ტაქსის მძღოლები – ყველა პოლიტიკურ პარტიას ვთხოვთ, თავი შეიკავონ მძღოლებთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებში ჩარევისგან

ტაქსის მძღოლებმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთეს, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართეს.

მათი თქმით, გარკვეული პირები ცუდად იყენებენ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელს და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განმარტეს, მერიასთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, დედაქალაქის მთავრობა ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებზეც მსჯელობა კვლავ გრძელდება.

„შეიქმნა ე.წ საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დავალებით. ყველას მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მერიასთან, რიგ საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებას, მოლაპარაკებები გრძელდება, ეს მუშა პროცესია. ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ და გვაქვს ამაზე საუბარი მერიასთან. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა” იქნება, „ლეიბორისტული პარტია” თუ ნებისმიერი სხვა, ვთხოვთ, თავი შეიკავონ მძღოლებთან სოციალურ საკითხებში ჩარევისგან.

ასევე, მოვუწოდებთ ახლადშექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. ნუ მისცემთ საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ მართონ მძღოლები. ჩვენ, მძღოლები ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა მოწესრიგდეს დედაქალაქში ტრანსპორტი”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვალერი ქადაგიშვილმა.

ტაქსის მძღოლები 18 აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, განაცხადეს, მერიასთან რომ გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ასევე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.

ამასთან, მოგვიანებით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აპირებენ თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაში26 მაისს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება-შსს-ს განცხადება
შემდეგი სტატიაეკა შონია – ნინო ლომჯარიას გვარამიას დაცვა ამჯერად თავად გვარამიასგან მოუწევს