პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური აუდიტორი გიორგი გაბიტაშვილი მწვავედ გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საერთოდ არ ჩანს იქ, სადაც მოქალაქეები ყველაზე დიდ კორუფციულ რისკებს ხედავენ, თავად გაბიტაშვილს კი, როგორც ყოფილ პროკურორს, ელიტური კორუფციის მხილების მორალური ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ხვედელიანმა აღნიშნა, რომ გაბიტაშვილი წლების განმავლობაში პროკურატურაში ყოფნისას ხელს აფარებდა ოთარ ფარცხალაძის გავლენებს, „ქოლ-ცენტრებსა“ და სისტემურ დანაშაულს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გენერალურ აუდიტორს ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო კორუფციულ ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდა:
„რატომ ვერ მოახერხეთ და რამ შეგიშალათ ხელი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კორუფცია გამოგევლინათ?! სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრაქტიკულად არ ჩანს იქ, სადაც მოქალაქეები ყველაზე დიდ კორუფციულ რისკებს ხედავენ. წლებია არსებობს კითხვები მუნიციპალურ შესყიდვებთან, სატენდერო პრაქტიკასთან და მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით… თქვენ, საერთაშორისოდ დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ!“ — განაცხადა ტატა ხვედელიანმა.















