ტაიფუნ „ნარას მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმებმა, წყალდიდობებმა და მეწყრებმა ჩრდილოეთ ვიეტნამი და ჩინეთის სამხრეთი რეგიონი დააზარალა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობასა და სატრანსპორტო მიმოსვლას.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის (CCTV) ცნობით, მდინარეებში წყლის დონის კრიტიკულ ზღვრამდე მატების გამო ხელისუფლებამ 54 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, ხოლო ათასობით მოქალაქე დროებით თავშესაფრებში განათავსა. სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქი ჩონგზუო, სადაც წყალმა გზები და საცხოვრებელი შენობები დატბორა.
ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად მცირეწლოვანი 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 300-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ადგილის დატოვება დასჭირდა. უხვმა ნალექმა დატბორა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ჰალონგის ყურის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ტურიზმი და თევზჭერა დროებით შეჩერდა. სტიქიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 55 000-მდე ოჯახი, ხოლო 10 000 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ნათესები განადგურდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი ხმელეთზე გადასვლას აღარ აპირებს, თუმცა ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში თავსხმა წვიმები და უხვი ნალექი კვლავ შენარჩუნდება.
















