“თაიმერის” სპეციალური რეპორტაჟი-ქართველი ჯარისკაცები ევროპაში ნატოს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობენ

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს. მასში პოლონელი, ამერიკელი, გერმანელი, ინგლისელი და სხვა 21 ქვეყნის ნატოს და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოდან ჯარისკაცები მონაწილეობენ – სულ 31 ათასი. წვრთნები 10 დღიანია და 7 და 8 ივნისს პოლონეთში გაიმართა.
ვარშავაში ევროპის საელჩოს სამხედრო ატაშემ განაცხადა, რომ წვრთნების თემა რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაა.
ნატოს წვრთნებს “ანაკონდა-2016” ქვია და კრემლმა მასზე უკვე გამოთქვა საკუთარი კრიტიკული მოსაზრება.

ფაშისტური გერმანიის 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ გერმანელმა ჯარისკაცებმა პირველად გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი – წერს “გარდიანი”.

პოლონეთში წვრთნების პირველ დღეს დავალება მდგომარეობდა წინასწარ აღნიშნული რაიონების დაკავებაში გამანადგურებლებიდან CASA C-295M, C-17A Globemaster III და C-130 Hercules-იდან პარაშუტებით გადმოხტომის შემდეგ. თვითმფრინავებიდან ჩამოუშვეს ასევე სამხედრო ტექნიკის გარკვეული ნაწილი.
დღეს, წვრთნების მეორე დღეს, დავალება უფრო რთული იყო – ნატოს ჯარებს 540 მეტრის სიგრძის ხიდი უნდა აეღოთ, სადაც უკვე დისლოცირებული იყო 2 000 პოლონელი სამხედრო პირი.

წვრთნებზე დასწრება და თვალყურის დევნა შეეძლო ნებისმიერ მსურველს.

“ამ ხნის ქალი ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს. იცით რამდენი ადამიანი იყო ცაში პარაშუტებით? ვერ დაითვლიდით. ძალიან ლამაზი იყო” – ამბობს “თაიმერთან” საუბარში ადგილობრივი მარტა კ.
პოლონურმა პრორუსულმა მედიამ გაავრცელა, რომ ხალხი წვრთნების გამო შეშინებული იყო.
“ჩვენ მართლაც დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ყველა იმას ამბობს, რომ რუსეთისგან მოსალოდნელია აგრესია. თუკი ვინმე იქნება რუსეთის მორიგი მსხვერპლი, ეს იქნება პოლონეთი. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლონეთს არაფერს ერჩის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რუსეთი აგრესორია და ამას სიამაყით ასრულებს. ეს წვრთნები, ამდენი ჯარისკაცი არსად მინახავს, ალბათ, ფილმების მასობრივ სცენებშიც. სულ სხვა ძალა მომეცა, არ დაიჯერებთ” – ამბობს პაველ რუშკევიჩი “თაიმერთან” საუბარში, რომელიც პოლონური ქალაქ ტორუნის მკვიდრია, სადაც წვრთნები გაიმართა.

წვრთნებში ნატოს წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ. პოლონური მედიის ცნობით, “ანაკონდა-2016”-ში 120 ქართველი მონაწილეობდა.
გუშინ ევროპაში აშშ-ს ჯარების მეთაურმა, გენერალმა ჰოჯესმა შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან სამხედრო საკითხებში თანამშრომლობა, განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც “ეს ქვეყანა მხოლოდ ძალას სცემს პატივს”, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, აფხაზეთსა და სახრეთ ოსეთში, რუსეთს დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცი ყავს განთავსებული, ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიებს აღიარებს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილს, მან ასევე აღნიშნა 20 ათასი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთმა ყირიმში შეიყვანა – პოლონური tvn24.pl ავრცელებს.

ნატოს ევროპაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები ბალტიისპირეთში გაგრძელდება.

გამოყენებულია პოლონური მედიის ფოტოები

სპეციალურად “თაიმერისთვის”ეკატერინე ლემონჯავა
პოლონეთი, ტორუნი.

 

banner
წინა სტატიაშიკიევში გეი-აღლუმის მონაწილეებს სამარათონო ტანსაცმელი შესთავაზეს
შემდეგი სტატიაისანში მკვლელობის ფაქტი გახსნილია