“დღეს ტელეკომპანიებზე – „იმედი“ და „POSTV“ – დაწესებული სანქციები არის მკაფიო პასუხი პროპაგანდასა და დეზინფორმაციას”,_ აღნიშნული განცხადება პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა გააკეთა.
“არსებული რეჟიმის მთავარი საყრდენი კორუფცია, ძალადობა და პროპაგანდაა. სწორედ ამ გავლენის შესაზღუდად განხორციელდა ბრიტანული სანქციების დაწესება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ოცნების“ ქმედებები საერთაშორისო დონეზე დანახულია და ობიექტურად შეფასებული.
წინასაარჩევნო პერიოდში ეს ტელეკომპანიები იქცნენ შიშის დათესვისა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტად.
ორივე არხი ჩართულია გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაყალბებასა და ფაქტების დამახინჯებაში.
ეს ტელევიზიები ფარავენ მოძალადეებს და ამართლებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
წლების განმავლობაში ისინი იქცნენ “ოცნების” ხელში ინსტრუმენტად, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ის იყენებს ჰიბრიდულ ომში.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ ერთ დროს მართლაც ობიექტური და მებრძოლი ტელეკომპანია, დღეს ასეთ მდგომარეობაშია, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამო. იმ “იმედისგან” დღეს აღარაფერი დარჩა”,_ აცხადებს ხვედელიანი.


















