ტარიელ ნაკაიძე: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავად არ შეუწყოს ხელი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ თავად არ შეუწყოს ხელი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას და მუსლიმებს მისცეს საკუთარი წინამძღვრის არჩევის, მეჩეთის თავისუფალ გარემოში აშენებისა და ისლამის სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, – ასე გამოეხმაურა რელიგიური ორგანიზაციის “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებას.
როგორც ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, მუსლიმების უფლებების დარღევევების სერიოზული შემთხვევების გასაჯაროება და მათზე დისკუსია არ შეიძლება საჯარო მოხელის მიერ განხილულ იქნას, როგორც სიტუაციის ესკალაციის საფრთხე. მისივე განმარტებით, ზაზა ვაშაყმაძე გვერდს უვლის მუსლიმი თემის წინაშე მდგარი პრობლემების საჯარო განხილვას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურს ამ პრობლემების მოგვარება.
“მსურს გამოვეხმაურო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ბატონ ზაზა ვაშაყმაძის განცხადებას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა კავშირისა” და მისი ხელმძღვანელის დისკრიმინაციას ახდენს და მას ბრალს სდებს რადიკალიზაციის წახალისებაში. მუსლიმი თემის წინაშე მდგარი მწვავე გამოწვევების, მათ შორის, მუსლიმების უფლებების დარღევევების სერიოზული შემთხვევების გასაჯაროება და მათზე დისკუსია არ შეიძლება საჯარო მოხელის მიერ განხილულ იქნას, როგორც სიტუაციის ესკალაციის საფრთხე. მსგავსი შეფასება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმაა და აქტიური და კრიტიკული ორგანიზაციების საქმიანობის მარგინალიზების მცდელობად შეიძლება შეფადეს. რაც შეეხება ზაზა ვაშაყმაძის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ შეფასებებს, ჩვენი ორგანიზაციის შეფასებით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის 85 მეჩეთის გადაცემის პოლიტიკა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მეჩეთები სამმართველოს დროებით სარგებლობის უფლებით გადაეცა და არა საკუთრების უფლებით. სახელმწიფომ რეალურად მუსლიმ თემს წაართვა 85 მეჩეთი, რადგან ისინი გადასცა მისივე დაფუძნებულ და კონტოლის ქვეშ მყოფ სამმართველოს, რომლის დამფუძნებლები, ადმინისტრაცია და პოლიტიკა მუსლიმი თემის უმრავლესობისთვის მისაღები არ არის. სამწუხაროა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი შეგნებულად გვერდს უვლის მუსლიმი თემის წინაშე მდგარი პრობლემების საჯარო განხილვას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურს მისი მოგვარება. გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და მუსლიმი თემი სწორედ მის განვითარებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად”, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
როგორც ცნობილია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე სააგენტოს მიმართ გამოთქმულ ბოლოდროინდელ ბრალდებებს გამოეხმაურა. როგორც ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რელიგიური ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის მხრიდან კეთდება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები. მისივე თქმით, ისმის ბრალდებები, “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული ვიდეო თითქოსდა რელიგიის სააგენტოს არასათანადოდ განხორციელებულ სამუშაოს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უკრაინით დაღლილ “ევროპელ მშიშრებზე” ისაუბრა
შემდეგი სტატიალავროვმა სირიაში ტერორიზმის აღმოფხვრის მეთოდი მოიფიქრა