“TBC ბანკის ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარებას გეგმავს” – ფადი ასლი

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ TBC ბანკზე თავდასხმის საბოლოო მიზანს, ფულადი მაქინაციების მეშვეობით, საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარება წარმოადგენს.

ფადი ასლის თქმით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია საერთაშოროსო წყაროებიდან მიიღეს.

“ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს “თიბისი ბანკი” და ანაკლიის პორტი. მას ამ მიზნის მიღწევა არა ბანკის ყიდვით, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორებით უნდა. ბანკის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, მას უნდა რომ ის მასთან დაახლოებულ პირებს გადასცეს მართვაში. ამ მიზნის მისაღწევად ის საქართველოს ეროვნულ ბანკს იყენებს. რა ინფორმაციაც მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანს საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარება წარმოადგენს, რათა მათ “თიბისი ბანკის” გამოყენებით და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების გვერდის ავლით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ.

რაც შეეხება პორტს, იმ მძიმე ბრალდებებით, რომლებიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გააჟღერა, ივანიშვილი ცდილობს, დააზიანოს მათი რეპუტაცია, რათა საერთაშორისო დონორებმა პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვან. მათ მიერ უარის თქმის შემდგომ კი, პროექტის განვითარება შეჩერდება. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა კომპანიას შეახსენებს, რომ მათ სახელმწიფოს ვალდებულებებიც აქვთ, რომელსაც ვეღარ ასრულებენ. საბოლოოდ ივანიშვილი გეგმავს, რომ შეჩერებული პროექტი თავად ჩაიგდოს ხელში”, – ამბობს ფადი ასლი.

დღესვე ICC-იმ TBC ბანკზე სახელმწიფოს ზეწოლა დაგმო და მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მასზე ზეწოლის შეჩერებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია.

ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ.

ICC Georgia აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბევრი კითხვის ნიშანია კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – კილაძე ბესელიას ინიცირებულ კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაეს არის მარაზმი – შაშკინი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს