TBC-ის კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია -DENTONS-ის კველვა

TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით, BMG-იმ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dentons-ის სამართლებრივი შეფასება მოიპოვა. Dentons-ის ქართული წარმომადგენლობის დასკვნის მიხედვით, TBC-ის მიერ 2008 წელს გაცემული სესხები არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ქვეყანაში მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან.

Dentons-ის დასკვნის მიხედვით:

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული სამართლებრივი კვლევის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ 2008 წელს “თიბისი ბანკის” მიერ შპს “სამგორი M”-სა და შპს “სამგორი თრეიდზე” სესხების გაცემის შედეგად არ მომხდარა შესაბამის პერიოდში მოქმედი ინტერესთა კონფლიქტის დებულების დარღვევა და ამ ტრანზაქციების შედეგად არ დარღვეულა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი.”

ეროვნული ბანკის შეფასებით კი, ეს ტრანზაქციები ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის გამოც სებ-მა TBC 1 მილიონი ლარით დააჯარიმა, ხელმოწერის უფლება გაუყინა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და 2 თვის ვადაში მათ გათავისუფლებას ითხოვს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათ კანონის არცერთი მოთხოვნა არ დაუღვევიათ, ხოლო აღნიშნული თანხა კი ისევე ბანკის განვითარებას მოხმარდა – კონკრეტულად კი მისი ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკში, ნაწილით კი თიბისის კაპიტალი შეივსო.

“ძალიან მარტივია, ამაზე რომ დასრულდეს დისკუსია, 17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ გადარიცხულ იქნა მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს თქვენ თქვით ასე,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსოფლიო ბანკში BMG-ის განუცხადეს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაზე (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაშია და საფინანსო სექტორთან მუშაობს.

IFC-ის წარმომადგენელმა კი BMG-ის განუცხადა – “IFC უფლებამოსილი არ არის კომენტარი გააკეთოს მიმდინარე გამოძიებაზე. გთხოვთ, შეკითხვებით შესაბამის ორგანოებს მიმართოთ.”

“ორკესტრირებული თავდასხმა TBC ბანკზე, რომლის მიზანიც ბანკის ხელში ჩაგდების სურვილია – ის, რაც მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე საჯაროდ არ ახსენა, პირდაპირ თქვა TBC-ის თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილში.

ელექტრონული შეტყობინებაში მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბანკთან ერთად ანაკლიის პორტის განხორციელებასაც აყენებს ზიანს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ირწმუნება, რომ მიმდინარე პროცესი ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენას ვერ მოახდენს. როგორც ცნობილია, პროექტის პირველი ფაზის განხორციელების დასაფინანსებლად საერთაშორისო დონორებმა მზადყოფნა სულ რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს. მთლიანობაში პროექტისთვის $600 მილიონია მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ საქმეში გაუსწრო
შემდეგი სტატიასაუბარია სახელმწიფო, ან საპატრიარქო გადატრიალებაზე, ანდა მორალურ-ზნეობრივ საკითხზე – მეუფე ანტონის სკანდალური განცხადება