ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს

ტარიელ ფოცხვერია

პატიმრობაში მყოფი ტარიელ ფოხვერიას მეუღლე ირინა ასათიანი საზოგადოებას და ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს. ირინა ასათიანი აცხადებს, რომ მისი მეუღლე უმძიმესი სენით არის დააავადბეული და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ ოთხკაციან კომისიას კანონით გათვალისწინებული პროცედურის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში და არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას, გათავისუფლების შეფერხებაში ადანაშაულებს.

”სხვა გზა აღარ მაქვს, ამ ღია წერილით იქნებ როგორმე გავაგებინო საზოგადოებას და ქვეყნის პირველ პირებს იმის შესახებ, თუ როგორ კლავს თავისი უმოქმედობით, უპასუხისმგებლობითა და სამსახურებრივი გულგრილობით ოთხი ქართველი ჩინოვნიკი: ზაზა სოფრომაძე, ეკა ადამია, თამთა დემურიშვილი და ვინმე დევდარიანი უმძიმესი სენით დაავადებულ პატიმარს, ჩემს მეუღლეს, ტარიელ ფოცხვერიას.

დიახ, მე, საქართველოს მოქალაქე, ირინა ასათიანი, ბრალს ვდებ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ ოთხკაციან კომისიას, ზაზა სოფრომაძის ხელმძღვანელობით, რომ ისინი მიზანმიმართულად აჭიანურებენ კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და აფერხებენ ყველა არსებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, ტარიელ ფოცხვერიას, გათავისუფლებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტარიელ ფოცხვერიას მიმართ არ ხორციელდება კანონით დადგენილი და გარანტირებული ნორმების აღსრულება, პირიქით, სახეზეა დისკრიმინაცია და საჯარო მოხელეთა მხრიდან განზრახ, გულგრილობით მისი სიცოცხლის ხელყოფა.

კომისიის წევრებს დღესდღეობით მაგიდაზე უდევთ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის – მაია ნიკოლეიშვილის და ასევე – თავად მათივე მოთხოვნით ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ უდაოდ დადასტურებულია ის გარემოება, რომ ტარიელ ფოცხვერია არის კრიტიკულად მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფი, ინკურაბელურია და მიეკუთვნება მძიმე ავადმყოფთა მე-4 კლინიკურ ჯგუფს.

კომისია კი უკვე მეორე თვეა, არ ასრულებს თავის ვალდებულებას და არ ატარებს სხდომას, რომ მიიღოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, ასეთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ.

2013 წლის 22 ოქტომბრიდან ტარიელ ფოცხვერია უმძიმესი მდგომარეობით გადმოყვანილია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან და დღემდე იმყოფება თბილისის შპს ,,ონკოლოგიის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის’’ კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში. მისი მკურნალი ექიმია ლევან ბახტაძე.

მას დადგენილი აქვს დიაგნოზი: ხორხის კიბო Cr (C32) pT3N1MO III (მესამე) სტადია, IV (მეოთხე) კლინიკური ჯგუფი – ჰისტომორფოლოგიური დასკვნით დადგინდა – ხორხის დაბალდიფერენცირებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (C3). ძირითადმა დაავადებამ სამწუხაროდ განიცადა პროგრესირება, კერძოდ, მეტასტაზები არის ორივე ფილტვსა და შუასაყარში. ექიმების მიერ 2013 წლიდან ანუ მეტასტაზური კვანძების პირველი გამოვლენიდან, უარი ითქვა ქიმიოთერაპიულ მკურნალობაზე, ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები ,,B,, ,,C’’ ,,D’’- დელტა ჰეპატიტების სახით და ღვიძლის ფიბროზი ფიბროსკანით F3. აქვს ღვიძლის ციროზი და მეტასტაზები ღვიძლშიც.

2016 წლის 7 იანვარიდან ტარიელ ფოცხვერიას დაეწყო აქტიური სისხლდენა ფილტვში არსებული მეტასტაზური კვანძიდან, ალისფერი სისხლი და სისხლის კოლტები 10მლ ოდენობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე გახდა. მიუხედავად ექიმების გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ გრძელდება სისხლდენა, პარალელურად, მატულობს რისკი სიმსივნური პათოლოგიით პროვოცირებული თრომბოზის, რომლის პრევენცია შეუძლებელია;
2016 წლის იანვარში ჩატარებული კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ამ უმძიმესი ავადმყოფის სისხლდენის დროებითი შეჩერება და დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, არის ბრონქიალური არტერიის ემბიოლიზაცია. ეს მანიპულაცია კი, სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება.

მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა, არაერთი სასამართლო სხდომისა, კომისიისადმი არაერთი სასამართლო დავალებისა, სადაც ვითხოვდით კანონის მიხედვით ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებას, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ყველა სამართლებრივ მექანიზმს იყენებდა იმისათვის, რომ ტარიელ ფოცხვერიას საკითხის განხილვა (მისი სასჯელისგან გათავისუფლება მძიმე ავადმყოფობის გამო) მაქსიმლაურად შორს გადაეწია და ხშირ შემთხვევაში იყენებდა აპრობირებულ ტაქტიკას – დუმილს. დუმილს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა პაციენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ. ჩვენს მსგავსად,კომისიამ დუმილით ,,უპასუხა’’ საქართველოს სახალხო დამცველის კითხვებსაც, რისთვისაც სახალხო დამცველს კომისიის თავმჯდომარის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის მიმართ დასჭირდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება, სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე.

კომისიის პოზიცია ტარიელის საკითხზე, მათი 2015 წლის საოქმო განჩინებით, რომლის არსებობაც ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, გახლდათ იმ პერიოდისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩაუტარებლობა. ვინაიდან ისინი არ ენდობოდნენ არც დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას და არც არსებულ დოკუმენტებსა თუ პაციენტის მდგომარეობას, შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს ტარიელის მიმართ დაინიშნა სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მომაკვდავი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზის ჩატარებას ჩვენს ქვეყანაში არა აქვს ვადები და როგორც იქნა, საბოლოოდ, დასკვნა სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გავიდა 2016 წლის 1 აპრილს.

მას შემდეგ უკვე გავიდა თვენახევარი და კომისია კვლავ არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, არ ტარდება კომისიის სხდომა სხვადასხვა აბსურდული მიზეზით, რაც სამართლებრივად სამსახურეობრივ გულგრილობას წარმოადგენს საჯარო მოხელეთა მხრიდან.

პირველი აპრილის მერე ადვოკატები ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს აკითხავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ზაზა სოფრომაძეს, თუ როდის განიხილება ეს საკითხი, მაგრამ კომისის წევრებს ხან არ ცალიათ, ხან ავად არიან, ხან მივლინებაში არიან … ჩვენ უკვე პროკურატურაშიც შეტანილი გვაქვს საჩივარი და ჯანდაცვის მინისტრის სახელზეც გაგზავნილია წერილი, მაგრამ ყოველი მხრიდან სამარისებული დუმილია ჯერჯერობით.
ტარიელის მდგომარეობა უკვე ისეთი დამძიმებულია, რომ ფილტვიდან სისხლდენის შეჩერებას ე.წ. ტრომბირების მანიპულაციებით ძლივს ახერხებენ ექიმები ყოველდღიურად. კომისიის წარმომადგენლებმაც იციან ეს ყველაფერი და თანაგრძნობის მაგიერ, ცინიკურად გამოხატავენ გაოცებას, ამდენ ხანს ცოცხალი როგორ არისო..

დიახ, იციან, რომ თუ არ გაათავისუფლებენ, პატიმარი სისხლდენით უეჭველი დაიღუპება, რადგანაც ვერ მოხერხდება თურქეთის კლინიკაში გადაყვანა ფილტვის ემბიოლიზაციის გასაკეთებლად, რომ მისი სიცოცხლის ხარისხი დროებით მაინც გაუმჯობესდეს და ადამიანი საკუთარ სისხლში არ დაიხრჩოს… იციან და იმდენად დაცლილნი არიან თავად ჰუმანურობისა და ადამიანური ფასეულობებისგან, რომ შეგნებულად აჯანჯლებენ სხდომის ჩატარებას და მომაკვდავი პატიმრის გათავისუფლებაზე ხელმოწერას. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჩასაფრებული არიან, ელოდებიან, როდის მოკვდება, რომ იმ დღეს დაწერონ დასკვნა გათავისუფლებაზე.

ცინიზმის მწვერვალი და ყველაზე ამაზრზენი კიდევ იცით, რა არის მათი მხრიდან? სისხლდენა რომ ატყდება და ექიმები ტარიელის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მოდის მათი უსაფრთხოების სამსახური და სვავები რომ ყარაულობენ ხოლმე მომაკვდავ ცხოველებს და ელოდებიან, როდის მოკვდებაო, აი, ესე დასრიალებენ ესენიც აქ…

სიკვდილის პირასაა ადამიანი, 24 საათს ლოცვებში ატარებს, რწმენით იხანგრძლივებს სიცოცხლეს და მოძღვარს რომ ეზიარებინა, ამისთვისაც კი პატრიარქის შეწუხება დამჭირდა. მოძღვარსაც კი არ უშვებდნენ მასთან, ვიდრე პატრიარქი არ ჩაერია… ორწელიწადნახევარში მხოლოდ ერთხელ მისცეს შვილების და ოჯახის ნახვის უფლება, ისიც რამდენიმე წუთით. თან ცინიკურად გვწერენ, რომ უმძიმეს ავადმყოფთან 30 წუთზე მეტხანს გაჩერება მიზანშეწონილი არააო.. მთელი დღე სპეცნაზისა და ბადრაგის ლამის მთელი ბრიგადა რომ მის პალატაშია, ესაა მიზანშეწონილი უმძიმესი ავადმყოფისთვის?

ეს კომისია კი რაც უფრო გააჭიანურებს ამ საქმეს, მით უფრო ჩაეფლობა სისხლიან ჭაობში. ნუთუ, არ შეუძლიათ, რომ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ თავი პატიმრის ადგილზე? მით უფრო, ბატონი ზაზა სოფრომაძის გამკვირვებია, რომელიც ექიმია და რომელსაც თავადაც აქვს ნაწვნევი ციხის ცხოვრება. მათი მხრიდან ეს არის ავადმყოფი პატიმრის მიზანმიმართული მკვლელობა.

მე ამ ხალხს ვადანაშაულებ ჩემი მეუღლის მიზანმიმართულ მკვლელობაში, მკვლელობამდე მიყვანაში, რაც ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვა რა დავარქვა სახელმწიფო მოხელეების ასეთ ქმედებებს, თუ არა – მკვლელობა? უფრო მეტიც – შეკვეთილი მკვლელობა!
ნუთუ, სიკვდილით დასჯის მუხლის გაუქმება, კანონში ჰუმანური ჩანაწერები და დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ფარსია და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს ისევე არა აქვს ფასი ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს იყო თუნდაც ავადსახსენებელ 1937-ში?

ასეთი უკანონობით, ალბათ, რამდენი პატიმარი დახოცილა დღემდე, რამდენი ადამიანი მომკვდარა ამ დასკვნის მოლოდინში, თავისუფლების ფარატინა ფურცლის მოლოდინში, მაგრამ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა უმოქმედობის შედეგადაც ასეთი „გაუხმაურებელი მკვლელობები“ მომხდარა, როგორც ჩანს, ყოველთვის შერჩათ ეს სამარცხვინო დანაშაული.

მაგრამ მე ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს. ილოცონ, რომ ტარიელ ფოცხვერია აქედან ცოცხალი გავიყვანო, ილოცონ, თორემ… ახლა ვერ მივაღწევ სამართალს? ხვალ, ზეგ, აუცილებლად იქნება საქართველოში ის მთავრობა, რომ სამართლიანობა აღდგეს და იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობა მიიღეს ჩემი მეუღლის სიკვდილის დაჩქარებაში, ყველამ პასუხი აგოს.

თუმცა მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ უფალი არ კლავს და მისი მადლით ცოცხალია ჩემი მეუღლე, კიდევ ერთხელ გევედრებით ყველას, რომ დამეხმარეთ, ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას ჰუმანური სახელმწიფოს კანონები და მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის გულგრილობის მსხვერპლად ნუ აქცევს ადამიანისთვის უზენაესის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს.

აქვე კიდევ ერთხელ მივმართავ კომისიის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს და კომისიის დანარჩენ სამ წევრს: ეკა ადამიას, თამთა დემურიშვილს და ვინმე დევდარიანს (მისი სახელი არ მახსოვს):

მე ზუსტად არ ვიცი, თქვენს ტვინში რა იხარშება, რატომ გაურბიხართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, რისი გეშინიათ, ვინმეს შეკვეთას ასრულებთ თუ ეს მხოლოდ თქვენი სამოქალაქო გულგრილობაა, მაგრამ ერთის თქმა ზუსტად შემიძლია: ეს ადამიანი, ტარიელ ფოცხვერია, არც მანამდე ყოფილა ქვეყნისთვის საშიში და მითუმეტეს, – არც ახლა არის.

ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით, ნუ გაისვრით ხელებს ჩემი მეუღლის სისხლში, შეასრულეთ თქვენი სახელმწიფოებრივი მოვალეობა, სასწრაფოდ შეიკრიბეთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომაკვდავი პატიმარი კანონის მიხედვით გაათავისუფლოთ, რათა დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება მოხერხდეს და მან ასეთი წამებით არ დატოვოს ეს წუთისოფელი“ ,- ნათქვამია ირინა ასათიანის წერილში.

ტარიელ ფოცხვერია სასჯელს ე.წ.კანონიერი ქურდობის ბრალდებით იხდის.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალი წევრი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წარადგინა
შემდეგი სტატიაგურიაში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს