ტაილანდის ოპოზიციამ უარი თქვა პრინცესის პოლიტიკაში ჩართვაზე

ტაილანდის ოპოზიციამ უარი თქვა პრინცესა უბოლ რატანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წამოყენებაზე. ეს გადაწყვეტილება მეფის მხრიდან მკაცრი კრიტიკის შემდეგ მიიღეს, რომელმაც განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერონ.
გუშინ გავრცელდა, რომ ტაილანდის მეფის დამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკაში ჩაერთო – “ბიბისიმ” დაწერა. 67 წლის უბოლ რატანს “ტაილანდელი პატრიოტების პარტიადან” უნდა ეყარა კენჭი. მისი გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც პოლიტიკაში არ ერევიან. ტაილანდში არჩევნები 24 მარტს არის დაგეგმილი. მას მსოფლიოში ბევრი ადევნებს თვალყურს – ამ არჩევნებით ქვეყანას შანსი უჩნდება სამხედრო მმართველობის შემდეგ დემოკარტიულ რეჟიმს დაუბრუნდეს.

პრინცესა 1951 წელს დაიბადა. ის გარდაცვლილი მეფის პხუმიპონ ადულადეტისა და დედოფალ სირიკიტის შვილია. 1972 წელს მან უარი თქვა ტიტულზე და ამერიკის მოქალაქეს გაყვა ცოლად. ქორწილის შემდეგ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ქმართან გაყრის შემდეგ, 1998 წელს უბოლ რატანა სამშობლოში დაბრუნდა და სამეფო ოჯახის ცხოვრებაში ჩაერთო ისევ. პრინცესას სამი შვილი ყავს. ერთი მათგანი, ხუან ბზუმი ჯენსენი, ინდოეთის ოკეანეში ცუნამის დროს დაიღუპა 2004 წელს. მას აუტიზმი ჰქონდა. სიკვდილის შემდეგ პრინცესამ საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხმარება.

ტაილანდში სამეფო ოჯახი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას თითქმის არასდროს აკრიტიკებენ.

banner
წინა სტატიაშირომში მთავრობის წინააღმდეგ 200 000 ადამიანი გამოვიდა 
შემდეგი სტატიატუნისში ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს