ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი – „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე იყოს მზად

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე იყოს მზად, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ყველა მსოფლიო ლიდერს სოლიდარობისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინის თანაბარი განაწილება, როდესაც ის ხელმისაწვდომი იქნება.

„ჩვენ დაგვჭირდება ვაქცინები და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვაქცინა“, – განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის გლობალური პროგრამის „კოვაქსის“ ფარგლებში ცხრა ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა და 2021 წლამდე იგეგმება ვაქცინის ორი მილიარდი დოზის დისტრიბუცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის აშშ, კორონავირუსის პანდემიის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო ინფორმირების გამო.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავითავისეთ ნამდვილი გაკვეთილი, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ მსგავსი რამ თავიდან ავიცილოთ. თუმცა, მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, ისწავლოს და შეცვალოს ეს ორგანიზაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა