თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
Bpn.ge-ს ინფორმაციით, საუბარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაზე, რომელშიც წინადადებების მიღების დასრულების თავდაპირველ თარიღად 6 აგვისტო იყო განსაზღვრული.
ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტებზე საერთაშორისო ტენდერები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 19 ივნისს გამოაცხადა.
შეგახსენებთ, მე-4 ლოტი მოიცავს დაახლოებით, 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. რაც შეეხება მე-5 ლოტს, სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს.
აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.
სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს
აღნიშნული მონაკვეთები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება. ორივე ლოტის ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური – რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს.
ახალი ხიდები და 3-ზოლიანი გზა – როგორი იქნება აეროპორტი–რუსთავის მონაკვეთი
რაც შეეხება კონკრეტულად მე-4 და მე-5 ლოტებს, ის ლოჭინიდან რუსთავამდე გრძელდება. კერძოდ:
მე-4 ლოტის საერთო სიგრძე დაახლოებით, 8.7 კმ-ია. გზის ნაწილი აეროპორტიდან ლოჭინამდე გაფართოვდება 3+3 ზოლამდე, ხოლო დანარჩენი მონაკვეთი ორმხრივი მაგისტრალი იქნება. პროექტის მიხედვით, გზაზე გადაადგილების სიჩქარე 120 კმ/სთ-ს მიაღწევს.
თბილისის შემოვლითი გზის ყველაზე სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს მე-5 ლოტი, რომელიც დედაქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ურბანული ტერიტორიის გარშემო გაივლის.
მისი სიგრძე დაახლოებით 10.2 კილომეტრია და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა უზრუნველყოს რუსთავისა და თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს შორის სწრაფი კავშირი. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, სადაც მოეწყობა ორმხრივი, ორზოლიანი (თითოეული 3.75 მეტრი) ავტომაგისტრალი. გზის საპროექტო სიჩქარედ 120 კმ/სთ-ია განსაზღვრული.
აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 3 ორმაგ ხიდს (თითო მიმართულებისთვის) და 3 ერთმაგ ხიდს მეორეხარისხოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე (გადასასვლელები). პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 მრავალდონიანი გზაგამყოფი კვანძის მოწყობა.
შეგახსენებთ, თბილისის შემოვლითი გზის მესამე ლოტის – ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მასში მონაწილეობა 8 კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა.
ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვან ნაწილს. ის ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას. თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური – რუსთავი) ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტი შემდეგ ტერიტორიებს მოიცავს: ნატახტარი (წიწამური)-ავჭალის მონაკვეთი; ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი; აეროპორტი-ლოჭინის უბნის მონაკვეთი; ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი.














