თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმართა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანის ინიციატივას საკანონდებლო ცვლილებები დასჭირდება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პირველ რიგში, იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ნუსხა უნდა შედგეს, რომელშიც პრეზიდენტიის იდეის შედეგად ცვლილებები შევა.

წულუკიანმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური დისკრეციაა მიანიჭოს ან არ მიანიჭოს პირს საქართველოს მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე შექმნილი შერეული კომისია სწორედ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობს, რაც იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პატიმართა შეწყალების საკითხზე დაახლოებით იგივე მოდელის კონცეფცია შემოგვთავაზა. ჩვენ ამჟამად ამ კონცეფციას ვსწავლობთ, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სახით წარმოგვედგინა. ვფიქრობთ, რომ თუკი ეს მართლაც მოხდება, ეს რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. მე დღეს არ მაქვს მზა პასუხი, მოესწრება თუ არა ცვლილებების განხორციელება ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ თუკი კომისიას შევინარჩუნებთ – ესეც არ არის ჯერ ცნობილი – ისეთი კომისია მივიღოთ, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტდება. კომისიაში საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოცმუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა. ამჟამად ამ თემებზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

banner
წინა სტატიაშიფოთში სამლოცველოს შესაწირი ყუთებიდან თანხა მოიპარეს
შემდეგი სტატიასამი წინაპირობა, რომლის შესრულებასაც მამუკა ხაზარაძისგან წერილით ითხოვდნენ