27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ტამიში 1993 — 33 წლის შემდეგ

1993 წლის 2 ივლისს, დილის 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის შემადგენლობა დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, ხოლო ოპერაციას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნველყოფდა.

გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა დანაყოფებმა მიიღეს. საზღვაო დესანტის პარალელურად გააქტიურდნენ აფხაზური შეიარაღებული ფორმირებებიც. ჩრდილოეთის მიმართულებიდან შეტევაზე გადავიდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც შინაგანი ჯარების პოზიციებს შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთ-ერთ პოზიციაზე მყოფი ქართველი სამხედროები სრულად დაიღუპნენ. პირველი მძიმე დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, სადაც 52 ქართველი მებრძოლი დაეცა. რამდენიმე დღიანი ბრძოლების განმავლობაში ქართულმა მხარემ დაახლოებით 300 მებრძოლი დაკარგა.

მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ქართველმა სამხედროებმა შეძლეს საზღვაო დესანტის მოგერიება, პოზიციების შენარჩუნება და დესანტის განადგურება.

მიუხედავად სერიოზული მსხვერპლისა, საბრძოლო თვალსაზრისით ქართველ სამხედროებს სტრატეგიული ზონა არ დაუთმიათ. ყველაზე დიდი დანაკარგი, სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად, „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადეს.

დესანტი ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკით არ მოქმედებდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს შორის დაღუპულთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

აფხაზურ მხარეს ტამიშის დესანტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო ოპერაციად მიაჩნია.ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, რომელმაც რამდენიმე დღით სოხუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. ამავე პერიოდში მთავარი შეტევა სოხუმის მიმართულებით განხორციელდა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სოფელი შრომა იყო, რომელიც სოხუმზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე მდებარეობს.

ივლისის ოპერაციის შედეგად სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს სოხუმის აღება, თუმცა მათ ხელში აღმოჩნდა სტრატეგიული სიმაღლეები გუმისთის ფრონტზე: სოფელი ახალშენი, კამანი და შრომა.

banner
წინა სტატიაში2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
შემდეგი სტატიაკიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია