახდა, რომ ის პოროშენკოს საკუთრებაში მყოფი ,,მეხუთე არხის,, პოპულარულ თოქ-შოუშიც კი მიიწვიეს სასაუბროდ. ძნელი სათქმელია რამდენად დაეხმარება სააკაშვილს და მის პარტიას, სატელევიზიო ბლოკადის გარღვევა – საარჩევნო ბარიერის დაძლევაში, გამომდინარე იქედან, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა… მითუმეტეს, უცნობია სააკაშვილის პარტიის რეიტინგი, რადგან ეს პარტია სულ ცოტა ხნის უკან, საერთოდ არ მოიაზრებოდა საარჩევნო სუბიექტად და არც ერთ ოფიციალურ კვლევაში არავის შეუტანია. რაც შეეხება ,,ახალ ძალთა გაერთიანების,, საარჩევნო პიარს, ის, როგორც სააკაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის,, პოლიტიკურ გარიჟრაზე საქართველოში ხდებოდა, კორუმპირებული ჩინოვნიკების დაპატიმრებაზე და უკრაინის ხელისუფლების კორუფციიდან გაწმენდაზეა აგებული.

სააკაშვილს მკაცრად ანტიკორუფციული და ანტიოლიგარქული ნიშა უჭირავს უკრაინის ამჟამინდელ პოლიტიკურ განლეგაბაში. ,,ანტიკორუფციული სპეცნაზი,, ასე უწოდებს სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ გუნდს, სადაც მხოლოდ ერთი ქართველი, სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და უკრაინის ყოფილი გენპროკურორის მოადგილე – დავით საყვარელიძეა წარმოდგენილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე ათეულობით უკრაინელთან ერთად. 2002-2003 წლებში, საქართველოში განხორციელებული პიარის მსგავსად, სადაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს აშენებულ ციხეს – საარჩევნო კლიპში იყენებდა, უკრაინელი ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ კლიპშიც, სააკაშვილმა უკრაინული ციხიდან მიმართა ამომრჩევლებს და დაპირდა, რომ ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც ხალხის ფულს წლების განმავლობაში იპარავდა, ამ ციხის საკნებში დაიდებენ ბინას.

უკრაინელი პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ სააკშვილის პოლიტიკური გუნდს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს და საარჩევნო ბატალიები, სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკურ პროცესებში ლეგიტიმაციის დასაფიქსირებლად და მომდევნო ბრძოლებისათვის პლაცდარმად სჭირდება. მათი აზრით, უკრაინელი ამომრჩეველი განსხვავებული ემოციური მუხტის მატარებელია, ვიდრე თავად სააკაშვილი, რაც მის წარმატებაზე ამ არჩევნებში – დადებითად ვერ იმოქმედებს… ხოლო მეორე, უფრო მცირე ნაწილი პოლიტიკური მიმომხილველებისა, აცხადებენ, რომ სააკაშვილს შეუძლია სასწაული მოახდინოს დროის მცირე მონაკვეთში და საკუთარი გამოცდილების, ხედვების და დაპირებების ხარჯზე, მხარდამჭერების იმ რაოდენობას მოუყაროს თავი, რაც ბარიერის გადასალახად საკმარისი იქნება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან ლგბტ თემის დროშით დრონმა გადაიფრინა
შემდეგი სტატიარუსთაველზე, პარლამენტის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა