ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ტარიელ ფოცხვერია

ტარიელ ფოცხვერიაე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, – ამის შესახებ ფოცხვერიას ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული.
მსჯავრდებულის დამცველები ფოცხვერიას გათავისუფლებას ითხოვენ, სასიკვდილო შედეგის შემთხვევაში კი – პასუხისმგებლობას აკისრებენ შესაბამის პირებს.
“სამწუხაროდ, ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 იანვრისათვის კიდევ უფრო დამძიმდა და დღესაც იგივე მდგომარეობაა, კერძოდ, ლიმფური კვანძებისა და ფილტვების მეტასტაზური დაზიანების შედეგად მარჯვენა ფილტვიდან სისხლდენის ინტენსივობამ იმატა. სამწუხაროდ, პაციენტის საერთო მდგომარეობიდან და თანმხლები დაავადებიდან გამომდინარე, მისთვის კონსერვატიული მკურნალობა ვერ ტარდება, შესაბამისად, არსებობს ლეტალური გამოსავლის უაღრესად დიდი რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ექიმთა კონსილიუმი, რომელიც გაიმართება დღეს, 16:00 საათზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს შექმნილ დამძიმებულ ვითარებაზე, კონსილიუმის ჩატარებას ხელს არ შეუშლის და ექიმებს მიეცემათ საშუალება შეასრულონ საკუთარი პროფესიული ვალდებულება”, – აღნიშნულია ადვოკატების განცხადებაში.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამინისტროს მიერ 2015 წლის 11 დეკემბერს ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დანიშნულ ექსპერტიზაზე, რომლის პასუხი დღემდე არაა, უმოკლეს ვადაში დაიდება ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნა.
“ექსპერტიზა გაჭიანურდა და იმედია, აღნიშნული არ ხდება ხელოვნურად, დროის გაყვანის მიზნით. ლეტალური (სასიკვდილო) შედეგის დადგომის შემთხვევაში დანიშნულ ექსპერტიზასაც აზრი ნამდვილად ეკარგება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, რომლის უმოქმედობამაც შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები”, – აღნიშნულია ადვოკატების განცხადებაში.
ტარიელ ფოცხვერია სასჯელს ბოლო ორი წელია, მარდალეიშვილის სახელობის კლინიკაში იხდის. მას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ფოცხვერია კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 2012 წლის ამნისტიის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, 12 დღეში კლინიკაში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ხელისუფლებას, სახელმწიფოს ამოცანად აქვს დასახული ნატო-ს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა
შემდეგი სტატიაუხვი ნალექის გამო სამეგრელოში 18 საცხოვრებელი სახლი დაინგრა