ტაქსის მძღოლები საპროტესტო მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიდიან

ტაქსის მძღოლები საპროტესტო მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიდიან. ისინი მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებით მიღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ, რომ მათ ეს რეგულაციები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს შესთავაზებს, მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან.

კალაძის თქმით, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი ღირებულების შემცირების გამო.

ტაბულა დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებიც მძღოლებს ავტომობილისთვის ფირის გადაკვრას სთავაზობენ. როგორც განგვიცხადეს, ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ფირის ხარისხსა და მანქანის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთ მსგავს კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ “ტოიოტა პრიუსისთვის” ფირის გადაკვრა 1200 ლარამდე დაჯდება. იგივე ავტომობილისთვის მოდელისთვის, ზოგი კომპანია 1200 დოლარს მოითხოვს.

განსხვავებით თეთრად შეღებვისგან, ფირის გადაკვრას ნაკლები დრო დასჭირდება. თუ გადაღებვის გამო მძღოლი დაახლოებით ათი დღის მანძილზე მანქანის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებოდა, ფირის გადაკვრას 2-3 დღე დასჭირდება. თუმცა, ზოგიერთი კომპანიისთვის სამუშაოს შესრულებას 5-7 დღეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ტაქსის მძღოლები ამბობდნენ, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ იქნებოდა და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუხდებოდათ. როგორც აღმოჩნდა ვაუჩერი არც ფირების გადასაკრავად არის საკმარისი.

banner
წინა სტატიაშიბრალდებულმა 51 “კუსაჩკა” და 5 მაგნიტი გადაყლაპა
შემდეგი სტატიასოლიდარობის ნიშნად, ტაქსის მძღოლების აქცია თელავშიც გაიმართა