ტარიელ ნაკაიძე: ძალიან ცივილურად და კარგი ფორმით დავშორდით ერთმანეთს

პარლამენტში მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ყოფნა, რომელიც უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დააყენებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანებას, ნაკაიძემ უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რომელიმე ფრაქციასთან თუ პარტიასთან ურთიერთობა, თუ ეს მისი, როგორც დეპუტატის მოვალეობის უკეთესად შესასრულებლად იქნება საჭირო.

„პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს „ბეგრაუნდს“ წარმოადგენს, განსაკუთრებით რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით. პირადად მე ვყოფილვარ სხვადასხვა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ყოფნა, რომელიც ამ თემას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დააყენებს საკითხებად და შეეცდება მისი მოგვარების გზების პოვნას.

ჩემმა გადაწყვეტილებამ პარტიიდან წამოსვლა განაპირობა. ძალიან ცივილურად და კარგი ფორმით დავშორდით ერთმანეთს. ვეცდები, მაქსიმალურად ვიყო ის, რისთვისაც ზოგადად, გადავწყვიტე პოლიტიკაში წამოსვლა.

ამ ეტაპისთვის არ ვფიქრობ რაიმე ფრაქციაში გაერთიანებას. რომელიმე ფრაქციასთან ან პარტიასთან ჩემი ურთიერთობა იქნება მხოლოდ იმ მიზეზიდან გამომდინარე, თუ

მე მივხვდები, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი შანსი მექნება საპარლამენტო მანდატის განხორციელებისთვის. ამ შემთხვევაში მივიღებ ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან ურთიერთობის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და ჩემი გეგმების შესახებ დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ“, – განაცხადა ნაკაიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს
შემდეგი სტატიაჯაღმაიძე: დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული