ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა – პარლამენტის კომიტეტებში რეზოლუციის პროექტების განხილვას იწყებენ

პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მომზადებულ რეზოლუციის განხილვას იწყებს.
ბიუროს სხდომაზე ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა. ერთსა და იმავე საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორი განსხვავებული შინაარსის დოკუმენტი აქვს მომზადებული.
რეზოლუციები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითხოვს. დოკუმენტებს დღეს კომიტეტებში განიხილავენ.
„ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, სადაც გაკეთებულია მწვავე შეფასება, როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს გვექნება კომიტეტის ფარგლებში განხილვები, შემდეგ უკვე სესიის ფარგლებში და ეს ის საკითხია, რაზეც ვფიქრობთ, რომ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ვიქნებით კონსოლიდირებულები,“-განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშიქარიშხალი და ძლიერი წვიმა გურიაში – ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილს დღეს დაკრძალავენ